გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 102

1ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.

2ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.

3რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.

4დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.

5ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.

6ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.

7უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.

8ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.

9რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;

10შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.

11ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.

12შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.

13შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.

14რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.

15შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.

16რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.

17მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.

18დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.

19რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.

20რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.

21რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.

22როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.

23გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.

24ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;

25უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.

26ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.

27შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.

28ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენ წინაშე წარიმართება.

საქართველოს საპატრიარქო