გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 44

1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.

2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.

3ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.

4შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.

5შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენ წინააღმდეგ.

6რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.

7არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.

8ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. სელა.

9მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.

10უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.

11მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.

12გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.

13მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.

14იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.

15ყოველდღე ჩემი აუგი ჩემ წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს

16შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.

17ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.

18არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.

19როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.

20ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,

21განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.

22ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.

23გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.

24რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?

25რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.

26აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.

საქართველოს საპატრიარქო