გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 31

1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.

2მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.

3რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.

4გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.

5შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.

6შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.

7ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.

8და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.

9შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.

10რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.

11ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.

12გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.

13რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემ წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.

14მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.

15შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან.

16უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.

17უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში.

18დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.

19რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.

20შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან.

21კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში.

22და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.

23შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.

24გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.

საქართველოს საპატრიარქო