მეფეთა ა 21
1ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს. ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?
2მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები.
3ახლა, რა გექნება სახელდახელოდ? მომეცი ხუთი პური ან რაც მოგეძევება.
4მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: სადაგი პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ ნაკურთხი პური მაქვს. ოღონდ ცოლებს ხომ არ გაჰკარებიან შენი მსახურები?
5მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.
6მისცა მას მღვდელმა ნაკურთხი პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საუფლო პურისა, რომელსაც იღებენ ხოლმე უფლის ტაბლიდან, რომ მის ნაცვლად ახალი პური დააწყონ.
7იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მორჩილთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი.
8უთხრა დავითმა ახიმელექს: ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე.
9უთხრა მღვდელმა: იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე; აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს. თქვა დავითმა: არაფერია ამის მსგავსი. მომეცი.
10ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მოვიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
11უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო?
12გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
13გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.
14უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?
15შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემ წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?
16წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.
საქართველოს საპატრიარქო