გადასვლა შინაარსზე

მეფეთა ა 25

1იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა.

2სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი.

3შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.

4გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით.

5უთხარით ასე: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელ შენს საბადებელს!

6ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას.

7ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.

8წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ.

9მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან.

10ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?

11უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები.

12უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა.

13მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.

14ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.

15კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.

16ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელ მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.

17არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.

18უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის.

19როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შემოხვდა მათ აბიგაილი.

20ამბობდა დავითი: ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.

21ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო.

22როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა.

23ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს.

24ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები.

25ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის.

26აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან.

27აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს.

28თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის.

29როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს,

30ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი.

31უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს.

32კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე.

33მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.

34მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე.

35მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.

36მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.

37ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.

38გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.

39მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.

40ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ.

41არ დააყოვნა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მოახლე წაიყვანა, და მიჰყვა დავითის მოციქულებს. ასე გახდა იგი დავითის ცოლი.

42იზრეყელიდან ახინოყაბი მოიყვანა დავითმა და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები.

43ხოლო მელქოლა, თავისი ქალიშვილი, დავითის ცოლი, საულმა ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა.

44მივიდნენ ზიფიელები საულთან გიბყაში და უთხრეს: არ იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?

საქართველოს საპატრიარქო