ნეემია 4
1როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები.
2თავისი მოძმეებისა და სამარიელი მეომრების წინაშე ამბობდა: ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოამთავრებენ? ნუთუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბუგული ფერფლის გროვებიდან?
3ტობია ყამონელმა, მის გვერდით რომ იყო, მიუგო: როგორც არ უნდა ააშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს.
4ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში.
5ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენ წინაშე, რადგან მათ მშენებელნი გაანაწყენეს.
6ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ.
7როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.
8ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.
9მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.
10თქვა იუდამ: ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება.
11ჩვენი მტრები ამბობდნენ: ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, მუსრს გავავლებთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ.
12მაშინ მოდიოდნენ მათ ირგვლივ მცხოვრები იუდაელები და ათგზის გვიმეორებდნენ ყველა მხრიდან: იქნებ დაბრუნდეთო ჩვენთან.
13დაბლობ ადგილებში, კედლის გარეთ და უწყლო ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოებისდა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
14შევხედე, წამოვდექი და დიდებულებს, მმართველებსა და დანარჩენ ხალხს მივმართე: ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი, იბრძოლეთ თქვენი ძმების, ქალ-ვაჟების, ცოლებისა და სახლების გულისათვის.
15როგორც კი ჩვენმა მტერმა შეიტყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ღმერთმა გააქარწყლა მათი ზრახვა და ჩვენ ყველანი კედელთან დავბრუნდით, თითოეული თავის საქმეზე.
16იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.
17კედლის მშენებლები კედელს აშენებდნენ და ტვირთის მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
18თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.
19ვუთხარი დიდებულებს, თავკაცებს და სხვა ხალხს: დიდი და ვრცელი სამუშაო გვაქვს, ჩვენ კი კედელზე ვართ გაფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.
20ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენ მაგივრად.
21ასე ვაკეთებდით საქმეს. მათ ნახევარს განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა.
22ამავე დროს ხალხს ვუთხარი, რომ ყველას თავის ვაჟებთან ერთად იერუსალიმში ეთიათ ღამე, რომ ღამით ჩვენთან ეყარაულათ, დღისით კი ემუშავათ.
23არც მე, არც ჩემი ძმები, არც ჩემი ბიჭები, არც ჩემი მცველები, თან რომ მახლდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით, წყალზეც კი იარაღასხმული მივდიოდით.
საქართველოს საპატრიარქო