გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 108

1გალობა.ფსალმუნი დავითისა. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.

2გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.

3გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.

4რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.

5ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.

6რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.

7ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.

8ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.

9მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.

10ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?

11ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?

12მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.

13ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.

საქართველოს საპატრიარქო