
ფილიპელთა მიმართ 1:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.
ფილიპელთა მიმართ 1:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-19 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფილიპელთა მიმართ 1:12
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “როდესაც ფილიპელებმა შეიტყვეს, რომ პატიმრობაში იყო მოციქული, შეწუხდნენ და იფიქრეს, რომ შეწყდა ქადაგება. რას აკეთებს წმინდა პავლე? მაშინვე გაუქარწყლებს ამ ვარაუდს და ამბობს: ‘მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ ჩემი გარემოებანი უფრო მეტად წაადგა სახარების გავრცელებას’.”
მთელი განმარტება
როდესაც ფილიპელებმა შეიტყვეს, რომ პატიმრობაში იყო მოციქული, შეწუხდნენ და იფიქრეს, რომ შეწყდა ქადაგება. რას აკეთებს წმინდა პავლე? მაშინვე გაუქარწყლებს ამ ვარაუდს და ამბობს: “მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ ჩემი გარემოებანი უფრო მეტად წაადგა სახარების გავრცელებას”.
ეს არის მოსიყვარულე ადამიანის თვისება, აუხსნას ახლობლებს თავისი მდგომარეობა, რადგან ისინი წუხან მასზე. რას ამბობ, პავლე მოციქულო? შენ ბორკილებში ხარ, ხელს გიშლიან, როგორღა ვრცელდება სახარება?
“მინდა იცოდეთ, ძმებო...”, ხედავთ მოწაფეებზე ზრუნვას? მასწავლებლის გულმოდგინებას? ახლა კი მოწაფეების სინაზესაც მოვუსმინოთ მასწავლებლის მიმართ, რათა იცოდეთ, რომ სწორედ ამ ურთიერთმიჯაჭვულობამ გახადა ისინი ძლიერნი და შეუვალნი.
თუ “ძმა ძმისაგან შეწევნული, როგორც ქალაქი მტკიცე” (იგავ. 18:19), მით უფრო მრავალნი, სიყვარულის კვანძებით შეკრულნი, შეძლებენ ბოროტი დემონის ყოველგვარი ზრახვის მოგერიებას.
ჩვენ არ გვჭირდება არგუმენტების მოყვანა ან იმის მტკიცება, რომ პავლე მოციქული მიჯაჭვული იყო მოწაფეებთან, თუკი იგი ბორკილებში მყოფი ზრუნავდა მათზე და ყოველდღე კვდებოდა მათთვის ძლიერი ლტოლვით. მოწაფეები კი მთელი გულმოდგინებით იყვნენ მიჯაჭვულნი პავლე მოციქულთან, არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც.
მისმინეთ, რას ამბობს იგი ფივეს შესახებ: “გირჩევთ თქვენ ფივეს, ჩვენს დას, კენქრეის ეკლესიის დიაკონისას. Მიიღოთ იგი უფლისთვის ღირსეულად წმიდათათვის და დაეხმაროთ მას, რაშიც თქვენი დახმარება დასჭირდება, ვინაიდან იგი მრავალთა შემწე იყო და ჩემი თავადაც” (რომ. 16:1,2). აქ იგი მოწმობს მის გულმოდგინებას, რომელიც შუამდგომლობამდეც კი აღწევდა.
პრისკილა და აკვილა კი პავლესთვის სიკვდილისთვისაც მზად იყვნენ, როგორც იგი წერს მათ შესახებ: “მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა. Ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომლებმაც თავიანთი თავი დადეს ჩემი სულისთვის”, ანუ სიკვდილზე წავიდნენ (რომ. 16:3,4).
და კიდევ, ამავე ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: “ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის სიკვდილთან ახლოს იყო, რისკის ფასად იცავდა სიცოცხლეს, რათა შეევსო თქვენი მსახურების ნაკლებობა ჩემთვის” (ფილ. 2:30). ხედავთ, როგორ უყვარდათ მოძღვარი, როგორ ზრუნავდნენ მის სიმშვიდეზე საკუთარ სულზე მეტად? ამიტომაც ვერავინ აჯობა მათ მაშინ.
ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ ვისმინოთ, არამედ მივბაძოთ მათ. ჩემს სიტყვას მივმართავ არა მხოლოდ დაქვემდებარებულებს, არამედ წინამძღოლებსაც. Მოწაფეებმაც გამოიჩინონ დიდი ზრუნვა მასწავლებლების მიმართ და მასწავლებლებსაც ჰქონდეთ პავლეს სინაზე დაქვემდებარებულების მიმართ, არა მხოლოდ ახლოს მყოფების, არამედ შორს მყოფების მიმართაც.
ჭეშმარიტად, მთელ სამყაროში, როგორც ერთ სახლში მცხოვრები, ისე ზრუნავდა პავლე ყველას ხსნაზე. ყველაფერი თავისი მიატოვა, ბორკილები, მწუხარება, ჭრილობები და შევიწროებანი, და ყოველდღე იგებდა და იკვლევდა, როგორი იყო მოწაფეების მდგომარეობა. ხშირად მხოლოდ ამისთვის გზავნიდა ხოლმე ტიმოთეს ან ტიქიკოსს. ამ უკანასკნელის შესახებ ამბობს: “რათა იცოდეთ, რომ მან ანუგეშა თქვენი გულები” (ეფ. 6:22). ტიმოთეს კი: “აღარ მოვითმინე და გავგზავნე, რათა გამეგო თქვენი რწმენის შესახებ, ვაითუ როგორმე გაცდუნა თქვენ მაცდურმა და ამაო გამხდარიყო ჩვენი შრომა” (1 თეს. 3:5). ასევე გზავნიდა ტიტეს სხვა ადგილას და სხვას, სხვაგან.
ვინაიდან თვითონ, ხშირად აუცილებლობის გამო, ბორკილებით შეკრული ერთ ადგილას იმყოფებოდა და არ შეეძლო ყოფილიყო მათთან, ვინც მისთვის, როგორც საკუთარი შინაგანი ორგანოები, ისე ძვირფასი იყო, ურთიერთობა ჰქონდა მათთან თავისი მოწაფეების მეშვეობით.
ამრიგად, მაშინ ბორკილებში მყოფი, წერს ფილიპელებს: “მინდა იცოდეთ, ძმებო”, და მოწაფეებს ძმებს უწოდებს. აი, როგორია სიყვარული! იგი უარყოფს ყოველგვარ უთანასწორობას, არ იცის უპირატესობა და ღირსება, არამედ თუნდაც ვინმე ყველაზე მაღლა იდგეს, ეშვება ყველაზე დაბლა მდგომთან, როგორც იქცეოდა პავლე მოციქული.
მოვისმინოთ, რის შეტყობინებას ისურვებდა მათთვის: “ჩემი გარემოებანი უფრო მეტად წაადგა სახარების გავრცელებას”. როგორ, მითხარი, და რა სახით? ნუთუ გაგათავისუფლეს საპყრობილედან? ნუთუ მოიხსენი ბორკილი და უშიშრად ქადაგებ ქალაქში? ნუთუ, ეკლესიაში შესულმა, ვრცელი და მრავალი სიტყვა წარმოთქვი რწმენის შესახებ და მრავალი მოწაფე შეიძინე და წახვედი? ნუთუ მკვდრები აღადგინე და გასაოცარი გახდი? ნუთუ კეთროვნები განწმინდე და ყველანი უსიტყვოდ დაემორჩილნენ? ნუთუ დემონები განდევნე და ამაღლდი? არა, არაფერი მსგავსი, ამბობს იგი. მაშ, როგორ მოხდა სახარების წარმატება? “ისე, რომ ჩემი ბორკილები ქრისტესთვის ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისთვის და ყველა დანარჩენისთვის”.
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ფილიპელთა მიმართ 1:12 კონტექსტში
1:10რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,
1:11სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
1:12მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.
1:13ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის,
1:14რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.
პარალელური ადგილები: ფილიპელთა მიმართ 1:12
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:9ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
- რომაელთა მიმართ 8:28ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
- მოციქულთა საქმენი 11:19ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.
- მოციქულთა საქმენი 11:21და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.
- რომაელთა მიმართ 8:37ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
- მოციქულთა საქმენი 22:1კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენ წინაშე.
- მოციქულთა საქმენი 22:30მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.
- ესთერი 9:1მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოაწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა (იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრები აპირებდნენ მათ ძლევას, თუმცა პირუკუ კი მოხდა, იუდაელებმა ძლიეს თავიანთ მოძულეთ),
განაგრძე კითხვა: ფილიპელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: ფილიპელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



