გადასვლა შინაარსზე

ნეშტთა შორისა ბ 14

1განისვენა აბიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.

2ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა. კეთილად და სწორად იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

3მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები.

4უბრძანა იუდას გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები.

5მოშალა იუდას ყველა ქალაქში გორაკები და მზის სვეტები. მოისვენა სამეფომ მის წინაშე.

6ააგო იუდაში ციხე-ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი არ ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა.

7უთხრა იუდას: ავაშენოთ ეს ქალაქები და გალავანნი, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ღმერთი ჩვენი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა. დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ.

8ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.

9წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასი ათასიანი ჯარით, სამასი ეტლით და მერეშას მოადგა.

10გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ. საბრძოლველად დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას მახლობლად.

11შეჰღაღადა ასამ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობიღ:ნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლოს კაცმა!

12შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.

13გაედევნა ასა და ხალხი, მასთან რომ იყო, გერარამდე. დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი,

14აიკლეს გერარის ქალაქები ირგვლივ, რადგან უფლის შიში იყო დაცემული მათზე. გაძარცვეს ყველა ქალაქი, რადგან იქ ბევრი იყო საძარცვი.

15აიკლეს საქონლის არვები, უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

საქართველოს საპატრიარქო