მეფეთა ა 24
1როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, ენგადის უდაბნოშიაო დავითი.
2აიყვანა საულმა მთელი ისრაელისგან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში.
3მივიდა ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა შიგ საული საჭირო საქმეზე, ხოლო დავითი და მისი კაცები გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ.
4უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
5ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
6უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი
7გაკიცხა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე.
8ადგა ამის შემდეგ დავითი და გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიაძახა საულს: მეფევ ბატონო! როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი სცა მას.
9უთხრა დავითმა საულს: რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი?
10ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.
11შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენ წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
12უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
13როგორც ძველი ანდაზა ამბობს: ბოროტისაგან ბოროტება გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე!
15უფალი იყოს მსაჯული, და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.
16როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული.
17უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
18დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი.
19ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
20ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
21ახლა უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ გასწყვეტ ჩემ შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.
22შეფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები თავშესაფარში ავიდნენ.
23მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა.
საქართველოს საპატრიარქო