გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 11:24: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 11:24

მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,

კორინთელთა მიმართ ა 11:24 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 11:24

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “(ვინაიდან, როდესაც ქრისტე ამაზე საუბრობდა, თვით სიტყვებმაც კი მრავალი აცდუნა). მაშასადამე, რათა მოწაფეები მაშინაც არ შეძრწუნებულიყვნენ, მან პირველმა აღასრულა ეს, უბიძგებდა მათ, რომ საიდუმლოთა ზიარებას შეძრწუნების გარეშე მიახლებოდნენ. ამ მიზნით სვამდა თვითონ საკუთარ სისხლს.”

    მთელი განმარტება

    რატომ აღასრულა ქრისტემ ეს საიდუმლო პასექის ჟამს? იმისთვის, რომ შენ ყოველივეთი შეიცნო, რომ ის არის ძველი აღთქმის კანონმდებელი და რომ ამ აღთქმაში დაწერილი ახალი აღთქმის მოვლენების წინასახეა. ამიტომაც ქრისტე სახესთან ერთად ჭეშმარიტებასაც გვიცხადებს.

    საღამო კი ჟამთა სისრულის ნიშანი იყო და იმის, რომ საქმეები დასასრულს უახლოვდებოდა. მაცხოვარი მადლს სწირავს, გვასწავლის, თუ როგორ უნდა აღვასრულოთ ეს საიდუმლო. გვიჩვენებს, რომ საკუთარი ნებით მიდის ვნებაზე. გვარიგებს, რომ ტანჯვა მადლიერებით გადავიტანოთ და კეთილი იმედები აღგვიძრას. თუკი ხატება ასეთი დიდი მონობისგან განთავისუფლება იყო, მით უფრო ჭეშმარიტება გაათავისუფლებს სამყაროს და თავს გასწირავს ჩვენი ბუნების გადასარჩენად.

    აი, რატომ არ დააწესა ქრისტემ საიდუმლო მანამდე, არამედ მაშინ, როდესაც კანონით დადგენილი უნდა გაუქმებულიყო. იგი აუქმებს იუდეველთა უმთავრეს დღესასწაულს და სხვა, საშინელ სერობაზე იწვევს მათ: “მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, თქვენთვის გატეხილი”.

    როგორ არ შეძრწუნდნენ მოწაფეები ამის გაგონებაზე? იმიტომ, რომ ქრისტეს მანამდეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა ნათქვამი მათთვის ამ საიდუმლოს შესახებ. ამიტომ ახლა აღარც არიგებს ამასთან დაკავშირებით, რადგან საკმარისად ჰქონდათ მოსმენილი, არამედ მხოლოდ ტანჯვის მიზეზს უჩვენებს, ესე იგი, ცოდვების მიტევებას.

    ახალი აღთქმის სისხლს უწოდებს, ესე იგი, აღთქმას, ახალი კანონის გამოცხადებას. ეს უწინაც იყო აღთქმული და ახალ აღთქმას შეადგენს. როგორც ძველ აღთქმას ჰყავდა კრავები და ხარები, ასევე ახალს აქვს უფლის სისხლი. ამით ქრისტე იმასაც გვიჩვენებს, რომ სიკვდილს დაითმენს, რადგან აღთქმას ახსენებს და თან პირველსაც იხსენებს, ვინაიდან ეს აღთქმაც სისხლით განახლდა.

    შემდეგ კვლავ თავისი სიკვდილის მიზეზზე საუბრობს: “თქვენთვის და მრავალთათვის დაღვრილი ცოდვების მისატევებლად” და დასძენს: “ეს ჩემს მოსაგონებლად აღასრულეთ”. ხედავთ, როგორ გადაგვახვევს და განგვაშორებს ქრისტე იუდეველთა ჩვეულებებს? როგორც პასექს აღასრულებდით, ამბობს ის, ეგვიპტეში მომხდარი სასწაულების მოსაგონებლად, ასევე ეს საიდუმლოც ჩემს მოსაგონებლად აღასრულეთ. ძველი აღთქმის სისხლი პირმშოთა გადასარჩენად იღვრებოდა, ეს სისხლი კი მთელი მსოფლიოს ცოდვების მისატევებლად იღვრება: “ეს არის ჩემი სისხლი, ამბობს ის, ცოდვების მისატევებლად დაღვრილი”.

    ეს იმიტომაც თქვა, რომ ეჩვენებინა, ტანჯვა და ჯვარი საიდუმლოა და ამით კვლავ ანუგეშა მოწაფეები. როგორც მოსემ თქვა: “ეს იყოს თქვენთვის სამახსოვროდ მარადიულად” (გამოს. 3:15), ასევე ქრისტე ამბობს: “ჩემს მოსაგონებლად”, ჩემს მოსვლამდე. ამიტომაც ამბობს კიდევ: “ძალიან მსურდა ამ პასექის ჭამა თქვენთან ერთად” (ლუკ. 22:15), ესე იგი, ახალი დაწესებულებები გადმოგცეთ და პასექი გიბოძოთ, რათა მისი მეშვეობით სულიერნი გაგხადოთ.

    თვითონაც სვამდა თასიდან, რათა მოწაფეებს ამის გაგონებაზე არ ეთქვათ: რა არის ეს, სისხლს ვსვამთ და ხორცს ვჭამთ? და ამით არ შეძრწუნებულიყვნენ. (ვინაიდან, როდესაც ქრისტე ამაზე საუბრობდა, თვით სიტყვებმაც კი მრავალი აცდუნა). მაშასადამე, რათა მოწაფეები მაშინაც არ შეძრწუნებულიყვნენ, მან პირველმა აღასრულა ეს, უბიძგებდა მათ, რომ საიდუმლოთა ზიარებას შეძრწუნების გარეშე მიახლებოდნენ. ამ მიზნით სვამდა თვითონ საკუთარ სისხლს.

    რა? არ უნდა აღვასრულოთ, იტყვი შენ, არც ძველი და არც ახალი საიდუმლო? არავითარ შემთხვევაში. ქრისტემ იმიტომ თქვა: “ეს აღასრულეთ”, რომ ძველისგან გადავეხვიოთ. თუ ახალი საიდუმლო ცოდვების მიტევებას გვაძლევს, და ის ჭეშმარიტად გვაძლევს, მაშინ ძველი უკვე ზედმეტია. ამიტომ, როგორც იუდეველებთან იყო, ასევე აქაც ქრისტემ საიდუმლოსთან ერთად ქველმოქმედების მოგონება შეაერთა და ამით ერეტიკოსებს პირი დაუკეტა. როდესაც ისინი ამბობენ: საიდან არის ცნობილი, რომ ქრისტემ თავი მსხვერპლად შესწირა? მაშინ ჩვენ, სხვა მოწმობების გარდა, მათ პირს თვით საიდუმლოებებით ვუკეტავთ. თუ იესო არ მომკვდარა, მაშ, რისი სიმბოლოა საიდუმლოებები?

  2. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  6. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  7. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 11:24 კონტექსტში

11:22ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

11:23რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,

11:24მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,

11:25ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.

11:26ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 11:24

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 11

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში