ნაუმი 2
1შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე!
2რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.
3წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.
4დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
5გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
6გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.
7გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
8წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.
9დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები.
10გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.
11სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი?
12ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით.
13აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა.
საქართველოს საპატრიარქო