ფსალმუნი 92
1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
2გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
3ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
4რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
5რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
6უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
7როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
8ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
9რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
10მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
11უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემ წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
12წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
13უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
14სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
15რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.
საქართველოს საპატრიარქო