
იოანე 1:16, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
იოანე 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მაისი, 2027, წმინდა აღდგომა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 1:16
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(რომ. 8:15). როგორც ხელახლა შობილნი და, ასე ვთქვათ, ხელახლა შექმნილნი, ამიტომაც გვიწოდებენ ძეებად.”
მთელი განმარტება
ახლახან ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ განმარტავს იოანე ნათლისმცემელი მაცხოვრის უპირატესობას მასზე, რათა გაფანტოს იმათი ეჭვები, ვინც იტყოდა, თუ რატომ გახდა ქრისტე, იოანეს შემდეგ მოსული, მასზე უწინარესი და დიდებული. მან თქვა: “რამეთუ უწინარეს ჩემსა იყო იგი”. ეს ერთი მიზეზია. მაგრამ ახლა მახარებელი სხვა მიზეზსაც წარმოგვიდგენს. რას გვეუბნება იგი? “და სავსებისა მისისაგან ჩვენ ყოველთა მივიღეთ მადლი მადლის წილ”. და კიდევ სხვა მიზეზიც მოაქვს: “რამეთუ სჯული მოსეს მიერ მოცემულ იქმნა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესუ ქრისტეს მიერ იქმნა”.
მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები: “და სავსებისა მისისაგან ჩვენ ყოველთა მივიღეთ”? აი, რაზე უნდა მივაპყროთ ახლა ყურადღება. მას არ აქვს ნაანასხები ნიჭი, არამედ არის თვით წყარო, თვით ძირი ყოველი სიკეთისა, თვითმყო არსება, თვითმყოფადი ნათელი, თვითსრულყოფილი ჭეშმარიტება. იგი არ იკავებს სიკეთეთა სიმრავლეს თავის თავში, არამედ გადმოანთხევს მას სხვებზე და გადმოანთხევს რა, კვლავაც სავსე რჩება; სხვებს რომ უხვად ანიჭებს, თავად არაფერში იკლებს; ყოველთვის რომ აფრქვევს და ყველას უზიარებს ამ სიკეთეებს, იმავე სრულყოფილებაში რჩება.
ხოლო რაც მე მაქვს (ამბობს იოანე), ნაანასხებია, რადგან სხვისგან მივიღე. ეს არის რაღაც მცირე მთლიანიდან და, თითქოს, მწირი წვეთი ენით აუწერელი უფსკრულისა და უსაზღვრო ზღვის წინაშე. თუმცა, ეს შედარებაც კი ვერ გამოხატავს იმას, რისი თქმაც გვინდა. ზღვას თუ წვეთს მოვაკლებთ, ზღვა შემცირდება, თუმცა შემცირება შესამჩნევი არ იქნება. მაგრამ იმ წყაროზე ამას ვერ ვიტყვით: რამდენიც არ უნდა ამოვწუროთ, არაფრით არ იკლებს.
ამიტომ სხვა შედარებაზე უნდა გადავიდეთ. ცხადია, ისიც სუსტი იქნება და ვერ აგვიხსნის იმას, რასაც ვეძებთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პირველთან შედარებით უფრო ახლოს მიგვიყვანს სათქმელ აზრთან. წარმოვიდგინოთ ცეცხლის წყარო, და აი, მისგან ათასი, ორი ათასი, სამი ათასი და მეტი სანთელი ინთება. განა ცეცხლი იმავე სისრულით არ რჩება მას შემდეგ, რაც თავის ძალას ამდენ სანთელს გაუზიარებს? ეს ყველამ იცის. თუკი გაყოფად და ნაწილების მოკლებით შემცირებად სხეულებში არის რაღაც ისეთი, რაც სხვებისთვის ძალის გადაცემის შემდეგ არაფრით არ მცირდება, მით უფრო მეტად უნდა იყოს ეს უსხეულო და უკვდავ ძალაში.
იოანე ამბობს: “და სავსებისა მისისაგან ჩვენ ყოველთა მივიღეთ”, და თავის მოწმობას ნათლისმცემლის მოწმობას უერთებს. სიტყვები: “და სავსებისა მისისაგან ჩვენ ყოველთა მივიღეთ” წინამორბედს კი არა, მოწაფეს ეკუთვნის. ეს სიტყვები კი იმას ნიშნავს: ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, რომლებიც დიდხანს ვურთიერთობდით მასთან და ტრაპეზს ვუზიარებდით, მხოლოდ მადლიერების გამო ვმოწმობთ. აჰა, იოანე, ადამიანი, რომელსაც არც კი ენახა იგი უწინ და არც ურთიერთობდა მასთან, არამედ მასთან ერთად სხვა დროს ნახა. Ნათელს სცემდა, და მან შესძახა: “უწინარეს ჩემსა იყო იგი”, რითაც ყველაფერი თქვა. ამასობაში კი ჩვენ ყველამ, თორმეტმა, სამასმა, ხუთასმა, სამმა ათასმა, ხუთმა ათასმა და ათობით ათასმა იუდეველმა, საერთოდ, ყველა მორწმუნის სიმრავლემ, როგორც მაშინდელმა, ისე ახლანდელმა და მომავალმა, მისგან მივიღეთ. რა მივიღეთ? “მადლი მადლის წილ”. მაინც რომელი მადლი რომელი მადლის წილ? ახალი ძველის ნაცვლად.
მსგავსად იმისა, როგორც იყო სიმართლე და სიმართლე (“სიმართლით სჯულისათა უბიწო”, ფილ. 3:6), რწმენა და რწმენა (“რწმენითი რწმენადმდე”, რომ. 1:17), შვილობა და შვილობა (“რომელთანი შვილებაჲ”, რომ. 9:4), დიდება და დიდება (“უკუეთუ წარმავალი დიდებით, უფროჲსღა არს დამკვიდრებული დიდებით”, 2 კორ. 3:11), სჯული და სჯული (“სჯული სულისა ცხოველისა განმათავისუფლა მე”, რომ. 8:2), მსახურება და მსახურება (“უკუეთუ მსახურებაჲ იგი”, 2 კორ. 3:7, 8, და სხვა ადგილას: “რომელნი სულითა ღმერთსა ვმსახურებთ”, ფილ. 3:3), აღთქმა და აღთქმა (“დავდვა მათ ზედა აღთქმა ახალი, არა ვითარცა აღთქუმაჲ იგი, რომელი დავდე მამათა მათთა თანა”, იერ. 31:31), განწმედა და განწმედა, ნათლისღება და ნათლისღება, მსხვერპლი და მსხვერპლი, ტაძარი და ტაძარი, წინადაცვეთა და წინადაცვეთა, ასევე არის მადლი და მადლი. მაგრამ აქ ერთი სახეა, ხოლო მეორე, ჭეშმარიტება; და ეს ორივე მხოლოდ რაღაც თანა-სახელოვანია და არა ერთი და იგივე. სურათებზეც და გამოსახულებებზეც ადამიანს უწოდებენ დახატულს შავი და თეთრი საღებავებით, ზუსტად ასევე, როგორც მას, ვისაც თავისი ბუნებრივი ფერი აქვს. და ქანდაკებებს, ოქროს ქანდაკებას იქნება თუ თიხისას, თანაბრად ქანდაკებებს უწოდებენ. მაგრამ სხვაა სახე და სხვა, ჭეშმარიტება. მაშასადამე, სახელების მსგავსების გამო საგნების იდენტურობაზე ნუ დავასკვნით, ისევე როგორც მათ განსხვავებაზე. თუ იყო სახე, ის არ იყო ჭეშმარიტებისთვის უცხო, უბრალოდ, თუ ის ჩრდილს შეიცავდა, ჭეშმარიტებაზე დაბალი იყო.
მაინც რა განსხვავებაა ყველა ამ ცნებას შორის? გნებავთ, ერთის ან ორის განმარტებით დავკავდეთ? ამგვარად, თქვენთვის გასაგები იქნება დანარჩენიც, და ჩვენ ყველანი დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი ბავშვებისთვის იყო გაკვეთილი, ზოგი კი, მოწიფული და ძლიერი ადამიანებისთვის; რომ ზოგიერთი დადგენილი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის, ზოგი კი, თითქოს ანგელოზებისთვის. რით დავიწყოთ? გნებავთ, თვით შვილობით? მაშასადამე, რა განსხვავებაა ძველ და ახალ აღთქმის შვილობას შორის? ის სიტყვით იყო პატივი, ეს კი, სინამდვილეში. იმის შესახებ ნათქვამია: “მე ვთქვი: ღმერთები ხართ თქვენ და ძენი მაღლისანი, ყველანი” (ფს. 81:6); ამის შესახებ: “ღმრთისაგან იშვნეს”. როგორ და რა სახით? “აბანოთა მიერ ახალშობისა და განახლებისა სულითა წმიდითა”. მათ, ძეთა სახელითაც კი, მონობის სული ჰქონდათ, ამ სახელწოდებით დაჯილდოვდნენ, მონებად დარჩნენ; ჩვენ კი, თავისუფალნი რომ გავხდით, ეს პატივი არა მხოლოდ სახელით, არამედ სინამდვილეში მივიღეთ. ამაზე მიუთითებდა პავლე, როდესაც ამბობდა: “არა მიგიღებიეს სული მონებისა კუალად შიშად, არამედ მიგიღებიეს სული შვილებისა, რომლითა ღაღადებთ: აბბა, მამაო!” (რომ. 8:15). როგორც ხელახლა შობილნი და, ასე ვთქვათ, ხელახლა შექმნილნი, ამიტომაც გვიწოდებენ ძეებად.
ხოლო თუ ვინმეს ძველი და ახალი აღთქმის განწმედის სახის გაგება მოუნდება, აქაც ბევრ განსხვავებას დაინახავს. ძველად ამ სახელს (წმინდანებს) მაშინ უწოდებდნენ, როდესაც კერპებს არ ემსახურებოდნენ, სიძვას არ სჩადიოდნენ, არ მრუშობდნენ; ჩვენ კი წმინდანები ვხდებით არა მხოლოდ იმათგან თავის შეკავებით, არამედ უმაღლესი სრულყოფილებების შეძენითაც. და თავდაპირველად ამ ნიჭს სულიწმიდის უშუალო მოქმედებით ვიღებთ, შემდეგ კი, საკუთარი ცხოვრებითაც, რომელიც იუდეველთა ცხოვრებაზე გაცილებით მაღალია. და რომ ეს სიტყვები ტრაბახი არ არის, მოისმინე, რა არის მათთვის ნათქვამი: ნუ მისნებთ, ნუ განსწმენდთ შვილებს თქვენსას, რადგან წმინდა ხალხი ხართ (მეორე სჯ. 18:10, 13). ამგვარად, მათთვის სიწმინდე წარმართული ჩვეულებებისგან თავის არიდებაში მდგომარეობდა; ჩვენთვის კი ასე არ არის, არამედ “რაჲთა იყვნენ წმიდანი”, ნათქვამია, “და ხორცითა და სულითა” (1 კორ. 7:34). ” მშვიდობა ეძიებდით ყოველთა თანა და სიწმიდე, რომლისა თჳნიერ ვერავინ იხილოს უფალი” (ებრ. 12:14). და: “აღვასრულოთ სიწმიდე შიშითა ღმრთისაჲთა” (2 კორ. 7:1). სიტყვა: წმინდა ყველას მიმართ ერთსა და იმავე აზრს არ გამოხატავს. წმინდას ღმერთსაც უწოდებენ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ. ნახე, რას ამბობს წინასწარმეტყველი, როდესაც სერაფიმებისგან მომდინარე ხმას გაიგონებს: “ვაჲ მე, რამეთუ დავსცხერ, რამეთუ კაცი ბაგითა უწმიდურითა ვარ და შორის ერსა, რომელსა აქუნდეს ბაგენი უწმიდურნი, ვჰგიე” (ეს. 6:5), არადა, წინასწარმეტყველი წმინდა და სუფთა იყო. მაგრამ თუ ჩვენს სიწმინდეს ზეციურის მიხედვით შევაფასებთ, უწმინდურნი აღმოვჩნდებით. წმინდანები არიან ანგელოზები და მთავარანგელოზები, წმინდანები არიან ასევე სერაფიმები და ქერუბიმები; მაგრამ კვლავ არის განსხვავება ჩვენსა და უმაღლეს ძალებს შორის სიწმინდეში.
დანარჩენი ცნებების განხილვაც შემეძლო, მაგრამ ვხედავ, რომ სიტყვა ზედმეტად ხანგრძლივი ხდება. ამიტომ, შემდგომ კვლევას თავს ვანებებთ და დანარჩენ საკითხებზე მსჯელობას თქვენ გიტოვებთ: თქვენ შეგიძლიათ სახლში, მათი შედარებით, გაიგოთ მათ შორის განსხვავება და მსგავსი სახით დანარჩენიც გამოიკვლიოთ. “ეც სწავლაჲ ბრძენსა, და უფროჲსღა ბრძენ იყოს” (იგავ. 9:9). ამგვარად, ჩვენ მიერ დაწყებული თქვენ დაასრულეთ. ჩვენ კი სიტყვის ძველ წესრიგს უნდა დავუბრუნდეთ.
მას შემდეგ, რაც თქვა: “და სავსებისა მისისაგან ჩვენ ყოველთა მივიღეთ”, მახარებელი დასძენს: “მადლი მადლის წილ”, და ამით გვიჩვენებს, რომ იუდეველებიც მადლით გადარჩებიან. “არა სიმრავლისათჳს თქუენისა”, ამბობს (ღმერთი), “არამედ მამათა თქუენთათჳს გამოგირჩიენ თქუენ”. და თუ ისინი ღმერთმა თავიანთი დამსახურებების გამო არ აირჩია, ცხადია, რომ ეს პატივი მადლით მიიღეს. ჩვენც ყველანი მადლით ვართ გადარჩენილნი, ოღონდ არა ისე, როგორც ისინი, არა იმავე, არამედ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებული ხარისხით. ამგვარად, მადლიც ჩვენთვის სხვაგვარია. ჩვენ გვეძლევა არა მხოლოდ ცოდვების მიტევება (ეს მათთან საერთო გვაქვს: “რამეთუ ყოველთა სცოდეს”, რომ. 3:23), არამედ გამართლებაც, განწმედაც, შვილობაც და სულის მადლიც, შეუდარებლად უფრო მანათობელი და უხვი. ამ მადლით ჩვენ ღვთისთვის საყვარლები გავხდით უკვე არა როგორც მონები, არამედ როგორც ძეები და მეგობრები. ამიტომაც არის ნათქვამი: “მადლი მადლის წილ”. და სჯულის ქვეშ ყოფნის ჟამინდელი განგებულებაც მადლის საქმე იყო, და თვით ჩვენი წარმოშობაც არარაობიდან; რაიმე წინმსწრები დამსახურებებისთვის კი არ მიგვიღია ეს საზღაური, როგორ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, როდესაც საერთოდ არ ვარსებობდით? არამედ იმიტომ, რომ ღმერთი ყოველ შემთხვევაში გვასწრებს თავისი კეთილმოქმედებებით. და არა მხოლოდ ჩვენი წარმოშობა არარაობიდან. Წარმოშობისთანავე იმის სწავლებაც, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა, არა, ამ კანონის ჩადება თვით ჩვენს ბუნებაში. Ჩვენში მოსამართლე სინდისის დამკვიდრება, ეს ყველაფერი უდიდესი მადლისა და ენით აუწერელი კაცთმოყვარეობის საქმეა. მადლის საქმეა ასევე ამ კანონის დაზიანების შემდეგ მისი განახლება დაწერილი კანონის მეშვეობით. მცნების დამრღვევთ, ერთხელ რომ მიეცათ, სასჯელები და ტანჯვები უნდა დაეტეხათ თავს. მაგრამ ეს არ მომხდარა; არამედ კვლავ გამოსწორება მოხდა და მიტევება ბოძებულ იქნა არა უფლებით, არამედ წყალობითა და მადლით. და რომ ეს წყალობითა და მადლით არის, ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს დავითი: “მყოფელი წყალობისა და სამართლისა ყოველთა მიმართ, რომელთა მიეწყინა. აუწყა გზანი თჳსნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა ნებანი თჳსნი” (ფს. 102:6, 7). და სხვა ადგილას: “ტკბილ და წრფელ არს უფალი, ამისთჳს ასწაოს ცოდვილთა გზასა” (ფს. 24:8).
ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 1:16 კონტექსტში
1:14სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
1:15იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემ შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
1:16და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
1:17რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
1:18ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.
პარალელური ადგილები: იოანე 1:16
- კოლასელთა მიმართ 1:19რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება,
- რომაელთა მიმართ 5:2ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;
- ეფესელთა მიმართ 2:5ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
- ეფესელთა მიმართ 2:10რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
- ეფესელთა მიმართ 4:7ხოლო თითოეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.
- ეფესელთა მიმართ 4:13ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
- კოლასელთა მიმართ 2:9რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება.
- კოლასელთა მიმართ 2:10და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა.
განაგრძე კითხვა: იოანე 1
სრულად წაიკითხე: იოანე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





