
მოციქულთა საქმენი 1:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.
მოციქულთა საქმენი 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მაისი, 2027, წმინდა აღდგომა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 1:5
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘და ელოდეთ მამის აღთქმას, რომლის შესახებაც გსმენიათ ჩემგან’, ბრძანა უფალმა და დასძინა: ‘რამეთუ იოანე ნათელს სცემდა წყლით, ხოლო თქვენ მცირედთა ამათ დღეთა შემდგომად ნათელს იღებთ სულითა წმიდითა’. აჰა, აქ უკვე ნათლად წარმოაჩინა განსხვავება საკუთარ თავსა და იოანეს შორის და არა ისე ბუნდოვნად, როგორც უწინ.”
მთელი განმარტება
“და ელოდეთ მამის აღთქმას, რომლის შესახებაც გსმენიათ ჩემგან”, ბრძანა უფალმა და დასძინა: “რამეთუ იოანე ნათელს სცემდა წყლით, ხოლო თქვენ მცირედთა ამათ დღეთა შემდგომად ნათელს იღებთ სულითა წმიდითა”. აჰა, აქ უკვე ნათლად წარმოაჩინა განსხვავება საკუთარ თავსა და იოანეს შორის და არა ისე ბუნდოვნად, როგორც უწინ.
მანამდე უფალი იესო ფრიად იფარავდა სიტყვას თვისს, როცა ბრძანა: “უმცირესი ცათა სასუფეველსა შინა უმეტეს არს მისა” (მათ. 11:11), ახლა კი გაცილებით ცხადად ამბობს: “იოანე ნათელს სცემდა წყლით, ხოლო თქვენ ნათელს იღებთ სულითა წმიდითა”. აღარ მოჰყავს იოანეს სიტყვები, არამედ მხოლოდ მის სახელს ახსენებს და ამით შეახსენებს მათ იოანეს მიერ თქმულს, უჩვენებს, რომ ისინი უკვე იოანეზე აღმატებულნი გახდნენ, ვინაიდან თავადაც სულიწმიდით უნდა ნათელსცემდნენ.
“მე კი არ გეტყვით, რომ მე ნათელს გაძლევთ სულიწმიდით, არამედ: “ნათელს იღებთ”, გვასწავლის თავმდაბლობას უფალი. ხოლო ის, რომ სწორედ ქრისტე ნათელსცემდა, ცხადი იყო იოანეს სიტყვებიდან: “იგი ნათელს გცემს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” (ლუკ. 3:16), ამიტომაც მოიხსენია ქრისტემ მხოლოდ იოანე.
სახარებანი მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ რა თქვა და რა გააკეთა ქრისტემ, ხოლო საქმე მოციქულთა, იმის შესახებ, თუ რა თქვა და რა გააკეთა სხვა ნუგეშინისმცემელმა, სულიწმიდამ. ცხადია, სულიწმიდა მანამდეც მრავალს მოქმედებდა, მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე მოქმედებს ახლაც და მოქმედებდა უწინაც, მაგრამ უწინ, ტაძრის მეშვეობით, ახლა კი, მოციქულთა მეშვეობით. მაშინ შევიდა ქალწულის საშოში და შექმნა მასში ტაძარი, ახლა კი, მოციქულთა სულებში; მაშინ (გადმოვიდა) სახითა ტრედისათა, ახლა კი, სახითა ცეცხლისათა. რატომ ასე? იქ თვინიერებას აჩვენებდა, აქ კი, სიმკაცრეს და დროულად შეახსენებდა სამსჯავროს. როდესაც ცოდვების მიტევება იყო საჭირო, დიადი თვინიერება იყო საჭირო, ხოლო როგორც კი ეს ნიჭი მივიღეთ, დადგა სამსჯავროსა და გამოცდის ჟამი.
მაგრამ რატომ ამბობს ქრისტე: “ნათელს იღებთ”, როდესაც სერობაში წყალი არ იყო? იმიტომ, რომ ნათლისღებაში უმთავრესი სულია, რომლის მეშვეობითაც წყალი მოქმედებს. მსგავსად ამისა, თვით ქრისტეზეც ნათქვამია, რომ იგი იყო ცხებული, თუმცა არასოდეს უცხიათ ზეთი, არამედ მიიღო სულიწმიდა. თუმცა, შეიძლება ვიპოვოთ, რომ ისინი ნათელღებულნი იყვნენ წყლითაც და სხვადასხვა დროს. ჩვენთან ეს ორივე (ნათლისღება, ანუ წყლითა და სულით) ერთად ხდება, მაშინ კი, ცალ-ცალკე. დასაწყისში ისინი იოანესგან მოინათლნენ და ეს გასაკვირი არ არის. თუ მეძავები და მებაჟეები მიდიოდნენ იმ ნათლისღებაზე, მით უფრო მივიდოდნენ ისინი, რომელთაც ამის შემდეგ სულიწმიდით უნდა მონათლულიყვნენ.
შემდეგ, რათა მათ არ ეთქვათ: “ეს ჯერ კიდევ მხოლოდ აღთქმაა”, ვინაიდან მანამდეც ბევრს ლაპარაკობდა ამის შესახებ. Რათა არ ეფიქრათ, რომ ეს ქმედება განუხორციელებელია, უფალი მათ ამგვარი ვარაუდისგან იცავს სიტყვებით: “მცირედთა ამათ დღეთა შემდგომად”. როდის ზუსტად, ეს არ გამოუცხადებია, რათა ისინი ყოველთვის ფხიზლობდნენ; თქვა, რომ მალე იქნება, რათა არ მოდუნებულიყვნენ, თუმცა არც ის დაუმატებია, როდის ზუსტად, რათა ყოველთვის ყოფილიყვნენ ფხიზლად. და არა მარტო ამით არწმუნებს მათ, ანუ არა მარტო დროის სიმცირით, არამედ სიტყვებითაც: “რომლის შესახებაც გსმენიათ ჩემგან” (საქ. 1:4). მისი სიტყვები ნიშნავს: ახლა კი არ გეუბნებით ამას, არამედ მანამდეც დაგპირდით ამას და აუცილებლად აღვასრულებ. მაშ, რატომ გაკვირვებს ის, რომ მას არ უთქვამს აღსასრულის დღე, როდესაც ამ დღის გამოცხადებაც კი არ ისურვა, რომელიც ასე ახლოს იყო? და ეს სრულიად ბუნებრივია, რათა ისინი ყოველთვის ფხიზლობდნენ, ელოდნენ და ზრუნავდნენ.
კირილე იერუსალიმელი4 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 1:5 კონტექსტში
1:3და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.
1:4შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.
1:5ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.
1:6შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
1:7და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 1:5
- მათეს სახარება 3:11მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.
- მოციქულთა საქმენი 11:15ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
- მოციქულთა საქმენი 11:16მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.
- ლუკას სახარება 3:16მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.
- კორინთელთა მიმართ ა 12:13რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.
- ტიტეს მიმართ 3:5მან გვიხსნა არა ჩვენ მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
- მარკოზის სახარება 1:8მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.
- მოციქულთა საქმენი 2:1ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 1
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



