ფსალმუნი 34
1დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
2უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
3ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
4მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
5მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.
6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
7დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.
8განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.
9მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას.
10ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
11მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
12ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
13შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.
14ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.
15უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
16პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.
17მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
18ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
19მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
20ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
21მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
22იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
საქართველოს საპატრიარქო