გადასვლა შინაარსზე

მეფეთა ბ 1

1მოვიდა მესამე დღეს საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დავარდა და თაყვანისცა.

2უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.

3უთხრა დავითმა: რა ამბავი მოხდა, მიამბე! თქვა კაცმა: ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან; ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ.

4უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?

5მიუგო ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: გილბოაყის მთაზე მოვხვდი და, ვხედავ, შუბზეა საული დაყრდნობილი და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან მას.

6უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. მივუგე გისმენ, ბატონო-მეთქი.

7მითხრა: ვინ ხარ? მივუგე: ყამალეკელი ვარ.

8მითხრა: დამეცი თავს და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, სული კი ჯერ არ ამომხდომია.

9მივედი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.

10ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო.

11მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.

12ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს; სადაური ხარ? მიუგო: ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.

13უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?

14დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: აქ მოდი და მოკალი ეს კაცი. მანაც დაჰკრა და მოკვდა იგი.

15უთხრა მას დავითმა: შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული.

16ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.

17თან ბრძანა, ესწავლათ იუდიანებს მშვილდი. აჰა, სწერია მართალთა წიგნში:

18შეიბღალა შენი მშვენება, ისრაელო, შენს მაღლობებზე! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!

19ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.

20გილბოაყის მთებო! არ გეღირსოს ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!

21განგმირულთა სისხლისგან, ვაჟკაცთა გულ-ღვიძლისგან არ ბრუნდებოდა უკან იონათანის მშვილდი; საულის ხმალი ფუჭად არ ბრუნდებოდა!

22საულ და იონათან! საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ.

23ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს.

24როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.

25ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.

26როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!

საქართველოს საპატრიარქო