მეფეთა ა 28
1უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.
2მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
3შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს.
4როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული.
5დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.
6უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.
7სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.
8უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?
9უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.
10ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე.
11დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!
12უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.
13ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა.
14უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.
15უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
16ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.
17რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.
18ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.
19უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეოდა, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
20მივიდა ის ქალი საულთან და როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: აჰა, ისმინა შენი ბრძანება შენმა მხევალმა და ხიფათში ჩაიგდო თავი.
21ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად.
22იუარა საულმა და თქვა: არ შევჭამ. როცა არ მოეშვნენ მისი მორჩილნი და ის ქალიც, დაჰყვა მათს ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
23ჰყავდა იმ ქალს სახლში ნასუქალი ხბო; სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
24მიართვა საულს და მის მორჩილთ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
25ამასობაში ფილისტიმელებმა შეკრიბეს მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში. ხოლო ისრაელი წყაროსთან იყო დაბანაკებული, იზრეყელში.
საქართველოს საპატრიარქო