გადასვლა შინაარსზე

ოსეა 14

1მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.

2შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.

3ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.

4განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.

5ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

6განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.

7დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.

8რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.

9ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.

საქართველოს საპატრიარქო