გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 65

1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.

2მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.

3ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.

4ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.

5საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.

6განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.

7აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.

8და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.

9კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.

10მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.

11გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე.

12წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან.

13საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.

საქართველოს საპატრიარქო