გამოსვლა 22
1თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.
2თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.
3თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
4თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
5თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.
6თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს.
7თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
8თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის სამსჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის.
9ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს.
10თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის,
11უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.
12თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს.
13თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს.
14თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.
15თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება.
16თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს.
17თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს.
18ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.
19პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
20ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს.
21მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
22ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.
23თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.
24რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
25თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.
26თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.
27რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია; რაში გამოეხვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ.
28ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.
29პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე.
30ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე.
31წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის; ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ.
საქართველოს საპატრიარქო