მეფეთა ა 22
1იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.
2წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.
3დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.
4უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ნუ დარჩები ამ თავშესაფარში. ადექი და იუდას ქვეყანაში წადი. წავიდა დავითიც და მივიდა ხარეთის ტყეში.
5შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული იჯდა გიბყაში, მაღლობზე მუხის ქვეშ, ხელში შუბი ეჭირა და მისი მორჩილნი იდგნენ მის ახლოს.
6უთხრა საულმა ახლოს მდგარ მორჩილთ: ისმინეთ, ბენიამინელნო! ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად,
7ყველანი რომ შეითქვით ჩემ წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
8მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
9რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.
10დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, ნობში რაც იყო, და მივიდნენ მეფესთან ყველანი.
11უთხრა საულმა: ყური მიგდე, ახიტუბის ძევ! მიუგო: გისმენ, ჩემო ბატონო.
12უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემ წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
13მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: ვინ არის დავითივით ერთგული შენს მორჩილთა შორის? მეფის სიძე, შენი მორჩილი და შენს სახლში პატივდებული:
14ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელ სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი.
15თქვა მეფემ: უნდა დაიხოცოთ, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლი.
16უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ შემატყობინეს. მაგრამ არ უნდოდათ მეფის მორჩილთ ხელი აღემართათ და დასხმოდნენ თავს უფლის მღვდლებს.
17უთხრა მეფემ დოეგს: შენ წადი და დახოცე მღვდლები. წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი.
18და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, ვაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა.
19გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი.
20უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.
21უთხრა დავითმა აბიათარს: მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მოუტანდა საულს. ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი.
22ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.
23შეატყობინეს დავითს: აჰა, ფილისტიმელები დასხმიან თავს კეყილს და კალოებს აჩანაგებენ.
საქართველოს საპატრიარქო