გადასვლა შინაარსზე

ეზექიელი 21

1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას.

3უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მოვდივარ შენზე, ამოვიწვდი მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალს და ბოროტეულს.

4რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული, ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.

5მიხვდება ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწვადე ჩემი მახვილი ქარქაშიდან და აღარ ჩაეგება.

6შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!

7თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი.

8იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

9ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც!

10გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე?

11მიცემულია გასაფერად, რომ ხელმა ჩაბღუჯოს; გალესილია ეს მახვილი და გაფერილი, რომ მკვლელს ჩაბარდეს ხელში.

12იყვირე და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის მოღერებულია ჩემს ხალხზე, ისრაელის ყველა მთავარზე; მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ხალხთან ერთად. ამიტომ ირტყი თეძოებზე.

13რადგან განსაცდელი გამოვლილია და რა იქნება, თუ მოძულე კვერთხიც აღარ იარსებებს, ამბობს უფალი ღმერთი.

14შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდება მახვილი. მუსვრის მახვილია ეს, დიდი შემუსვრის მახვილი, მათი მდევარი.

15რომ შედრკეს გულები და მათ ჭიშკრებთან დაცემულნი გამრავლდნენ, მივუშვებ სასტიკ მახვილს, ვაგლახ, გასაელვებლად შექმნილს, საკლავად წამახულს!

16უკან შეტრიალდი, მარჯვნივ გადი, წინ წადი, მარცხნივ გადი! ყოველი მხრისკენ არის მიმართული შენი პირისახე.

17მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ. მე, უფალი ვლაპარაკობ.

18იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

19შენ კი, ადამის ძევ! დაისახე ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. ქმენი ნიშანი, ქალაქის მთავარ გზაზე ქმენი.

20დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;

21რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს.

22მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.

23ეს ყალბ მისნობასავით იქნება მათ თვალში; ფიცით კი შეჰფიცეს, მაგრამ ეს ახსენებს მათ დანაშაულს, რომ შეპყრობილ იქნან.

24ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თავად იხსენებთ თქვენს დანაშაულს თქვენი შეცოდებების გამოაშკარავებით და თქვენი ცოდვების ჩვენებით ყველა თქვენს საქმეში, რაკი თავად იხსენებთ, ხელით იქნებით შეპყრობილნი.

25შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს,

26ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

27დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო.

28შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს.

29ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს.

30ჩააგე თავის ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ.

31გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი ბრაზის ცეცხლს მოგასუნთქავ და ხელთ მიგცემ ხალხს, გამძვინვარებულს, განადგურებაში გაწაფულს.

32ცეცხლს მიეცემი შესაჭმელად, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იდგება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე, უფალმა ვთქვი.

საქართველოს საპატრიარქო