ესაია 9
1მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.
2ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.
3შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას.
4რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი - მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს.
5რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი.
6რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
7ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
8სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.
9გაიგებს მთელი ერი - ეფრემი და სამარიის მკვიდრი, მედიდურად და გულდიდად რომ ლაპარაკობს:
10აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო.
11აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს.
12არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი.
13ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს.
14მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
15მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.
16ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
17ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
18რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები.
19ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს.
20მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
21მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
საქართველოს საპატრიარქო