იობი 41
1თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
2ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?
3თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?
4თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი?
5თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?
6თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ ქანაანელთა შორის?
7თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით?
8შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები.
9აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
10მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
11ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
12არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
13ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?
14მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
15მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული;
16ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის;
17ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან;
18მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია;
19მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;
20ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;
21მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
22მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
23ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;
24ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
25წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;
26მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი;
27რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი;
28ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები;
29ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება;
30წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში;
31ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;
32თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი;
33არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი;
34ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.
საქართველოს საპატრიარქო