ფსალმუნი 36
1გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
2რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
3მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
4უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
5უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
6სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
7რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.
8დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
9რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
10მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
11ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
12იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
საქართველოს საპატრიარქო