მეფეთა ა 27
1ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
2ცხოვრობდა დავითი აქიშთან გეთში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი - ახინოყაბი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი.
3შეატყობინეს საულს, გეთში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი.
4უთხრა დავითმა აქიშს: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მორჩილი შენ გვერდით სამეფო ქალაქში?
5მისცა აქიშმა იმ დღესვე ციკლაგი; ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
6ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
7ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
8დაამარცხებდა დავითი მთელ ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
9ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.
10არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.
11მიენდო აქიში დავითს; ფიქრობდა, თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და ჩემი გახდებაო სამუდამოდ.
12იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი!
საქართველოს საპატრიარქო