გადასვლა შინაარსზე

დანიელი 3

1გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთის სიმაღლისა და ექვსი წყრთის სიგანისა. დურას ველზე, ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი.

2ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის კურთხევაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.

3მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის კურთხევაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.

4მაშინ მაწვევარმა ომახიანად დაიძახა: ხალხნო, ტომებო და ენანო! თქვენ გებრძანებათ!

5როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.

6ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული.

7ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხმა გაიგონა საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა სამუსიკო საკრავის ხმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა დაემხო და თაყვანი სცა ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.

8ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება.

9უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!

10მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებდა, უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი;

11ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ცეცხლით გახურებულ ღუმელში უნდა ჩაგდებულიყო.

12მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს ხალხი არ ემორჩილება შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს არ ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე.

13მაშინ ბრაზითა და რისხვით ანთებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები.

14მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე?

15ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე: მაგრამ თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?

16შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!

18ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი.

19მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო; შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ.

20უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.

21მაშინ ეს კაცები, თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.

22რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.

23ხოლო ეს სამნი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ.

24მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!

25მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს.

26მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან.

27შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟებს ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც არ შეტრუსვოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.

28მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.

29ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: თუ ვინმე რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწება, მისისახლი კი ნანგრევებად იქცევა. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა.

30მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.

საქართველოს საპატრიარქო