გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 13:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 13:4

რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.

რომაელთა მიმართ 13:4 · საქართველოს საპატრიარქო

მოკლე პასუხი

(იობ. 1:9-10). ამგვარად, რათა მათზე ეს არ ეთქვა ვინმეს, მათ წინასწარ დაუხშეს უსირცხვილო პირი. მაგრამ, როგორც ვთქვი, ტყვე იქნება, მონა თუ უცხო, ცხოვრობს უცხო მიწაზე, თუკი იგი სათნოებით ცხოვრობს, ყველა მეფეზე უფრო მეფური იქნება. ხედავ, როგორ წყდება მონობა ცოლებისა, მსახურებისა და დაქვემდებარებულებისა?

იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე

ეკლესიაში საკითხავი: 14 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 13:4

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “(დან. 3:14). რა უპასუხეს მათ? შეხედე, როგორ აქცია სათნოებამ ისინი, ტყვეები, მეფეზე უფრო მეფურად და აჩვენა მათი ამაღლებული სული. მათ ისეთი სიმამაცით უპასუხეს, თითქოს მეფეს კი არა, ქვეშევრდომს ელაპარაკებოდნენ.”

    მთელი განმარტება

    ღმერთი შენი კეთილისმყოფელია. ხელისუფალი არა თუ საშიშია შენთვის, არამედ გაქებს კიდეც. არა თუ ხელს გიშლის, არამედ ხელს გიწყობს. მაშ, რატომ არ ემორჩილები მას, ვინც შენი შემწე და მაქებელია? იგი სათნოების მოხვეჭასაც გიადვილებს, რადგან ბოროტებს სჯის, კეთილებს კი წყალობს და პატივს მიაგებს. ამით კი ღვთის ნებას აღასრულებს. ამიტომაც უწოდა მას მოციქულმა მსახური.

    დავუკვირდეთ: მე გირჩევ სიმართლეს და ისიც იმავეს ითხოვს კანონით. მე გასწავლი, რომ არ უნდა იყო ვერცხლისმოყვარე და მპარავი, და ისიც იმავეს განსჯის. ამრიგად, ის ჩვენი თანამშრომელი და შემწეა. ამისთვის არის ღვთის მიერ მოვლენილი. გამოდის, რომ ორმაგ პატივისცემას იმსახურებს, იმიტომ, რომ ღვთის მიერ არის მოვლენილი და იმიტომ, რომ ჩვენთან ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება.

    “ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმ, გეშინოდენ” (რომ. 13:4). მაშასადამე, შიშს კი არ ბადებს ხელისუფალი, არამედ ჩვენი ბოროტება. “რამეთუ არა უქმად მახჳლი უპყრიეს”. ხედავ, როგორ წარმოგვიდგენს მას მოციქული შეიარაღებულად, როგორც მეომარს, რათა საშიში იყოს ცოდვილთათვის? “რამეთუ ღმრთის მსახური არს შენი შურისმგებელი რისხვითა ბოროტის მოქმედთა ზედა”.

    და რომ არ გაიქცე სასჯელის, შურისგებისა და მახვილის ხსენებაზე, მოციქული კვლავ ადასტურებს, რომ ხელისუფალი ღვთის კანონს აღასრულებს. რა მნიშვნელობა აქვს, თვითონაც კი არ იცოდეს ეს? ღმერთმა ასე განაწესა. მაშასადამე, თუკი ხელისუფალი სჯის ან აჯილდოებს, ღვთის მსახურია, რადგან იცავს სათნოებას და განდევნის ბოროტებას, იმას, რაც თავად ღმერთს სურს. რატომ ეწინააღმდეგები მას, ვინც ამდენ სიკეთეს აკეთებს და შენი საქმეების წარმატებას უწყობს ხელს? ბევრმა თავდაპირველად ხელისუფალთა გამო ისწავლა სათნოება, შემდგომში კი ღვთის შიშის გამო მიეჩვია მას. უხეშ ადამიანებზე უფრო მეტად მოქმედებს აწმყო, ვიდრე მომავალი. ამიტომ ის, ვინც შიშითა და პატივით განაწყობს ადამიანთა სულებს, რათა მათ შეძლონ მოძღვრების სიტყვის მიღება, სამართლიანად იწოდება ღვთის მსახურად.

    გსურს იცოდე მონობის მესამე სახე? იგი კიდევ უფრო მძიმე და საშინელია, ვიდრე წინა ორი. რაკი მათგან ვერ მივიღეთ ჭკუა, ღმერთმა კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი ბორკილები. რა არის ეს მესამე სახე? ეს არის ხელისუფალთა და მთავრობათა მორჩილება, არა ისეთი, როგორიც ცოლისა და მონებისა, არამედ გაცილებით უფრო საშინელი. ყველგან შეიძლება იხილო ალესილი მახვილები, ჯალათები, სიკვდილით დასჯა, წამება, ტანჯვა, სიცოცხლისა და სიკვდილის ძალაუფლება. და ის, რომ ამ სახის ბატონობაც ცოდვის გამო გახდა აუცილებელი, პავლე მოციქულის სიტყვებიდანაც ჩანს: “გინდა თუ არა გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი ქმენ და გაქებდეს შენ” (რომ. 13:3). “უკუეთუ ბოროტსა იქმ, გეშინოდენ, რამეთუ არა უქმად მახჳლი უპყრიეს” (რომ. 13:4). ხედავ, რომ ხელისუფალიც და მახვილიც ბოროტის მოქმედთათვის არის?

    მისმინე, რას ამბობს იგივეზე უფრო ცხადად: “ღმრთის მსახური არს შენი შურისმგებელი რისხვითა ბოროტის მოქმედთა ზედა” (რომ. 13:4). და არ უთქვამს: “ტყუილად კი არ არსებობს ხელისუფალი”, არამედ რა? “არა უქმად მახჳლი უპყრიეს”. ღმერთმა შენზე შეიარაღებული მსაჯული დაადგინა. როგორც გულმოწყალე მამა თავისი სიკეთით შვილებს, როდესაც ისინი უყურადღებობასა და ზრუნვას არ იჩენენ მის მიმართ და ბოროტად იყენებენ მშობლის სიყვარულს, მკაცრ მოძღვრებსა და მასწავლებლებს გადასცემს. Ღმერთმაც, თავისი სიკეთით, ჩვენი ბუნება, რომელმაც უგულებელყო იგი, ხელისუფალთ გადასცა, როგორც მასწავლებლებსა და დამრიგებლებს, რათა მათ გამოასწორონ ადამიანები უზრუნველობისაგან.

    თუ გნებავთ, ძველ აღთქმაშიც შეგვიძლია ვიხილოთ ეს, ანუ ის, რომ ჩვენი გახრწნილების გამო გახდა საჭირო ხელისუფლება. ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, გაღიზიანებული ბოროტების გამო, ამბობს: “რაჲსათჳს ჰხედევ ურჩულოთა და დუმნე ხარ, რაჟამს წარწყმედს უღმრთოჲ მართალსა მისსა? და დაჰყოფ ადამიანთა ვითარცა თევზთა ზღჳსათა და ვითარცა ქუეწარმავალთა, რომელთა არა ჰყავნ მთავარი” (აბაკ. 1:13-14). მაშასადამე, უხუცესი, ხელისუფალი და მთავარი იმისთვის არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ “ვითარცა ქუეწარმავალნი”; ხელისუფალი იმისთვის არის, რომ ერთმანეთი არ ვჭამოთ, “ვითარცა თევზთა”. როგორც წამალია სნეულებათათვის, ასევეა სასჯელი დანაშაულთათვის.

    ხოლო ის, რომ სათნოების მოყვარეს არ სჭირდება ეს ხელისუფლება, მოისმინე, რას ამბობს პავლე: “გინდა თუ არა გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი ქმენ და გაქებდეს შენ” (რომ. 13:3). მსაჯული, ამბობს, შენი ზედამხედველია. თუ კარგად ცხოვრობ, ის არა თუ ზედამხედველობს, არამედ გაქებს კიდეც. და რას ვამბობ ხელისუფალთა სარგებელზე, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მქონენი უფრო მაღლა დგანან ყველაფერზე? კანონები ხომ უფრო მაღლა დგანან ხელისუფალზე და, ამის მიუხედავად, მართალი ადამიანი კანონებსაც არ საჭიროებს. ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს პავლე: “რამეთუ მართალსა კაცსა არა უწეს კჳრი” (1 ტიმ. 1:9). თუ კანონი არ უწესია, მით უმეტეს, არც ხელისუფალი დადგება მასზე მაღლა. აი, მონობის მესამე სახე, რომელიც ასევე ცოდვასა და ბოროტებას ემყარება.

    ხელისუფლების მოშიშთაც შეიძლება შეგვეკითხონ: რატომ არიან ისინი ხელისუფლების უღელქვეშ, როდესაც სხვები ბოროტად ცხოვრობდნენ? ყველა ამ კითხვაზე პირველი პასუხი იქნება ის, რომ წინაპრებმა შესცოდეს და ურჩობით შემოიღეს მონობა, ხოლო შთამომავლებმა თავიანთი ცოდვებით გააძლიერეს შემოღებული მონობა. უკანასკნელთ რომ სამუდამოდ შეენარჩუნებინათ თავი ცოდვებისაგან წმინდად, მაშინ, როგორც ჩანს, წარმატებით შეძლებდნენ წინააღმდეგობის გაწევას; მაგრამ თუ ისინიც ექვემდებარებიან ბევრ სასჯელს, მაშინ ამგვარი გამართლება ამაოა. მე ხომ არ მითქვამს, რომ ცოდვა უკვე აღარ წარმოშობს მონობას, არამედ ის, რომ ყოველგვარი ცოდვა დაკავშირებულია მონობასთან და მიზეზი ცოდვის ბუნებაში ვეძიე და არა მხოლოდ ცოდვის განსხვავებაში. როგორც ყველა განუკურნებელი სნეულება სიკვდილამდე მიგვიყვანს, მაგრამ ყველა სნეულება ერთნაირი თვისებისა არ არის, ასევე ყველა ცოდვა წარმოშობს მონობას, მაგრამ ყველას ერთნაირი თვისება არ აქვს.

    იგივე უნდა ითქვას მონებზეც; იგივე, დაქვემდებარებულებზეც, ანუ ის, რომ პირველმა ადამიანებმა შემოიღეს ცოდვა, ხოლო მათმა შთამომავლებმა თავიანთი ცოდვებით გააძლიერეს ბატონობის ძალა. შეიძლება სხვა ახსნის მოტანაც, ანუ იმის თქმა, რომ მრავალი, სათნოებისკენ მიბრუნებული, გათავისუფლდა ბატონობისაგან. გსურს ამის ხილვა ხელისუფალთა მაგალითზე? ნაბუქოდონოსორი მეფე იყო; მან ძალიან გააძლიერა ღუმელი და შიგ ჩაყარა სამი ყმაწვილი, რომლებიც იყვნენ ახალგაზრდები, მარტონი, დაუცველები, მონები, ტყვეები, რომლებსაც სამშობლო არ ჰქონდათ. და რას ამბობს იგი? “ნებსით, სედრაქ, მისაჰ და აბედნაგო, ღმერთთა ჩემთა არა ჰმსახურებთ და ხატსა ოქროჲსა, რომელი აღვმართე, არა თაყუანის-სცემთ?” (დან. 3:14). რა უპასუხეს მათ? შეხედე, როგორ აქცია სათნოებამ ისინი, ტყვეები, მეფეზე უფრო მეფურად და აჩვენა მათი ამაღლებული სული. მათ ისეთი სიმამაცით უპასუხეს, თითქოს მეფეს კი არა, ქვეშევრდომს ელაპარაკებოდნენ. “არაჲ გჳჴმს ჩუენ შენდა სიტყჳს მიგებად ამისთჳს” (დან. 3:16). ჩვენ მტკიცებულებას სიტყვით კი არა, საქმით წარმოვადგენთ. “ღმერთი ჩუენი, რომელსა ჩუენ ვჰმსახურებთ, ძალ-უც ძალად გჳჴსნეს ჩუენ ღუმელისაგან” (დან. 3:17). მათ დანიელის წყალობა გაიხსენეს და წარმოთქვეს იგივე სიტყვები, რაც მაშინ თქვა წინასწარმეტყველმა. რა თქვა მან? “საიდუმლოჲ, რომელსა მეფჱ იკითხავს, ვერ შეუძლონ გამოცხადებად მეფესა ბრძენთა, ვერცა მოგუთა, ვერცა მესაიდუმლეთა, ვერცა მესულდგმულეთა. არამედ არს ღმერთი ცათა შინა, რომელი გამოაჩინებს საიდუმლოთა” (დან. 2:27-28). ამ სიტყვებით მათ სურდათ მისი გულის მოლბობა. შემდეგ ამბობენ: “უწყებულ იყავნ შენდა, მეფეო, რამეთუ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ და ხატსა ოქროჲსა, რომელი აღჰმართე, არა თაყუანის-ვსცემთ” (დან. 3:18).

    დაუკვირდი ამ ყმაწვილთა სიბრძნეს. რათა დამსწრეებს ღვთის უძლურება არ დაენახათ, თუკი ისინი სიკვდილს იგემებდნენ ღუმელში ჩაყრის შემდეგ, მათ წინასწარ აღიარეს მისი ძლიერება და თქვეს: “ღმერთი ჩუენი, რომელსა ჩუენ ვჰმსახურებთ, ძალ-უც ძალად გჳჴსნეს ჩუენ ღუმელისაგან”. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ისინი ცეცხლისაგან იხსნიდნენ თავს. Არ ეფიქრათ მათზე, თითქოს ისინი ღმერთს ჯილდოსა და საზღაურის სანაცვლოდ ემსახურებოდნენ, დაამატეს: “უწყებულ იყავნ შენდა, მეფეო, რამეთუ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ და ხატსა ოქროჲსა, რომელი აღჰმართე, არა თაყუანის-ვსცემთ”. ამრიგად, მათ ღვთის ძალა გააცხადეს და თავიანთი სულის სიმტკიცე აჩვენეს, რათა მათზე არ ეთქვა ვინმეს იგივე, რაც ეშმაკმა იობის შესახებ ცილისწამებით თქვა: “ნუ უკუე ცუდად ჰმსახურებს იობ ღმერთსა? არა თუ შენ ზღუდე აღუმართე მას და სახლსა მისსა და ყოველსა, რაჲცა აქუს?” (იობ. 1:9-10). ამგვარად, რათა მათზე ეს არ ეთქვა ვინმეს, მათ წინასწარ დაუხშეს უსირცხვილო პირი. მაგრამ, როგორც ვთქვი, ტყვე იქნება, მონა თუ უცხო, ცხოვრობს უცხო მიწაზე, თუკი იგი სათნოებით ცხოვრობს, ყველა მეფეზე უფრო მეფური იქნება. ხედავ, როგორ წყდება მონობა ცოლებისა, მსახურებისა და დაქვემდებარებულებისა?

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. კონსტანციუსი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 13:4 კონტექსტში

13:2ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

13:3ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.

13:4რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.

13:5ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.

13:6სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 13:4

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 13

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში