გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 19

1გუნდისლოტბარს, დავითის საგალობელი. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

2დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.

3არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.

4მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.

5და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.

6ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.

7რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.

8მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

9შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.

10სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.

11და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.

12ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.

13ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.

14დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.

საქართველოს საპატრიარქო