გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 12:10: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 12:10

რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

ებრაელთა მიმართ 12:10 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 9 მარტი, 2027, ყველიერის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 12:10

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აქ სხვაობა მხოლოდ ამაში როდია, არც მარტო სახეებშია, არამედ თვით ზრახვებსა და მოქმედებებშიც. ღმერთი და ხორციელი მშობლები სხვადასხვა ზრახვით როდი გვსჯიან? ამიტომაც დასძენს მოციქული: ‘ისინი თავიანთი ნებით გვსჯიდნენ მცირე ხნით, ეს კი, სასიკეთოდ, რათა მისი სიწმიდის თანაზიარნი გავხდეთ’. (ებრ. 12:10). ხშირად მათ ეს საკუთარი სიამოვნებისთვისაც კი სურთ და ყოველთვის როდი აქვთ მხედველობაში სარგებელი. ღმერთზე კი ამას ვერ ვიტყვით, რადგან ის ამას არა საკუთარი რაიმე მიზნით, არამედ თქვენთვის აკეთებს, მხოლოდ თქვენი სარგებლისთვის. ისინი სჯიან, რათა თქვენც იყოთ მათთვის სასარგებლო, ხშირად კი ამაოდ. ღმერთთან კი მსგავსი არაფერი ხდება. ხედავ, რაოდენ დიდია ამით გამოწვეული ნუგეში? განსაკუთრებით იმათ ვეკვრით, ვისშიც ვხედავთ, რომ ისინი არა საკუთარი რაიმე მიზნით გვიბრძანებენ ან გვარიგებენ, არამედ მთელი მათი ზრუნვა ჩვენი სარგებლისკენაა მიმართული. სწორედ მაშინ არის სიყვარული გულწრფელი და ჭეშმარიტი, როდესაც ვინმეს ვუყვარვართ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სრულიად უსარგებლო ვართ.”

    მთელი განმარტება

    აქ სხვაობა მხოლოდ ამაში როდია, არც მარტო სახეებშია, არამედ თვით ზრახვებსა და მოქმედებებშიც. ღმერთი და ხორციელი მშობლები სხვადასხვა ზრახვით როდი გვსჯიან? ამიტომაც დასძენს მოციქული: “ისინი თავიანთი ნებით გვსჯიდნენ მცირე ხნით, ეს კი, სასიკეთოდ, რათა მისი სიწმიდის თანაზიარნი გავხდეთ”. (ებრ. 12:10). ხშირად მათ ეს საკუთარი სიამოვნებისთვისაც კი სურთ და ყოველთვის როდი აქვთ მხედველობაში სარგებელი. ღმერთზე კი ამას ვერ ვიტყვით, რადგან ის ამას არა საკუთარი რაიმე მიზნით, არამედ თქვენთვის აკეთებს, მხოლოდ თქვენი სარგებლისთვის. ისინი სჯიან, რათა თქვენც იყოთ მათთვის სასარგებლო, ხშირად კი ამაოდ. ღმერთთან კი მსგავსი არაფერი ხდება. ხედავ, რაოდენ დიდია ამით გამოწვეული ნუგეში? განსაკუთრებით იმათ ვეკვრით, ვისშიც ვხედავთ, რომ ისინი არა საკუთარი რაიმე მიზნით გვიბრძანებენ ან გვარიგებენ, არამედ მთელი მათი ზრუნვა ჩვენი სარგებლისკენაა მიმართული. სწორედ მაშინ არის სიყვარული გულწრფელი და ჭეშმარიტი, როდესაც ვინმეს ვუყვარვართ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სრულიად უსარგებლო ვართ.

    ასეა ღმერთიც, მას იმიტომ კი არ ვუყვარვართ, რომ რაიმე მიიღოს ჩვენგან, არამედ იმისთვის, რომ მოგვცეს. ის სჯის, ყველაფერს აკეთებს, ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ მისი კურთხევის მიღების ღირსნი გავხდეთ.

    “ისინი თავიანთი ნებით გვსჯიდნენ მცირე ხნით, ეს კი, სასიკეთოდ, რათა მისი სიწმიდის თანაზიარნი გავხდეთ”. რას ნიშნავს “მისი სიწმიდის თანაზიარნი”? ესე იგი, სიწმინდის, რათა მისი ღირსნი გავხდეთ, შეძლებისდაგვარად. ის ზრუნავს, რომ მიიღოთ და ყველა ზომას მიმართავს, რომ მოგცეთ, თქვენ კი არ ცდილობთ მიღებას. “ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი უფალი; ჩემი სიკეთე შენთვის საჭირო არ არის” (ფს. 15:2). კარგად თქვა: “ისინი თავიანთი ნებით გვსჯიდნენ მცირე ხნით”, რადგან ადამიანთათვის სასურველი ყოველთვის როდია სასარგებლო, “ეს კი, სასიკეთოდ, რათა მისი სიწმიდის თანაზიარნი გავხდეთ”. მაშასადამე, სასჯელი სასარგებლოა. მაშასადამე, სასჯელი სიწმიდეს მოგვანიჭებს.

    და, რა თქმა უნდა, ასეცაა. თუკი ის განგვანთავისუფლებს სიზარმაცისგან, მანკიერი სურვილებისგან, ამაო საგნებზე მიჯაჭვულობისგან, თუკი ის სულს აკონცენტრირებს და წარმავალი ყოველივეს ზიზღისკენ განაწყობს, სწორედ აქედან მომდინარეობს მწუხარება, განა წმიდა არ არის იგი? განა სულის მადლს არ იზიდავს?

    მუდამ წარმოვიდგინოთ მართალნი და გვახსოვდეს, თუ რატომ განდიდდნენ ისინი. უპირველესად კი აბელი და ნოე. განა არა მწუხარებებით? შეუძლებელია, რომ მართალი არ სწუხდეს ამდენ ბოროტს შორის. “ნოე იყო კაცი მართალი და უმწიკვლო თავის თაობაში; ნოე დადიოდა ღვთის წინაშე” (დაბ. 6:9). დაფიქრდი, ახლა ამდენი მეუღლის, მამისა და მოძღვრის ყოლის მიუხედავად, რომელთა სათნოებებსაც შეგვიძლია მივბაძოთ, ამდენ მწუხარებას განვიცდით, როგორ უნდა ეტანჯა ის, როდესაც ამდენთა შორის მარტო იყო? რაღა ვთქვა იმ დროზე, როდესაც საოცარი და უჩვეულო წარღვნა მოხდა? რაღა ვთქვა აბრაამზე, იმაზე, თუ რისი ატანა უწევდა, მაგალითად, მისი დაუსრულებელი ხეტიალის, ცოლის დაკარგვის, საფრთხეების, ბრძოლების, განსაცდელების შესახებ? რაღა ვთქვა იაკობზე, რამდენი უბედურება გადაიტანა, ყველგან რომ იდევნებოდა, ამაოდ რომ შრომობდა და სხვებისთვის ილევდა თავს? საჭირო არაა ყველა მისი განსაცდელის ჩამოთვლა, საკმარისი იქნება მოვიყვანოთ მოწმობა, რომელიც მან ფარაონთან საუბრისას წარმოთქვა: “ჩემი ხეტიალის დღეები ას ოცდაათი წელია; მცირე და უბედურია ჩემი სიცოცხლის დღეები და ვერ მიაღწია ჩემი მამების სიცოცხლის წლებს მათი ხეტიალის დღეებში” (დაბ. 47:9). რაღა ვთქვა იოსებზე, მოსეზე, იესო ნავეს ძეზე, დავითზე, სამუელზე, ელიაზე, დანიელზე და ყველა წინასწარმეტყველზე? აღმოაჩენ, რომ ყველა მათგანი მწუხარებებით განდიდდა. შენ კი, მითხარი, გინდა, რომ სიამოვნებითა და ფუფუნებით განდიდდე? ეს ხომ შეუძლებელია. რაღა ვთქვა მოციქულებზე? მათ ყველას გადააჭარბეს მწუხარებებით.

    მაგრამ რას ვამბობ? თვით ქრისტემაც თქვა: “ამ წუთისოფელში ჭირი გექნებათ” (იოან. 16:33); და კიდევ: “თქვენ იტირებთ და ივაგლახებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს” (იოან. 16:20). “რადგან ვიწროა კარი და ძნელი გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი პოულობენ მას” (მათ. 7:14). უფალმა თქვა, რომ ეს გზა ვიწრო და ძნელია, შენ კი ფართოს ეძებ? განა უგუნურება არაა ეს? ამიტომაც ვერ მიაღწევ სიცოცხლეს, რადგან სხვა გზით მიდიხარ, და მიაღწევ წარწყმედას, რადგან იქ მიმავალი გზა აირჩიე.

    გინდა მოგიყვე და წარმოგიდგინო ფუფუნებას გადაცემული ადამიანები? გვიანდელებიდან უძველესებს მივმართოთ. ცეცხლში მოგიზგიზე მდიდარი, მუცელღმერთობის მიმდევარი იუდეველები, რომელთათვისაც მუცელი ღმერთი იყო, რომლებიც უდაბნოში გამუდმებით სიამოვნებებს ეძებდნენ, რატომ დაიღუპნენ? ნოეს თანამედროვენი, იმიტომ ხომ არა, რომ ეს ფუფუნებითა და გარყვნილებით სავსე ცხოვრება აირჩიეს? ასევე სოდომელებიც მუცელღმერთობის გამო დაიღუპნენ: “გაძღომა და უსაქმურობა” (ეზეკ. 16:49). ასეა ნათქვამი სოდომელებზე. თუკი პურის სიჭარბემ ამდენი ბოროტება წარმოშვა, სხვა სიამოვნებებზე რაღა უნდა ვთქვათ? განა თავშეკავებული არ იყო ესავი? განა ასეთები არ იყვნენ ღვთის ძენი, რომელნიც ცოლებმა აცდუნეს და უფსკრულში გადაიჩეხნენ? განა ასეთები არ იყვნენ ისინი, რომლებიც მამაკაცებზე იკმაყოფილებდნენ ვნებას? ყველა წარმართი, ბაბილონელი და ეგვიპტელი მეფე, განა საცოდავად არ დაასრულეს სიცოცხლე? განა სატანჯველად არ გადაეცნენ?

    მაგრამ განა იგივე არ ხდება ახლაც? მოისმინე, რას ამბობს ქრისტე: “რბილ ტანსაცმელში ჩაცმულნი მეფეთა სასახლეებში არიან” (მათ. 11:8); ხოლო ისინი, რომელნიც ასეთ ტანსაცმელს არ ატარებენ, ისინი, ზეცაში არიან. რბილი ტანსაცმელი ურყევ სულსაც კი ასუსტებს, ანებივრებს და აფუჭებს. როგორი მტკიცეც და ძლიერიც არ უნდა იყოს სხეული, რომელსაც ის მოსავს, ასეთი ფუფუნებისგან ის მალევე ხდება ნაზი და სუსტი. მითხარით, რატომ ფიქრობთ, რომ ქალები ასე სუსტები არიან? მხოლოდ ბუნებისგან? არა, არამედ ცხოვრების წესისა და აღზრდისგანაც. მათ ასეთებად ანებივრებენ აღზრდა, უსაქმურობა, ბანაობა, ზეთების ცხება, არომატების სიმრავლე და რბილი სარეცელი. ამის გასაგებად კი მოისმინე, რას გეტყვი. უდაბნოში მზარდი და ქარებისგან მორყეული ხეების გროვიდან აიღე რომელიმე მცენარე და დარგე ნამიან და ჩრდილიან ადგილას, და დაინახავ, როგორ გახდება ის იმაზე უარესი, ვიდრე თავიდან აიღე. ამის დასტურად კი ის ქალები გამოდგებიან, რომლებიც სოფლებში იზრდებიან. ისინი ქალაქელ მამაკაცებზე ბევრად უფრო ძლიერები არიან და ბევრ მათგანს დაჯაბნიდნენ კიდეც. როდესაც სხეული ნაზი ხდება, აუცილებლად მასთან ერთად სულიც იმავე ბოროტებას განიცდის, რადგან სულის მოქმედებები უმეტესწილად სხეულის მდგომარეობას შეესაბამება. ავადმყოფობის დროს სისუსტის გამო სხვანაირები ვართ, ხოლო ჯანმრთელობის დროს, ისევ სხვანაირები. როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებში, როდესაც სიმები რბილ და სუსტ ხმებს გამოსცემენ და კარგად დაჭიმულები არ არიან, მცირდება ხელოვნების ღირსებაც. Იძულებულია სიმების სისუსტეს დაემორჩილოს, ასევეა სხეულშიც: სული მისგან ბევრ ზიანსა და შევიწროებას ითმენს. ის მწარე მონობას განიცდის, როდესაც სხეულს ხშირი მკურნალობა სჭირდება. ამიტომაც გთხოვთ, ვეცადოთ, რომ ის გავაძლიეროთ და არა გავაავადმყოფოთ. ამას მარტო ქმრებს არ ვეუბნები, არამედ ცოლებსაც. რატომ, ცოლო, გამუდმებით ფუფუნებით ასუსტებ შენს სხეულს და უვარგისს ხდი მას? რატომ ანადგურებ მის ძალას სიმსუქნით? სიმსუქნე ხომ მისთვის სისუსტეა და არა ძალა. თუკი ამას თავს დაანებებ და სხვაგვარად მოიქცევი, მაშინ სხეულის სილამაზეც გამოჩნდება შენი სურვილისამებრ, როგორც კი ძალა და სიხალისე ექნება. თუკი, პირიქით, ურიცხვ ავადმყოფობას გადაიტან, არც ჯანსაღი ფერი გექნება, არც სიხალისე, არამედ გამუდმებით ცუდად იგრძნობ თავს. თქვენ იცით, რომ როგორც მშვენიერია კარგი სახლი, როდესაც მას ნათელი ამინდი ანათებს, ასევე ლამაზი სახეც უფრო უკეთესი ხდება სულის მხიარული განწყობისგან. როდესაც სული მოწყენილი და დამწუხრებულია, სახეც უფრო მახინჯდება. მოწყენილობა ავადმყოფობიდან და ჯანმრთელობის აშლილობიდან მომდინარეობს, ავადმყოფობა კი სხეულის მოდუნებიდან, სიძღვისგან. ამიტომაც უნდა ერიდოთ სიძღვისგან, თუკი გწამთ ჩემი.

    მაგრამ, იტყვით, სიძღვაში გარკვეული სიამოვნებაა? იმდენი სიამოვნება არა, რამდენადაც უსიამოვნება. სიამოვნება მხოლოდ ხახითა და ენით შემოიფარგლება. როდესაც ტრაპეზი დასრულდება ან როდესაც საჭმელი შეჭმულია, იმას ემსგავსები, ვინც ტრაპეზში არც მიუღია მონაწილეობა და, უფრო უარესიც. Იქიდან სიმძიმე, მოდუნება, თავის ტკივილი და სიკვდილის მსგავსი ძილიანობა გამოგაქვს, ხშირად კი უძილობაც სიძღვისგან, ქოშინი და ბოყინი, და ათასჯერ იწყევლი შენს კუჭს, ნაცვლად იმისა, რომ თავშეუკავებლობა დაწყევლო. ამრიგად, ნუ გავასუქებთ სხეულს, არამედ მოვუსმინოთ პავლეს, რომელიც ამბობს: “ხორცზე ზრუნვა ნუ გადაგექცევათ გულისთქმად” (რომ. 13:14). კუჭის გამძღვა იგივეა, თითქოს ვინმემ საჭმელი აიღო და ბინძურ თხრილში ჩააგდო, ან უფრო უარესიც, რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ თხრილს ავსებს ზიანის მიყენების გარეშე, პირველი კი საკუთარ თავზე იწევს ათას ავადმყოფობას. გვკვებავს მხოლოდ ის, რაც საჭირო რაოდენობით მიიღება და მონელება შეუძლია. ზედმეტი კი არა მხოლოდ არ გვკვებავს, არამედ ზიანიც მოაქვს. ამასობაში კი ამას ვერავინ ამჩნევს, სულელური სიამოვნებითა და ჩვეული მიდრეკილებით მოტყუებული. გინდა სხეულის გამოკვება? თავი დაანებე ზედმეტს, მიეცი მას საჭირო და იმდენი, რამდენის მონელებაც შეუძლია. ნუ გადატვირთავ მას ზედმეტად, რათა არ ჩაძირო. საჭირო რაოდენობით მიღებული კვებავს კიდეც და სიამოვნებასაც გვანიჭებს. ჭეშმარიტად, ვერაფერი გვანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც კარგად მონელებული საჭმელი. ვერაფერი უწყობს ხელს ჯანმრთელობას, ვერაფერი უჭერს მხარს გრძნობების სიცოცხლისუნარიანობას, ვერაფერი გვიცავს ავადმყოფობისგან. ამგვარად, საჭირო რაოდენობით მიღებული ემსახურება კვებასაც, სიამოვნებასაც და ჯანმრთელობასაც, ზედმეტი კი, ზიანს, უსიამოვნებასა და ავადმყოფობას. სიძღვა იმავეს აკეთებს, რასაც შიმშილი, ან უფრო უარესსაც. შიმშილი მოკლე დროში აუძლურებს და სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანი, სიძღვა კი სხეულის დაშლითა და მასში ლპობის წარმოქმნით ხანგრძლივ ავადმყოფობას და შემდეგ უმძიმეს სიკვდილს განაცდევინებს. ამასობაში კი შიმშილი აუტანლად მიგვაჩნია, სიძღვისკენ კი, რომელიც მასზე უფრო მავნებელია, მივისწრაფვით. საიდანაა ჩვენში ასეთი სენი? საიდან ასეთი სიგიჟე? არ ვამბობ, რომ თავი უნდა დავიქანცოთ, არამედ საჭმელი ისე უნდა მივიღოთ, რომ სხეულმაც მიიღოს სიამოვნება, ჭეშმარიტი სიამოვნება. Შეძლოს გამოკვება, რათა ის კეთილმოწყობილი და კეთილსაიმედო, მტკიცე და სულის მოქმედებებისთვის ქმედითი იარაღი იყოს. თუკი ის საჭმლით გადაივსება, რომელიც, ასე ვთქვათ, ყველაზე მტკიცე საკეტებსა და შემადგენელ კავშირებსაც კი გახსნის, მაშინ ის ვეღარ შეძლებს ამ მოვარდნილი წყალდიდობის შეკავებას, შემოჭრილი წყალდიდობა კი ყველაფერს ხსნის და ანგრევს.

    “ხორცზე ზრუნვა ნუ გადაგექცევათ გულისთქმად”. კარგად თქვა: “გულისთქმად”, რადგან სიძღვა მანკიერი სურვილების საზრდოა და გამძღარი, თუნდაც ყველაზე ბრძენი იყოს, აუცილებლად იწვნიოს რაიმე ზიანი ღვინისა და საჭმლისგან, აუცილებლად იგრძნოს მოდუნება, აუცილებლად აღძრას საკუთარ თავში ძლიერი ალი. აქედან, სიძვა, აქედან, მრუშობა. მშიერ კუჭს არ შეუძლია ხორციელი ვნების აღძვრა, ასევე ზომიერი საკვებით დაკმაყოფილებულსაც. მანკიერი სურვილები კი სიძღვით გამდიდრებულ კუჭში იბადება. როგორც ზედმეტად ნამიანი მიწა და ნაკელი, რომელსაც ასხურებენ წყალს და ზედმეტად ბევრი სინესტე აქვს, ჭიებს შობს, და, პირიქით, მიწა, რომელსაც ასეთი სინესტე არ აქვს, უხვ ნაყოფს იძლევა. Ის არ შეიცავს ზედმეტს, და დამუშავების გარეშეც კი მწვანეს აღმოაცენებს, დამუშავებული კი ნაყოფს იძლევა, ასევე ვართ ჩვენც. ამიტომ ნუ გავხდით ხორცს ჩვენსას (სხეულს) უსარგებლოდ, უვარგისად ან მავნედ, არამედ მასში კეთილი ნაყოფები და ნაყოფიერი მცენარეები აღმოვაცენოთ და ვიზრუნოთ. Ისინი სიძღვისგან არ გახმნენ, რადგან ისინიც შეიძლება დალპნენ და ნაყოფის ნაცვლად ჭიები შობონ. ასე, თანდაყოლილი ვნება, თუკი მას ზომაზე მეტად გაანაყრებ, წარმოშობს საძაგელ და მეტად საძაგელ სიამოვნებებს. ყოველნაირად აღვგვით ეს ბოროტება, რათა ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში, აღთქმული კურთხევის ღირსნი გავხდეთ (რომელთანაც მამასთან ერთად სულიწმიდას დიდება, ძლიერება და პატივი, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  6. ტიხონ ზადონელი18 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 12:10 კონტექსტში

12:8ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

12:9ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?

12:10რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

12:11ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.

12:12მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 12:10

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 12

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში