იერემია 9
1ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები - ცრემლის წყაროდ! დღე და ღამ ვიტირებდი ჩემს დახოცილებს!
2ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!
3მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.
4უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.
5ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.
6სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი.
7ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის?
8წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს.
9როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით.
10მთების გამო ავტეხავ ტირილსა და მოთქმას, უდაბნოს ქოხების გამოგლოვას, რადგან გადაიბუგენ და აღარავინ შეივლის იქ. აღარ ისმის საქონლის ხმა, ცის ფრინველიდან პირუტყვამდე ყველანი გადაიკარგნენ, წავიდნენ.
11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
12სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს.
13ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას.
14აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ.
15ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,
16გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ.
17ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
18იჩქარონ და გამართონ ჩვენზე გლოვა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოგვცვივდეს, წყალმა იდინოს წამწამებიდან.
19რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი!
20აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! მიიღოს თქვენმა ყურმა მისი ბაგის წარმონათქვამი! ასწავლეთ თქვენს ასულებს გლოვა და ერთმანეთს - გოდება.
21რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.
22თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი.
23ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
24თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.
25აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად -
26ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი.
საქართველოს საპატრიარქო