რიცხვთა 17
1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.
3აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს.
4დააწყვე ისინი სადღესასწაულო კარავში აღთქმის კიდობნის წინ, სადაც გეცხადებით თქვენ.
5ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენ წინააღმდეგ.
6დაელაპარაკა მოსე ისრაელიანებს და მისცა მას ყველა თავკაცმა კვერთხი, თითო კვერთხი თითოეულმა თავკაცმა, მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, აარონის კვერთხიც ერია მათ კვერთხებში.
7დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე აღთქმის კარავში.
8მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში.
9გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ისრაელიანებს, დაინახეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
10უთხრა უფალმა მოსეს: დააბრუნე აარონის კვერთხი აღთქმის კიდობნის წინაშე შესანახად, რათა იყოს იგი სასწაულად ურჩთათვის, რომ შეწყდეს მათი ჯანყი ჩემ წინააღმდეგ და არ დაიხოცონ.
11ასეც მოიქცა მოსე; როგორც უფალმა უბრძანა, ისე გააკეთა მოსემ.
12ასე უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით.
13ვინც კი უფლის კარავთან მიდის ახლოს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?
საქართველოს საპატრიარქო