დანიელი 6
1დარიოსმა გადაწყვიტა თავის სამეფოში ასთორმეტი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელ სამეფოში ყოფილიყვნენ.
2მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის წარედგინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა.
3მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.
4მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
5მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.
6მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!
7სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
8ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების.
9ამიტომ დაწერა მეფე დარიოსმა სიგელი და ბრძანება.
10როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა.
11მაშინ ის კაცები თავს წაადგნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა.
12მერე მივიდნენ და მეფეს მოახსენეს მეფის ბრძანების თაობაზე: განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული? მიუგო მეფემ და უთხრა: ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების.
13მაშინ მიუგეს მათ და უთხრეს მეფეს: მეფეო, დანიელი, იუდავლი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენ მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით.
14ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში; მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
15მაგრამ ის კაცები მიეახლნენ და უთხრეს: იცოდე, მეფეო, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონით მეფის ყოველი ბრძანება და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.
16მაშინ მეფის ბრძანებით მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიაძახა მეფემ დანიელს და უთხრა: იმ შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი!
17მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო.
18მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა და თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, ძილიც არ მიკარებია.
19დილით, განთიადისას ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა.
20ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა მეფემ დანიელს და უთხრა: დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი?
21მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
22ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენ წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.
23მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
24მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს.
25ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
26ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია;
27იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.
28წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.
საქართველოს საპატრიარქო