
ფილიპელთა მიმართ 4:22: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი.
ფილიპელთა მიმართ 4:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფილიპელთა მიმართ 4:22
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მათ გაამხნევა და გააძლიერა იმის ჩვენებით, რომ ქადაგებამ მეფის სახლამდეც მიაღწია. თუკი სამეფო სასახლეში მყოფებმა ყველაფერი უგულებელყვეს ზეციური მეუფის გულისთვის, ხომ უფრო მეტად შეშვენოდათ მათ ამის გაკეთება. ესეც პავლეს სიყვარულის დასტური იყო, რომ მათზე ბევრს და მნიშვნელოვანს ჰყვებოდა და ლაპარაკობდა, რითაც მეფის კარისკაცებში მათდამი მოკითხვის სურვილს აღძრავდა, თუმცა არასოდეს ენახათ ისინი.”
მთელი განმარტება
მათ გაამხნევა და გააძლიერა იმის ჩვენებით, რომ ქადაგებამ მეფის სახლამდეც მიაღწია. თუკი სამეფო სასახლეში მყოფებმა ყველაფერი უგულებელყვეს ზეციური მეუფის გულისთვის, ხომ უფრო მეტად შეშვენოდათ მათ ამის გაკეთება. ესეც პავლეს სიყვარულის დასტური იყო, რომ მათზე ბევრს და მნიშვნელოვანს ჰყვებოდა და ლაპარაკობდა, რითაც მეფის კარისკაცებში მათდამი მოკითხვის სურვილს აღძრავდა, თუმცა არასოდეს ენახათ ისინი.
დიდი იყო სიყვარული მორწმუნეებს შორის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მაშინ ჩაგვრაში იმყოფებოდნენ. როგორ? ისე, რომ ერთმანეთისგან შორს მცხოვრებნი ურთიერთკავშირში იყვნენ და შორს მყოფნი, როგორც ახლოს მცხოვრებნი, ისე ესალმებოდნენ ერთმანეთს და ყოველი მათგანი სხვების მიმართ ისე იყო განწყობილი, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილების მიმართ. ღარიბი მდიდარის მიმართ ისევე იყო განწყობილი, როგორც მდიდარი ღარიბის მიმართ; და არანაირი უპირატესობა არ არსებობდა, რადგან ყველანი ერთნაირად იყვნენ მოძულებულნი და დევნილნი ერთი და იმავე მიზეზის გამო.
მსგავსად იმისა, როგორც სხვადასხვა ქალაქიდან გამოსული ტყვეები ერთ ქალაქში შეკრებილნი ერთმანეთთან მჭიდროდ მეგობრობენ. Საერთო უბედურება აერთიანებთ მათ, ასევე, მორწმუნეებსაც, როდესაც საერთო ტანჯვა და მწუხარება აერთიანებდათ, ერთმანეთის დიდი სიყვარული ჰქონდათ. მწუხარება რაღაც განუყრელი კავშირია, სიყვარულის გაძლიერება, (გულის) შემუსვრისა და კეთილგონიერების პირობა.
ისმინე, რას ამბობს დავითი: “კეთილი არს ჩემდა, რამეთუ დავმდაბლდი, რაჲთა ვისწავო სიმართლენი შენნი” (ფს. 118:71); და კიდევ სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: “კეთილ არს კაცისა, რაჟამს იტვირთოს უღელი სიჭაბუკით თჳსით” (გოდ. 3:27); და კიდევ: “ნეტარ არს კაცი, რომელსა სწავლიდე შენ, უფალო” (ფს. 93:12); და სხვა ვინმე ამბობს: “სწავლაჲ უფლისაჲ ნუ შეურაცხ-ჰყოფ” (იგავ. 3:11); და სხვა ადგილას: “შვილო, რაჟამს შეხჳდე მსახურებად უფლისა ღმრთისა, განჰმზადე სული შენი განსაცდელისათჳს” (ზირ. 2:1). ასევე, ქრისტე ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: “სოფელსა ამას შინა ჭირ ეგე თქუენდა; არამედ ნუ გეშინინ” (იოან. 16:33); და კიდევ: “თქუენ იტიროთ და იგლოვოთ, ხოლო სოფელი იხარებდეს” (იოან. 16:20); და კიდევ: “ვიწრო არიან ბჭენი და ძნელ გზაჲ” (მათ. 7:14). ხედავ, რომ მწუხარება ყველგან ქებულია, ყველგან წარმოდგენილია, როგორც აუცილებელი ჩვენთვის?
მართლაც, თუკი გარეგნულ ღვაწლშიც მის გარეშე ვერავინ იღებს გვირგვინს, შრომით განმტკიცების, საჭმლისგან განშორების, თავშეკავების წესების, მღვიძარებისა და უამრავი სხვა საშუალების გარეშე, მით უფრო აქ. ვის ისურვებდი (წარმოგედგინა)? მეფეს? მაგრამ ისიც უზრუნველად არ ცხოვრობს, პირიქით, სავსეა მრავალი მწუხარებითა და საზრუნავით. დიადემას კი ნუ უყურებ, არამედ საზრუნავების ქარიშხალს, რომლისგანაც მისთვის არეულობა იბადება, ნურც პორფირს, არამედ მის სულს, ამ პორფირზე უფრო დაბინდულს. იმდენად გვირგვინი არ ეხვევა თავს, რამდენადაც საზრუნავი სულს. მცველების სიმრავლეს კი ნუ უყურებ, არამედ დარდების სიმრავლეს, ვერ იპოვი ვერც ერთ კერძო სახლს, რომელიც ისეთი საზრუნავებით იქნებოდა სავსე, როგორითაც სამეფო პალატებია სავსე. სიკვდილის სხვადასხვა სახეობა ყოველდღიურად იქ ელიან საკუთარიანებისგან და სისხლი ჩანს როგორც ტრაპეზის წინ, ისე სასმელების წინ. ღამით კი, როგორ ხშირად ხტებიან და წამოხტებიან სიზმრებისგან შეწუხებულნი, ამის თქმაც კი შეუძლებელია! და ეს მშვიდობიანობის დროს ხდება; თუკი ომი დადგება, საზრუნავები კიდევ უფრო იზრდება. მაშ, რა შეიძლება იყოს ამ ცხოვრებაზე უფრო საცოდავი? და რამდენი საზრუნავია საკუთარიანებისგან, ვგულისხმობ ქვეშევრდომებს? ისიც მართალია, რომ სამეფო ტახტი ყოველთვის გაჟღენთილია ხოლმე ნათესაური სისხლით. თუ გნებავთ, რაღაცას მოგიყვებით, და თქვენ მაშინვე გაიგებთ, რომ ეს (მართლაც) ასე ხდება. განსაკუთრებით ვიტყვი (მოვლენებზე) ძველებზე, თუმცა კარგად შენახულებზე მეხსიერებაში და ზოგიერთზე, ჩვენს დროში რომ მოხდა.
ვიღაცას, ამბობენ, ცოლის მრუშობაში ეჭვი რომ შეჰპარვია, შიშველი მთებზე მიაბა და მხეცებს მიუგდო, მაშინ როდესაც ის უკვე მრავალი მეფის დედა იყო მისთვის. როგორი ცხოვრება ჰქონდა, თქვენ რას ფიქრობთ? ძლიერი ვნებისგან რომ არ გამხდარიყო, ასეთ სასჯელს არ გამოიყენებდა. მანვე მოკლა თავისი ვაჟიც; ამასთან, მისმა ძმამ თავი მოიკლა საკუთარ შვილებთან ერთად. და ამბობენ, რომ მან თავისი ძმაც მოკლა. კიდევ, ერთმა თავი მოიკლა, ტირანის მიერ შეპყრობილი, მეორემ კი თავისი ძმისშვილი მოკლა, რომელსაც მასთან ერთად ჰქონდა სამეფოში წილი, რომელიც თავადვე მისცა მას. ერთმა თავისი ცოლი წამლებისგან დაღუპული ნახა: არ მშობიარობდა და ვიღაც უბედურმა და ღარიბმა ქალმა (ჭეშმარიტად უბედურმა და ღარიბმა. Თავისი ხელოვნებით ღვთის წყალობის მოპოვების იმედი ჰქონდა), წამლები მისცა და დედოფალიც დაღუპა და თავადაც ერთად დაიღუპნენ. მეორე კი, ამის შემდეგ, მომწამვლელი წამლებით მოკლეს და თასი მისთვის უკვე სასმელი კი არა, სიკვდილი იყო. მის ვაჟს კი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ ჩაედინა, მომავლის შიშით თვალი დასთხარეს. ერთმა, არც კი ითქმის, რამდენად საცოდავად დაასრულა სიცოცხლე! ხოლო შემდგომში მყოფთაგან ერთი, როგორც ვიღაც ღარიბი და უბედური, ცხენებთან, სახლებთან და ყველა სხვა ნივთთან ერთად გადაწვეს, ცოლი კი ქვრივად დარჩა. შეუძლებელია იმის გამოთქმა, რა ცხოვრებისეული წყენის გადატანა მოუხდა მას იმ დროს, როდესაც იარაღი აღმართა. და ეს, ახლა რომ მეფობს, იმ დროიდან მოყოლებული, რაც დიადემით შეიმკო, შრომებში, საფრთხეებში, მწუხარებებში, დარდებში, განსაცდელებში და ინტრიგებში იმყოფება? მაგრამ ზეციური სამეფო ასეთი არ არის: მისი შეძენით, მშვიდობა, სიცოცხლე, სიხარული და მხიარულებაა. ხოლო (აქაური) ცხოვრება, როგორც მე ვთქვი, უზრუნველი ვერ იქნება. თუკი სამეფო მდგომარეობა, ცხოვრებისეულ ურთიერთობებში ყველაზე უფრო ნეტარი, ასეთი უბედურებებით არის სავსე, რა უნდა ითქვას კერძო მდგომარეობებზე? და რამდენი სხვა ბოროტებაა, გადათვლაც კი შეუძლებელია. რამდენი იგავიც კი შედგა ამისგან? თითქმის ყველა ტრაგედია, სცენაზე რომ წარმოადგენენ, მეფეებიდან არის აღებული. Მითებიც, რომლებშიც ასევე დიდი ნაწილი ნასესხებია იქიდან, რაც სინამდვილეში იყო, რის გამოც ისინი სიამოვნებასაც გვანიჭებენ, როგორიცაა, მაგალითად, თიესტოს ნადიმები და (მითი იმის შესახებ), თუ როგორ დაიღუპა მთელი ეს სახლი უბედურებებისგან. მაგრამ ეს ჩვენ საერო თხზულებებიდან ვიცით. თუკი გნებავთ, წმინდა წერილიდანაც ვიტყვით. საული პირველი მეფობდა, მაგრამ თქვენ იცით, როგორ დაიღუპა ის, უთვალავი უბედურების გამოცდის შემდეგ. მის შემდეგ დავითი, სოლომონი, აბია, ეზეკია, ოსია, ასევე, რადგან შეუძლებელია ამჟამინდელი ცხოვრების გავლა მწუხარების, შრომისა და დარდის გარეშე. მაგრამ ჩვენ იმაზე კი არ ვწუხვართ, რაზეც მეფეები, არამედ იმაზე, რისგანაც დიდ სარგებელს ვიღებთ. “რამეთუ მწუხარებამან ღმრთისამან სინანული შეუცვალებელი მოქმედებს ცხორებად” (2 კორ. 7:10). ამაზე უნდა ვწუხდეთ, ამაზე ვიდარდოთ, ამაზე შევინანოთ. ასე ინანებდა პავლე შემცოდველებზე, მათზე ტიროდა: “მრავლისა ჭირისა და გულისა შევიწროებისაგან გწერე თქუენ მრავლითა ცრემლითა” (2 კორ. 2:4). რაკი საკუთარი ცოდვების გამო დარდის მიზეზი არ ჰქონდა, სხვის ცოდვებზე დარდობდა და ისე დარდობდა, რომ საკუთარ ცოდვებად მიაჩნდა ისინი. სხვები ცდუნდებოდნენ და ის აალდებოდა; სხვები სუსტები იყვნენ და ის თანაუგრძნობდა სისუსტეებს (2 კორ. 11:29). ასეთი დარდი, კეთილია, ის ყოველგვარ ამქვეყნიურ სიხარულზე უკეთესია. ვინც ასე წუხს, მას ყველა ადამიანზე მეტად ვაფასებ; თვით უფალიც კი აკურთხებს ამ მტირალ, თანამგრძნობ ადამიანებს. იმდენად არ მიკვირს პავლე, საფრთხეებში რომ იმყოფებოდა, ან უკეთესი, არანაკლებ მიკვირს მისი ყოველდღიური სიკვდილის გამომწვევი უბედურებების გამო, რამდენადაც ეს აღმაფრთოვანებს (ე.ი. რომ სხვებზე დარდობდა). ეს ღვთისმოყვარე და სიყვარულით სავსე სულისგან მომდინარეობდა, იმ სიყვარულისგან, რომელსაც თავად ქრისტე ისურვებდა, ძმური და მამობრივი თანაგრძნობისგან, ან კიდევ უფრო მეტისგან, ვიდრე ეს ორივეა (თანაგრძნობა). ასეთ განწყობაზე უნდა ვიყოთ, ასე უნდა ვტიროდეთ; ასეთი ცრემლები დიდი მხიარულებით არის სავსე; ასეთი გოდება სიხარულის პირობაა. და ნუ მეტყვი: რა სარგებელი მოაქვს ჩემს ცრემლებს იმათთვის, ვისზეც ვტირი? თუნდაც ოდნავადაც ვერ დავეხმაროთ გასაჭირში მყოფთ, საკუთარ თავს უეჭველად გამოვადგებით. ვინც ამდენს წუხს (ცოდვებზე) სხვისაზე, ის მით უფრო იწუხებს საკუთარზე; ვინც ასე გლოვობს სხვის ცოდვებს, ის საკუთარ შეცოდებებსაც არ დატოვებს ცრემლების გარეშე, ან უფრო სწორად, არც იოლად შესცოდავს. მაგრამ, რაც ყველაზე საშინელია, ჩვენ, რომელთაც ნაბრძანები გვაქვს ასე ვიტიროთ შემცოდველებზე, არანაირ სინანულს არ ვავლენთ საკუთარ (ცოდვებშიც); პირიქით, (უკანონობებში) დაღუპულნი, არანაირ მწუხარებას არ ვავლენთ და ყველაფერზე უფრო მეტად ვზრუნავთ, ყველაფერზე უფრო მეტად ვფიქრობთ, ვიდრე საკუთარ შეცოდებებზე. ამიტომაც ვხარობთ უსარგებლო ამქვეყნიური სიხარულით, რომელიც მალე ქრება და უთვალავ მწუხარებას შობს. მაშ, ვიდარდოთ დარდით, სიხარულს რომ შობს; ნუ დავტკბებით სიხარულით, მწუხარებას რომ შობს. დავღვაროთ ცრემლები, დიდ სიამოვნებას რომ თესავს და ნუ ვიცინებთ სიცილით, კბილთა ღრჭენას რომ შობს ჩვენთვის. ვიწუხოთ დარდით, რომლისგანაც შვება წარმოიშობა და ნუ ვეძიებთ გართობებს, რომლისგანაც დიდი მწუხარება და სნეულება იბადება. ვიშრომოთ მიწაზე ცოტა, რათა ზეცაში განუწყვეტელი მხიარულება ვიგემოთ. საკუთარი თავი ამ წარმავალ ცხოვრებაში მწუხარებას დავუქვემდებაროთ, რათა საუკუნოებაში სიმშვიდე მივიღოთ. ნუ ვიმხიარულებთ ხანმოკლე საუკუნეში, რათა საუკუნოებაში არ ვიკვნესოდეთ. ან ვერ ხედავთ, როგორ წუხს ბევრი აქ ცხოვრებისეულ საგნებზე? იფიქრე, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და აიტანე მწუხარება და სნეულება, მომავალი (კეთილდღეობის) იმედით განმტკიცებული. შენ პავლეზე უკეთესი არ ხარ, პეტრეზე უკეთესი არ ხარ, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ სიმშვიდე, არამედ მთელი ცხოვრება შიმშილში, წყურვილსა და სიშიშვლეში გაატარეს. თუკი გინდა, რომ იგივე მიიღო, რაც მათ, რატომ მიდიხარ საპირისპირო გზით? თუკი გინდა იმ ქალაქს მიაღწიო, რომლის ღირსნიც ისინი გახდნენ, წადი გზით, რომელიც იქით მიდის. ხოლო იქით მიმყვანი გზა სიმშვიდისა კი არა, მწუხარებისაა; პირველი ფართოა, უკანასკნელი კი ვიწრო. წავიდეთ ამ უკანასკნელით, რათა საუკუნო სიცოცხლე მივიღოთ ქრისტე იესოში, უფალში ჩვენში, რომელთანაც მამასა და სულიწმიდას დიდება, ძლიერება, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფრემ ასური4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ფილიპელთა მიმართ 4:22 კონტექსტში
4:20ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
4:21მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
4:22მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი.
4:23ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.
პარალელური ადგილები: ფილიპელთა მიმართ 4:22
- კორინთელთა მიმართ ბ 13:13მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა.
- ფილიპელთა მიმართ 1:13ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის,
- რომაელთა მიმართ 16:16მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:13მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.
- მოციქულთა საქმენი 9:13მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
- ებრაელთა მიმართ 13:24მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელნი.
- იოანეს ეპისტოლე გ 1:14რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ. მშვიდობა შენდა. მოგიკითხავენ მეგობრები. სათითაოდ გადაეცი მოკითხვა ჩვენს მეგობრებს.
განაგრძე კითხვა: ფილიპელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ფილიპელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



