ფსალმუნი 42
1გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო!
2ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
3ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
4ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
5რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
6ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
7უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
8დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
9ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
10ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი?
11რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
საქართველოს საპატრიარქო