მეფეთა ა 31
1მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.
2გაუძნელდა ბრძოლა საულს; ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს იგი მშვილდოსნებმა.
3უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.
4როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.
5ერთ დღეს, ერთად დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი.
6როცა დაინახეს ტაშირს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
7მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
8თავები დააჭრეს და საჭურველი აჰყარეს. დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის.
9დადვეს მისი საჭურველი აშთაროთის ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს.
10როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს,
11ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დაწვეს.
12აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ, მერე შვიდ დღეს მარხულობდნენ.
13ეს მოხდა საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა დავითი ციკლაგში ორ დღეს.
საქართველოს საპატრიარქო