ფსალმუნი 52
1გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა. როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.
2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
3გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.
4გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
5ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
6ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
7აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
8ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
9გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე.
საქართველოს საპატრიარქო