გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 15:10, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

იოანე 15:10

თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

იოანე 15:10 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების პირველი სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 15:10

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ირენე ლიონელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘დარჩით სიყვარულში ჩემში’, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. როგორ? ‘თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, ბრძანებს უფალი, როგორც მე დავიცავი მცნებები მამაჩემისა’.”

    მთელი განმარტება

    “დარჩით სიყვარულში ჩემში”, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. როგორ? “თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, ბრძანებს უფალი, როგორც მე დავიცავი მცნებები მამაჩემისა”.

    კვლავ კაცთმოყვარეობით აღსავსე სიტყვებს ვისმენთ. განა შესაძლებელი იყო, კანონმდებელი მცნებებს დამორჩილებოდა? ხედავთ, მსმენელთა უძლურების გამო როგორ მეტყველებს უფალი? იგი ყველაფერს მათი შეგნების შესაბამისად ამბობს, რათა აჩვენოს, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან, მათი მტრები დაიღუპებიან და ყველაფერი, რაც აქვთ, ძისგან აქვთ. თუკი ისინი უმწიკვლო ცხოვრებით იცხოვრებენ, ვერავინ და ვერასოდეს დაძლევს მათ.

    ყურადღება მიაქციეთ იმ ძალაუფლებას, რომლითაც უფალი მათ ელაპარაკება. მას არ უთქვამს: “დარჩით მამის სიყვარულში”, არამედ თქვა: “ჩემში”. რათა არ ეთქვათ: შენ ყველასთვის საძულველად გაგვხადე და ახლა მიგვატოვებ და მიდიხარო, აჩვენებს, რომ არ ტოვებს მათ, არამედ, პირიქით, თუკი მოისურვებენ, ისე მჭიდროდ დაუკავშირდება მათ, როგორც ლერწი უკავშირდება ტოტებს. ხოლო, რომ იმედს მიცემულნი უზრუნველად არ იქცნენ, ეუბნება, რომ მათი კეთილდღეობა წარმავალი იქნება, თუკი გულმოდუნებულნი იქნებიან.

    და რომ არ ეთქვათ: ჩვენ მამისეული მემკვიდრეობა დავკარგეთ, ყველამ მიგვატოვა და შიშვლები და უქონელნი გავხდითო, ქრისტე ამბობს: შემომხედეთ მე, მამას ვუყვარვარ, მაგრამ მომავალ განსაცდელებს ვიტან. მეც ახლა იმიტომ კი არ გტოვებთ, რომ არ მიყვარხართ. თუ მე სიკვდილს ვექვემდებარები და ამას მამის ჩემდამი სიყვარულის არ ნიშნად არ ვთვლი, თქვენც არ უნდა შეშფოთდეთ. თუ ჩემს სიყვარულში დარჩებით, ყველა ეს უბედურება სიყვარულს ვერ დაგაკარგვინებთ.

    მაშ, თუ სიყვარული ძლიერი და უძლეველია და მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება, საქმით ვაჩვენოთ იგი. ქრისტემ შეგვარიგა საკუთარ თავთან, როდესაც მტრები ვიყავით. ჩვენ კი, მეგობრები რომ გავხდით, ვეცადოთ, ასეთებად დავრჩეთ. მან დაიწყო, ჩვენ კი გავაგრძელოთ. მას საკუთარი სარგებლისთვის არ ვუყვარვართ, რადგან არაფერი სჭირდება, ჩვენ კი ჩვენივე სარგებლისთვის მაინც გვიყვარდეს. მან მტრები შეიყვარა, ჩვენ კი მეგობრები მაინც შევიყვაროთ.

    მაგრამ ჩვენ პირიქით ვიქცევით. ყოველდღე ვგმობთ ღმერთს ძარცვითა და ვერცხლისმოყვარეობით. შეიძლება, ვინმემ თქვას: შენ ყოველდღე ლაპარაკობ ვერცხლისმოყვარეობაზეო. ოჰ, ნეტავ შესაძლებელი იყოს ამაზე ყოველ ღამით ლაპარაკი! ნეტავ, ვინც მოედანზე გახლავთ თან და ვინც ტრაპეზთან გიზით, ცოლებმაც, მეგობრებმაც, შვილებმაც, მონებმაც, მიწის მუშაკებმაც, მეზობლებმაც და თვით კედლებმაც კი ამეტყველებულიყვნენ, რომ ამით, თუნდაც ცოტათი, შევკავებულიყავით! ამ სენმა მოიცვა მთელი სამყარო, დაეუფლა ყველას სულს და, ჭეშმარიტად, დიდია მამონას ძალა! ქრისტემ გამოგვისყიდა, ჩვენ კი ოქროს ვემსახურებით; ერთის ბატონობას ვქადაგებთ, მეორეს ვემორჩილებით და რასაც არ უნდა გვიბრძანებდეს, გულმოდგინედ ვასრულებთ და მის გამო გვავიწყდება ნათესაობა, მეგობრობა, ბუნება, კანონები და ყველაფერი. არავინ აპყრობს მზერას ზეცისკენ, არავინ ფიქრობს მომავალზე. მაგრამ დადგება დრო, როდესაც არც ამ სიტყვებს ექნებათ სარგებელი. “საფლავში ვინ გადიდებს შენ?” (ფს. 6:6).

    საოცნებოა ოქრო, ის ბევრ სიამოვნებას გვანიჭებს და პატივს გვმატებს, მაგრამ, არა იმდენს, რამდენსაც ზეცა. მდიდარს ბევრი გაურბის და სძულს, სათნო ადამიანს კი პატივს სცემენ და თაყვანს სცემენ. მაგრამ ღარიბზე, იტყვი, იცინიან, თუნდაც სათნო იყოს? იცინიან, მაგრამ არა ადამიანები, არამედ უსიტყვოები, ამიტომ არც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რადგან, ვირები რომ ღრიალებდნენ და ყვავები ყრანტალებდნენ, ყველა ბრძენი კი გვაქებდეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკანასკნელთა აზრს არ უგულებელვყოფდით და უსიტყვოთა ყვირილს ყურადღებას არ მივაქცევდით. ხოლო ისინი, ვინც დიდად აფასებენ აწმყოს, ყვავებს ჰგვანან და ვირებზე უარესები არიან. მეფე რომ გაქებდეს, შენ, რასაკვირველია, არ იზრუნებდი ბრბოს აზრზე, თუნდაც ყველას შენზე ეცინებოდეს. განა, როდესაც ყველა უფალი გაქებს, კოღოებისა და ბუზების ქებას კიდევ უნდა ეძებდე? ასეთები არიან, ჭეშმარიტად, ეს ადამიანები ღმერთთან შედარებით და უარესებიც კი.

    როდემდე უნდა ვიხოხოთ ტალახში? როდემდე უნდა დავნიშნოთ ჩვენთვის მსაჯულებად უზრუნველი ზარმაცები და მუცელღმერთები? მათ შეუძლიათ კარგად შეაფასონ კამათლის მოთამაშეები, ლოთები და მუცლისთვის მცხოვრებნი, სათნოება და ბიწიერება კი სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენიათ. ვინმეს რომ შენზე ეცინოს, რადგან არ იცი, როგორ გაიყვანო წყლის სადინარი არხები, შენ, უეჭველია, არ შეურაცხყოფდი, არამედ, პირიქით, დამცინავზეც კი გაიცინებდი ასეთი უცოდინრობის გამო. მაშ, რატომ ნიშნავ შენთვის მსაჯულებად სათნოებაში სავარჯიშოდ მსურველს იმ ადამიანებს, რომლებმაც საერთოდ არ იციან მისი შესახებ? ამიტომაც არასოდეს არ გვიმართლებს ამ ხელოვნებაში. ჩვენ ჩვენს საქმეს გამოცდილ ადამიანებს კი არ ვანდობთ, არამედ უმეცრებს, ისინი კი განსჯიან არა ისე, როგორც ხელოვნება მოითხოვს, არამედ საკუთარი უმეცრების მიხედვით. ამიტომ, გევედრებით, ზიზღით მოვეკიდოთ ბრბოს აზრს, განსაკუთრებით კი ნუ ვისურვებთ არც ქებას, არც ქონებას, არც სიმდიდრეს და სიღარიბეს რაიმე ბოროტებად ნუ ჩავთვლით. სიღარიბე გვასწავლის ჩვენ სიბრძნესაც, მოთმინებასაც და ყოველგვარ კეთილგონიერებასაც. ლაზარეც სიღარიბეში ცხოვრობდა და, მიუხედავად ამისა, გვირგვინი დაიდგა; იაკობი მხოლოდ პურის ქონას ისურვებდა; იოსები უკიდურეს სიღარიბეში იმყოფებოდა და არა მხოლოდ მონა, არამედ პატიმარიც იყო და, მიუხედავად ამისა, ამის გამო უფრო მეტად ვუკვირვართ მას. ჩვენ იმდენად არ ვადიდებთ მას იმ შემთხვევაში, როდესაც ხორბალს არიგებდა, რამდენადაც მაშინ, როდესაც საპყრობილეში იმყოფებოდა, იმდენად არა მაშინ. Ბორკილები ედო, არა მაშინ, როდესაც ტახტზე იჯდა, არამედ მაშინ, როდესაც ინტრიგებს განიცდიდა და გაყიდული იყო.

    მაშასადამე, წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი და ვიფიქროთ იმ გვირგვინებზე, რომლებსაც ეს ღვაწლი ქმნის, გაოცებულნი ვიყოთ არა სიმდიდრითა და პატივით, არა სიამოვნებებითა და ბატონობით, არამედ სიღარიბით, ბორკილებით, კავშირებითა და სათნოების გამო მოთმინებით. პირველთა დასასრული აღსავსეა არეულობითა და შფოთვით და მათი ფლობა მხოლოდ აწმყო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. Უკანასკნელთა ნაყოფია, ცა და ზეციური სიკეთე, “რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია” (1 კორ. 2:9), რომელთა ღირსი ყველა ჩვენგანი გახადოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლმა და კაცთმოყვარეობამ, რომელსაც დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  3. ბასილი დიდი4 საუკუნე
  4. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  8. ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე
  9. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  10. იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე
  11. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  12. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  13. ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 15:10 კონტექსტში

15:8ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.

15:9როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.

15:10თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

15:11ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული.

15:12ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

პარალელური ადგილები: იოანე 15:10

განაგრძე კითხვა: იოანე 15

სრულად წაიკითხე: იოანე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში