ოსეა 12
1ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს.
2დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.
3დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.
4შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.
5უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.
6შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ.
7ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.
8თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელ ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.
9მე, უფალი, თქვენი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში.
10მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა პირით იგავურად ვლაპარაკობდი.
11თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში.
12გაიქცა იაკობი არამის ყანებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას.
13წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.
14მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი. ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხო საქმეებს.
საქართველოს საპატრიარქო