ფსალმუნი 10
1ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
2რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
3ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
4გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
5თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
6მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
7ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
8დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
9მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
10თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
11აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
12რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
13უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
14გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
15უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
16უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
17გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
საქართველოს საპატრიარქო