ეკლესიასტე 5
1ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
2ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
3როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
4თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
5სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.
6ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?
7რადგან ბევრს სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს; შენ კი ღვთისა გეშინოდეს.
8თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი.
9უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ქვეყნისთვის იღწვის.
10ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
11ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება.
12ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.
13არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე.
14დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება;
15ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით.
16ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა. რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს?
17თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი.
18აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.
19კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.
20და რაკი ბევრს ვეღარაფერს გაიხსენებს კაცი თავის სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს.
საქართველოს საპატრიარქო