გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

მოციქულთა საქმენი 15:39: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

მოციქულთა საქმენი 15:39

ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.

მოციქულთა საქმენი 15:39 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 5 ივნისი, 2027, შაბათი: აღდგომის 5 კვირა (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 15:39

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “წმინდა ლუკამ გამოგვიხატა სხვა მოციქულთა ზნეობანიც და გვიჩვენა, რომ ერთი მათგანი უფრო რბილი და შემწყნარებელი იყო, მეორე კი, უფრო მკაცრი. ნიჭები სხვადასხვაგვარია და ესეც, მოგეხსენებათ, ნიჭია. ერთგვარი ზნეობის მქონე ადამიანებთან ერთი რამ არის საჭირო, მეორესთან, სხვა, ისე რომ, მათი შეცვლა უსარგებლო გახდება. როგორც ჩანს, პავლესა და ბარნაბას შორის გარკვეული უთანხმოება მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის განგებით ხდება, რათა თითოეულმა მათგანმა თავისი შესაფერისი ადგილი დაიკავოს.”

    მთელი განმარტება

    წმინდა ლუკამ გამოგვიხატა სხვა მოციქულთა ზნეობანიც და გვიჩვენა, რომ ერთი მათგანი უფრო რბილი და შემწყნარებელი იყო, მეორე კი, უფრო მკაცრი. ნიჭები სხვადასხვაგვარია და ესეც, მოგეხსენებათ, ნიჭია. ერთგვარი ზნეობის მქონე ადამიანებთან ერთი რამ არის საჭირო, მეორესთან, სხვა, ისე რომ, მათი შეცვლა უსარგებლო გახდება. როგორც ჩანს, პავლესა და ბარნაბას შორის გარკვეული უთანხმოება მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის განგებით ხდება, რათა თითოეულმა მათგანმა თავისი შესაფერისი ადგილი დაიკავოს.

    მეორე მხრივ, საჭიროა, რომ ყველა თანაბარ პატივში არ იყოს, არამედ ერთი მთავრობდეს, მეორე კი ემორჩილებოდეს და ესეც ღვთის განგებით ხდება. ამასთან, კვიპროსელებს არაფერი ისეთი არ გამოუჩენიათ, რაც ანტიოქიაში მყოფთ და სხვებს ჰქონდათ. ზოგისთვის რბილი გული იყო საჭირო, ზოგისთვის კი, პირიქით. წინასწარმეტყველებშიც ვხედავთ სხვადასხვა ხასიათსა და ზნეს: მაგალითად, ელია მკაცრია, მოსე კი, თვინიერი. აქაც პავლე უფრო მტკიცეა, მაგრამ ამასთან, მის თვინიერებასაც დააკვირდი. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რაიმე ბოროტება არ მომხდარა, რითაც საკმარისნი გახდნენ ყველა წარმართისთვის, არამედ, დიდი სიკეთე. მეორეც, ეს რომ არ მომხდარიყო, ისინი ადვილად ვერ გაბედავდნენ ერთმანეთისგან გამოყოფას.

    უმჯობესია გაოცდე იმით, რომ მწერალს ეს არ დაუმალავს. იტყვი: თუ დაშორება იყო საჭირო, კამათის გარეშეც შეიძლებოდა? მაგრამ აქ განსაკუთრებით გამოვლინდა მათი ადამიანური ბუნება. თუ ეს ქრისტეში უნდა მომხდარიყო, მით უმეტეს, მათში. მეორე მხრივ, დავა საძრახისი არ იქნებოდა, თითოეული ასეთ საკითხებზე და ასეთი სამართლიანობით რომ კამათობდეს. თუ რომელიმე მათგანი საკუთარი სარგებლისა და პატივის მოხვეჭას ცდილობდა, ეს ნამდვილად დასაგმობი იქნებოდა. თუ თითოეული მათგანი სწავლებასა და დარიგებას ცდილობს, ერთი ერთი გზით მიდის, მეორე, მეორე გზით, რა არის აქ საძრახისი? ბევრ რამეს ისინი ადამიანური განსჯითაც აკეთებდნენ: ისინი ხომ ქვები ან ხეები არ იყვნენ. პავლე უკმაყოფილებას გამოთქვამს მარკოზის მიმართ, მაგრამ მიზეზსაც ასახელებს. იგი პატივს სცემდა ბარნაბას მისი დიდი თავმდაბლობისთვის, იმისთვის, რომ იგი მასთან იყო და მასთან იზიარებდა ამდენ შრომას, მაგრამ პატივს არ სცემდა ისე, რომ მოვალეობა დაევიწყებინა.

    ვინ ურჩევდა უკეთესს, ჩვენი საქმე არ არის გამოვიკვლიოთ. ყოველ შემთხვევაში, დიდებული იყო ღვთის განგება, რომ ზოგიერთ მორწმუნეს მათი მეორედ მონახულება უნდა ღირსებოდა, ზოგს კი, არც ერთი. ანტიოქიაში ისინი უბრალოდ კი არ იმყოფებოდნენ, არამედ ასწავლიდნენ. რას ასწავლიდნენ? რას ქადაგებდნენ? ის, რაც საჭირო იყო როგორც მორწმუნეებისთვის, ისე ჯერ კიდევ ურწმუნოებისთვის. ბევრი საცდური იყო და ამიტომ მათი ყოფნა აუცილებელი იყო. რაც შეეხება მათ დავას, ყურადღება უნდა მიექცეს არა იმას, რაშიც არ ეთანხმებოდნენ, არამედ იმას, რაშიც შეთანხმდნენ ერთმანეთში. მათმა დაშორებამ დიდი სიკეთე მოიტანა, რაც ამის გამო მოხდა. მაშ, მტრებად დაშორდნენ? სულაც არა. ამის შემდეგ ხედავ, თუ როგორ მოიხსენიებს პავლე თავის ეპისტოლეებში ბარნაბას დიდი ქებით (2 კორ. 8:18). “მოხდა გულისტკენა”, ამბობს მწერალი, მაგრამ არა მტრობა, არა შუღლი. დავამ ის გამოიწვია, რომ ისინი დაშორდნენ და კარგიც, რადგან იმ სასარგებლო საქმეს, რაც თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე წამოიწყო, ვერ გააკეთებდნენ, რადგან ერთად იქნებოდნენ. მე მგონია, რომ დაშორება მათ შორის შეთანხმებით მოხდა და ერთმანეთს უთხრეს: რაკი მე ეს არ მინდა, შენ კი გინდა, რომ არ ვიჩხუბოთ, სხვადასხვა ადგილას დავშორდეთ. ამგვარად, მათ ეს ერთმანეთისთვის სრული დათმობით გააკეთეს. ბარნაბას უნდოდა, რომ პავლეს აზრი დარჩენილიყო და ამიტომაც დაშორდა. ასევე, პავლესაც უნდოდა, რომ ბარნაბას აზრი დარჩენილიყო და ამიტომ იგივეს აკეთებს და შორდება. ოჰ, ნეტავ ჩვენც ასე ვშორდებოდეთ ერთმანეთს და სახარების საქადაგებლად მივდიოდეთ! გასაოცარი და მეტად დიდია ეს ადამიანი! მარკოზისთვის კი ამ დავას დიდი სარგებელი მოუტანა. პავლეს სიმკაცრემ გონს მოიყვანა იგი, ბარნაბას სიკეთემ კი ის გახადა, რომ იგი არ დარჩენილა: ასე რომ, მათ შორის მომხდარი დავა ერთ მიზანს აღწევს, სარგებელს. დაინახა რა, რომ პავლე მის დატოვებას აპირებდა, მარკოზი მეტად შეშინდა და საკუთარი თავი გაკიცხა. დაინახა რა, რომ ბარნაბა ასე იყო მის მიმართ განწყობილი, იგი მეტად შეიყვარა იგი. ამგვარად, მოძღვართა დავამ მოწაფე გამოასწორა: ამით იგი შორს იყო იმისგან, რომ მასში საცდური წარმოშობილიყო. თუ ისინი ამას საკუთარი პატივისთვის აკეთებდნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, მასში საცდური წარმოიშობოდა, მაგრამ რაკი ისინი მისი გადარჩენისთვის კამათობდნენ და მხოლოდ იმისთვის. Ეჩვენებინათ, თუ რა ბრძნულია ღვთის რჩევები, რომელმაც მას ასეთი პატივი არგუნა, რა არის აქ საძრახისი?

    იგივე იყო ღმერთსა და მოსეს შორის. ერთი ითხოვს, მეორე კი ბრაზობს. მაგალითად, როდესაც ამბობს: “თუკი მამამისს სახეში აფურთხებდა” (რიცხვ. 12:14) და კიდევ: “ახლა დამანებე, რომ აღვდგე მათზე რისხვით და გავანადგურო ისინი” (გამოს. 32:10) და როდესაც სამუელი გლოვობდა საულს (1 მეფ. 15:35). მაგრამ ამ ერთისაგანაც და მეორისაგანაც დიდი სიკეთე მოხდა. ასეა აქაც: ერთი ბრაზობს, მეორე კი, არა. იგივე ხდება ჩვენ შორისაც. დავა ამაოდ არ ყოფილა, არამედ იმისთვის, რომ გონს მოეყვანა იგი (მარკოზი) და საქმე (ქადაგება) ხუმრობად არ წარმოჩენილიყო. სხვაგვარად ახლაც დათმობდა (ბარნაბა), რომელიც ყოველთვის თმობდა და ასე ძალიან უყვარდა პავლე, რომ ჯერ კიდევ ტარსუსში მოძებნა იგი (საქ. 11:25), მოციქულებთან მიიყვანა, მასთან ერთად აწვდიდა მოწყალებას და მასთან ერთად მიიღო მოციქულთა განჩინებასთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. ასეთი საქმის გამო არ მომხდარა მათ შორის გულისტკენა, არამედ ისინი ერთმანეთს იმიტომ შორდებიან, რომ ცალ-ცალკე ასწავლონ და სრულყონ იმათ, ვისაც მათი სწავლება სჭირდება. ასეა სხვა ადგილასაც (პავლე) ამბობს: “თქვენ კი, ძმებო, ნუ მოთაკლებთ სიკეთის კეთებას” (2 თეს. 3:13) და თუმცა ზოგიერთს საყვედურობს, ყველას სიკეთის კეთებას უბრძანებს. ასე ჩვეულებრივ ჩვენც ვიქცევით. მე მგონია, რომ პავლესთან ერთად სხვებიც იყვნენ უკმაყოფილონი, იგი კი თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე მიმართავს, ყველაფერს აკეთებს, არიგებს, გონს მოჰყავს. ბევრის გაკეთება შეუძლია თანხმობას, ბევრის, სიყვარულს. თუნდაც ზედმეტად ბევრს ითხოვდე, თუნდაც უღირსი იყო, კეთილი განზრახვის გამო შეისმენენ შენს თხოვნას, ნუ გეშინია. “გადიოდა”, ამბობს მწერალი ქალაქებს. ეს რომ ვიცოდეთ, უბრალოდ კი არ უნდა ვკითხულობდეთ წმინდა წერილს, არამედ უნდა ვსწავლობდეთ და ვივსებოდეთ ცოდნით. არაფერია ამაოდ დაწერილი. წმინდა წერილის არცოდნა დიდი ბოროტებაა. იმისგან, რისგანაც სარგებელი უნდა მივიღოთ, ზიანი მოგვდის. ხშირად წამლებიც, რომლებსაც ბუნებით სამკურნალო ძალა აქვთ, როდესაც მათი მომხმარებლები კარგად ვერ იყენებენ მათ, ზიანსა და არეულობას იწვევენ. იარაღიც, რომლითაც თავის დაცვა შეიძლება, ზიანს აყენებს მას, ვინც მისი ხმარება არ იცის. მიზეზი კი ის არის, რომ ყველაფერზე მეტად სულიერ სარგებელს ვეძებთ და უფრო მეტად ვუყურებთ სხვისას, ვიდრე საკუთარ (ჭეშმარიტ) სარგებელს. სახლის სიმტკიცეზე ხშირად ვზრუნავთ და არ დავუშვებთ, რომ იგი დაძველდეს, ჩამოინგრეს და ქარიშხლებისგან დაზიანდეს, სულზე კი სულაც არ ვზრუნავთ. Თუმცა ვხედავთ, რომ მისი საფუძველიც, შენობაც და სახურავიც ინგრევა, არანაირ ზრუნვას არ ვავლენთ. ასევე, თუ გვყავს საქონელი, ვცდილობთ მისთვის მოხერხებულობა შევქმნათ, ვქირაობთ მეჯინიბეებსა და ვეტერინარებს და მთელი ძალით ვცდილობთ: ვზრუნავთ სათავსებზე, ვარიგებთ ზედამხედველებს. Უმიზეზოდ და როგორც მოხვდება, არ გარეკონ იგი, ზედმეტი სიმძიმე არ დაადონ, ღამის შუა პერიოდში დროულად არ გამოუშვან. Საკვებით უზრუნველყონ და უამრავ წესს ვაწესებთ უსულო ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით, სულზე კი სულაც არ ვზრუნავთ.

    მაგრამ რას ვამბობ ჩვენთვის სასარგებლო ცხოველებზე? ბევრს ჰყავს პატარა ფრინველები, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვთ, არამედ მხოლოდ ართობენ. მათთან დაკავშირებით ბევრი წესი გვაქვს და არაფერია გამოტოვებული და დავიწყებული. ყველაფერზე უფრო მეტად ვზრუნავთ, ვიდრე საკუთარ თავზე. ასე გავხდით ყველაფერზე ნაკლებად ღირებულნი. თუ ვინმე შეურაცხყოფად გვიწოდებს ძაღლს, ვბრაზდებით, ჩვენ კი საკუთარ თავს სიტყვით კი არა, საქმით ვამცირებთ და სულზე ზრუნვას იმდენადაც კი არ ვახდენთ, რამდენადაც ძაღლებზე და არანაირ გულისტკენას არ ვგრძნობთ. ხედავთ, როგორ არის ყველაფერი წყვდიადით მოცული (ჩვენში)? როგორ ზრუნავს ბევრი ძაღლებზე, რომ ზედმეტად არ გამოკვებონ, რომ სწრაფები იყვნენ და სანადიროდ გამოსადეგნი, შიმშილითა და წყურვილით აღძრულნი, საკუთარ თავზე კი არ ზრუნავენ და არ ცდილობენ საკუთარი სიამოვნების სიყვარულის შეკავებას. უსულოებს ასწავლიან სიბრძნეს, საკუთარ თავს კი ცხოველთა სისასტიკემდე დაშვების უფლებას აძლევენ! ეს თავსატეხს ჰგავს. სად არიან, იტყვი, ეს გონიერი უსულოები? განა დიდი სიბრძნე არ არის. Ძაღლი, შიმშილით აღძრული, ხელში ჩაგდებულ ნადავლს თავს იკავებს და მისთვის განკუთვნილ საჭმელს არ ჭამს და როდესაც მის წინ გამზადებულ საჭმელს ხედავს, შიმშილით დატანჯული, ბატონს ელოდება? შეგრცხვეთ საკუთარი თავის, ასწავლეთ თქვენს მუცლებს, რომ ასევე გონიერნი იყვნენ. თქვენ არანაირი გამართლება არ გაქვთ. თუ შენ შეგიძლია ასეთი სიბრძნე შეაგნებინო ცხოველს, რომელსაც ბუნებით არც ლაპარაკი შეუძლია და არც აზროვნება, მით უმეტეს შეგეძლო ეს საკუთარი თავისთვის გესწავლებინა. ეს ხომ ადამიანის მონდომების საქმეა და არა ბუნების, სხვაგვარად ყველა ძაღლი ასეთი იქნებოდა. მაშ, იყავით (მოცემულ შემთხვევაში) ძაღლების მსგავსნი. თქვენ თვითონ მაიძულებთ აქედან ვისესხო მაგალითი. ზეციური საგნებიდან უნდა მომეყვანა, მაგრამ თუ რომელიმე ამ საგანზე დავიწყებ ლაპარაკს, იტყვით, რომ ეს ზედმეტად ამაღლებულია, ამიტომაც აღარ ვლაპარაკობ ზეციურ საგნებზე. თუ პავლეს მოვიყვან მაგალითად, იტყვით, რომ იგი მოციქული იყო, ამიტომაც აღარ ვლაპარაკობ პავლეზე. თუ რომელიმე სხვა ადამიანს მოვიყვან მაგალითად, იტყვით, რომ მას შეეძლო (ამის გაკეთება), ამიტომაც არ მივუთითებ ადამიანზე, არამედ ცხოველზე და თანაც ისეთ ცხოველზე, რომელმაც ასეთი თვისებები არა ბუნებით შეიძინა. Არ თქვათ, რომ იგი ამას ბუნებით აკეთებს და არა კეთილი ნებით და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, არა საკუთარი ნებით, არამედ შენი მონდომებით. მას არ უმსჯელია, რომ დაიღალა, რომ სირბილით დაიტანჯა, რომ ნადავლი საკუთარი შრომით დაიჭირა, არამედ ყველაფერი ეს გვერდზე გადადო, ბატონის ნებას ასრულებს და მუცელზე მაღლა დგას. დიახ, იტყვი, იგი მოწონებას ელოდება, იმედოვნებს, რომ უხვ საჭმელს მიიღებს. უთხარი შენც საკუთარ თავს: ძაღლი მომავალი კმაყოფილების იმედით უგულებელყოფს აწმყოს, შენ კი არ გინდა მომავალი კურთხევების იმედით აწმყო უგულებელყო. მაგრამ მან (იტყვი) იცის, რომ თუ დროულად და ბატონის ნების საწინააღმდეგოდ შეჭამს საჭმელს, არა მარტო ამას დაკარგავს, არამედ ჩვეულებრივ მისთვის განკუთვნილ საჭმელსაც და საჭმლის ნაცვლად შეიძლება ცემაც მიიღოს. შენ კი ესეც არ შეგიძლია იცოდე და იმას, რისი გაკეთებაც მას ჩვევით შეუძლია, შენ გონებით არ ასრულებ. მივბაძოთ თუნდაც ძაღლებს. ამბობენ, რომ იგივეს აკეთებენ ქორები და არწივებიც: რასაც ისინი კურდღლებთან და შველებთან აკეთებენ, იმას ესენი, ფრინველებთან და ასევე ადამიანის სწავლებით. ყველაფერ ამას შეუძლია ჩვენი მხილება, ყველაფერ ამას შეუძლია ჩვენი გასამართლება.

    კიდევ ვიტყვი. ველურ და სასტიკ ცხენებს რომლებსაც ფეხებს ურტყამენ და კბენენ, გამოცდილი ადამიანები მოკლე დროში ისე წვრთნიან, რომ მათზე ამხედრებული მხედარი ტკბება მათი წყობილი სვლით, როდესაც სული უწესოდ იქცევა, არავინ ზრუნავს ამაზე. იგი ხტის, იბრძვის და მიწაზე ეცემა, როგორც ბავშვი და უამრავ უწესობას სჩადის, მაგრამ არავინ ადებს მას არც არკანს, არც ბორკილებს, არც ლაგამს და არ სვამს გამოცდილ მხედარს, ე.ი. ქრისტეს. ამგვარად, ყველაფერი თავდაყირა დადგა. თუ შენ აიძულებ ძაღლებს, რომ მუცელს დაეუფლონ, აკავებ ლომის მრისხანებასა და ცხენების სისასტიკეს და ფრინველებს ლაპარაკს ასწავლი. Განა უცნაური არ არის უგუნურ არსებებს გონიერი თვისებები შეჰმატონ, გონიერებში კი უგუნური ვნებები დაუშვან? არა, ჩვენ არანაირი გამართლება არ გვაქვს. ჩვენ გაგვასამართლებენ ყველა მოვალეობის შემსრულებლები, როგორც ერთგულნი, ისე ორგულნი, რადგან ორგულნიც ასრულებენ მოვალეობას და არა მარტო ადამიანები, არამედ მხეცები და ძაღლებიც. დავგმოთ საკუთარი თავი ჩვენც, რომლებიც სიკეთეს მაშინ ვაკეთებთ, როდესაც გვინდა, როდესაც კი უზრუნველნი ვართ, ბოროტებისკენ მივექანებით. ხშირად ყველაზე ბევრი მანკიერი ადამიანიც კი, როდესაც მოინდომებდა, სწორდებოდა. მიზეზი კი ის არის, როგორც მე ვთქვი, რომ ყველანაირად სხვის სარგებელს ვეძებთ და არა საკუთარს. დიდებული სახლი ააშენე? შენ სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნე და არა საკუთარზე. კარგი ტანსაცმელი მიიღე? (შენ იზრუნე) სხეულზე და არა საკუთარ თავზე. თუ კარგი ცხენი გყავს, ასევე. არავინ ზრუნავს, რომ სული კეთილი იყოს, მაშინ როდესაც სულის სიკეთის დროს არანაირი საჭიროება არ არის იმ სიკეთეებში და მის გარეშე არანაირი სარგებელი არ არის მათგან. როგორც პატარძლისთვის, თუნდაც მისი საქორწინო სარეცელი ოქროს გადასაფარებლებით იყოს მორთული, თუნდაც გარს ერტყნენ ულამაზესი და მშვენიერი ქალების გუნდები. Ვარდები და გვირგვინები, თუნდაც საქმრო მშვენიერი იყოს და მსახურებიც, მეგობრებიც და ყველა კეთილსახიერი იყოს, არანაირი სარგებელი არ არის ამისგან, თუ იგი თავად მეტად მახინჯია. თუ იგი მშვენიერია, ამ ყველაფრის გარეშე მისთვის არანაირი ზიანი არ არის, არამედ (სარგებელი), რადგან მახინჯი ამ დროს კიდევ უფრო მახინჯად გამოჩნდება, მშვენიერი კი ამის გარეშეც კიდევ უფრო მშვენიერი იქნება. ასევე ზუსტად სულიც, თუ იგი კეთილია, არა მარტო ამაში არ საჭიროებს, არამედ ამით თავის სილამაზესაც კი აბნელებს. გონიერი ადამიანი, როგორც ჩვენ ვნახავთ, ბრწყინავს არა იმდენად სიმდიდრეში, რამდენადაც სიღარიბეში. პირველ შემთხვევაში ბევრი გონიერებას მის სიმდიდრეს მიაწერს და იმას, რომ მას ფულის საჭიროება არ აქვს. თუ იგი სიღარიბეში ცხოვრობს და ამასთან, ყველა (სათნოებით) გამოირჩევა და საკუთარ თავს რცხვენის გაკეთების უფლებას არ აძლევს, მაშინ უკვე არავინ სხვა არ იყოფს მასთან გვირგვინს, რომელიც მან გონიერებით მოიპოვა. მაშ, გავალამაზოთ სული, თუ გვინდა, რომ მდიდრები ვიყოთ. რა სარგებელია, თუ შენი ჯორები თეთრები არიან, მსუქნები და ლამაზები, შენ კი, მათზე მჯდომი, ხარბი ხარ, უწმინდური და მახინჯი? რა სარგებელია, თუ შენი ხალიჩები რბილია, ლამაზი და ოსტატურად არის მოხატული სხვადასხვა ფერებით, სული კი ძონძებშია ჩაცმული, ან სრულიად შიშველი და მახინჯია? რა სარგებელია, თუ ცხენი ნელა მიდის, ან უფრო მოცეკვავეს ჰგავს, ვიდრე მოსიარულეს და მორთულია, როგორც საქორწინო სუფრისთვის. Მასზე მჯდომი კი კოჭლია (სულით) კოჭლებზე მეტად და ხელებსა და ფეხებში უფრო არეულია, ვიდრე მთვრალები და მოდუნებულები? მითხარი, თუ ვინმემ კარგი ცხენი მოგცა, შენს სხეულს კი ზიანი მიაყენა, რა სარგებელია ამისგან? ახლა კი შენი სულია დაზიანებული და შენ სულაც არ ზრუნავ. ვიზრუნოთ როდისმე, გევედრებით თქვენ, საკუთარ თავზე. ნუ ჩავთვლით საკუთარ თავს ყველაფერზე ნაკლებად ღირებულად. როდესაც ვინმე სიტყვებით გვაყენებს შეურაცხყოფას, ვბრაზდებით და ვწუხდებით, ჩვენ კი საქმეებით ვამცირებთ საკუთარ თავს და არ ვსწორდებით. გონს მოვეგოთ თუნდაც გვიან, რათა სულისადმი გულმოდგინე ზრუნვის გამოვლენითა და სათნოების სიყვარულით შევძლოთ საუკუნო კურთხევების ღირსნი გავხდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით. Რომელთანაც მამასთან ერთად სულიწმიდით დიდება, ძლიერება, პატივი, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  3. ბედა პატივცემული7 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე
  6. ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე
  7. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

მოციქულთა საქმენი 15:39 კონტექსტში

15:37ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.

15:38პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.

15:39ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.

15:40პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.

15:41დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 15:39

განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 15

სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში