ფსალმუნი 147
1ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
4დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
5დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
6გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
7გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
12აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
13რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
14დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
15ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
17გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
18მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
19ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
20არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!
საქართველოს საპატრიარქო