
მოციქულთა საქმენი 3:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
მოციქულთა საქმენი 3:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მაისი, 2027, ბრწყინვალე შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 3:12
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პეტრე კვლავ მოქმედებს და ქადაგებს. პირველად იუდეველები (ცეცხლოვანი) ენების სასწაულმა აღძრა მოსასმენად, ახლა კი, ამან. მაშინ პეტრემ სიტყვა მათი ბრალდებებით დაიწყო, ახლა კი, მათი ფარული ფიქრებით. ვნახოთ, რით განსხვავდება ეს ქადაგება იმისგან და რა აქვს საერთო მასთან. ის ქადაგება სახლში იყო წარმოთქმული, როდესაც არავინ შეერთებოდა (მოციქულებს) და როდესაც მათ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, ეს კი, როდესაც ყველა გაოცებული იყო. Განკურნებული იქვე იდგა, როდესაც არავის ეპარებოდა ეჭვი, როგორც მაშინ, როდესაც ამბობდნენ, ‘ესენი თვინიერ ღვინით არიან მთვრალნი’ (საქ. 2:13). მაშინ პეტრე ყველა მოციქულთან ერთად საუბრობდა, ახლა კი, მხოლოდ იოანესთან ერთად: მას უკვე აღარ ეშინია და უფრო თამამად საუბრობს. აი, როგორია სათნოება: როდესაც იწყებ, წინ მიიწევ და არსად ჩერდები. შეხედე, როგორ იყო (განგებით) მოწყობილი ისიც, რომ სასწაული ტაძართან მოხდა, რათა სხვებიც გამხდარიყვნენ გაბედულნი. ისინი ამას არც რაიმე იდუმალ ადგილას აკეთებენ და არც ფარულად, არამედ, არც ტაძრის შიგნით, სადაც ბევრი ხალხი იყო. რატომ დაიჯერეს ეს, იკითხავ? იმიტომ, რომ თავად განკურნებული ახარებდა ამ კეთილ საქმეს. ის, რა თქმა უნდა, არ იცრუებდა და არ მივიდოდა უცხო ადამიანებთან. მაშასადამე, მოციქულებმა სასწაული იქ იმიტომ მოახდინეს, რომ ეს ადგილი ფართო იყო, ან იმიტომ, რომ ეს იყო გამოყოფილი ადგილი. დააკვირდი, როგორ მოხდა ეს: ისინი ერთი მიზეზით მივიდნენ, ხოლო სხვა რამ გააკეთეს. ასევე კორნელიუსიც, მარხულობდა და ერთ რამეს ევედრებოდა, ხოლო სხვა რამ იხილა. აქამდე ისინი ყველგან ქრისტეს ნაზარეველს უწოდებენ: ‘იესუ ქრისტეს ნაზარეველის სახელით, ამბობს (პეტრე), აღდეგ და იარე’, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ზრუნავდნენ, რომ მასში ერწმუნათ.”
მთელი განმარტება
პეტრე კვლავ მოქმედებს და ქადაგებს. პირველად იუდეველები (ცეცხლოვანი) ენების სასწაულმა აღძრა მოსასმენად, ახლა კი, ამან. მაშინ პეტრემ სიტყვა მათი ბრალდებებით დაიწყო, ახლა კი, მათი ფარული ფიქრებით. ვნახოთ, რით განსხვავდება ეს ქადაგება იმისგან და რა აქვს საერთო მასთან. ის ქადაგება სახლში იყო წარმოთქმული, როდესაც არავინ შეერთებოდა (მოციქულებს) და როდესაც მათ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, ეს კი, როდესაც ყველა გაოცებული იყო. Განკურნებული იქვე იდგა, როდესაც არავის ეპარებოდა ეჭვი, როგორც მაშინ, როდესაც ამბობდნენ, “ესენი თვინიერ ღვინით არიან მთვრალნი” (საქ. 2:13). მაშინ პეტრე ყველა მოციქულთან ერთად საუბრობდა, ახლა კი, მხოლოდ იოანესთან ერთად: მას უკვე აღარ ეშინია და უფრო თამამად საუბრობს. აი, როგორია სათნოება: როდესაც იწყებ, წინ მიიწევ და არსად ჩერდები. შეხედე, როგორ იყო (განგებით) მოწყობილი ისიც, რომ სასწაული ტაძართან მოხდა, რათა სხვებიც გამხდარიყვნენ გაბედულნი. ისინი ამას არც რაიმე იდუმალ ადგილას აკეთებენ და არც ფარულად, არამედ, არც ტაძრის შიგნით, სადაც ბევრი ხალხი იყო. რატომ დაიჯერეს ეს, იკითხავ? იმიტომ, რომ თავად განკურნებული ახარებდა ამ კეთილ საქმეს. ის, რა თქმა უნდა, არ იცრუებდა და არ მივიდოდა უცხო ადამიანებთან. მაშასადამე, მოციქულებმა სასწაული იქ იმიტომ მოახდინეს, რომ ეს ადგილი ფართო იყო, ან იმიტომ, რომ ეს იყო გამოყოფილი ადგილი. დააკვირდი, როგორ მოხდა ეს: ისინი ერთი მიზეზით მივიდნენ, ხოლო სხვა რამ გააკეთეს. ასევე კორნელიუსიც, მარხულობდა და ერთ რამეს ევედრებოდა, ხოლო სხვა რამ იხილა. აქამდე ისინი ყველგან ქრისტეს ნაზარეველს უწოდებენ: “იესუ ქრისტეს ნაზარეველის სახელით, ამბობს (პეტრე), აღდეგ და იარე”, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ზრუნავდნენ, რომ მასში ერწმუნათ.
ნუ დავიღლებით ამ ამბის დასაწყისით, არამედ, თუ ვინმე რაიმე დიდებულ საქმეზე საუბრისას შეჩერდება, კვლავ დავიწყოთ თავიდან. თუ ასე ყოველთვის მოვიქცევით, მალე მივალთ დასასრულამდე, მალე ავალთ მწვერვალზე, რადგან გულმოდგინებისგან, როგორც ამბობენ, გულმოდგინება იბადება, ხოლო სიზარმაცისგან, სიზარმაცე. ვინც მცირედი რამ გააკეთა ისე, როგორც საჭიროა, მან მიიღო წახალისება, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეს შეუდგეს, აქედან კი, კიდევ უფრო შორს წავიდეს. და როგორც ცეცხლი, რაც უფრო მეტ შეშას მოიცავს, მით უფრო ძლიერდება, ასევე გულმოდგინებაც, რაც უფრო მეტად აღძრავს ღვთისმოსავ აზრებს, მით უფრო მეტად შეიარაღდება აზრების დანარჩენი სახეების წინააღმდეგ. მაგალითს მოვიყვან. ჩვენში, ეკლების მსგავსად, არის ფიცის გატეხვა, სიცრუე, თვალთმაქცობა, ვერაგობა, მოტყუება, ცილისწამება, დაცინვა, სიცილი, სირცხვილისმეტყველება, გმობა; მეორე მხრივ, ვერცხლისმოყვარეობა, ძარცვა, უსამართლობა, ცილისწამება, ბოროტი ზრახვები; შემდეგ, ბოროტი გულისთქმა, უწმინდურება, სიძვა, მრუშობა; ასევე, შური, ეჭვიანობა, რისხვა, მძვინვარება, ბოროტების ხსოვნა, შურისძიება, გმობა და ათასობით მსგავსი მანკიერება.
თუ პირველებისგან გამოვსწორდებით, მაშინ გამოვსწორდებით არა მხოლოდ მათგან, არამედ მათ მიერ, მათ მომდევნო მანკიერებებისგანაც, რადგან ჩვენი სული ამისგან უფრო დიდ ძალას იძენს მათ გასანადგურებლად. მაგალითად, თუ ის, ვინც ხშირად იფიცებს, მიატოვებს ამ ეშმაკისეულ ჩვევას, მაშინ მასში არა მხოლოდ ეს მანკიერება გამოსწორდება, არამედ სხვა სახის ღვთისმოსაობაც გამოჩნდება. მე მგონია, რომ არც ერთი არმფიცებელი არ მოინდომებს რაიმე სხვა ბოროტების ადვილად ჩადენას, არამედ შერცხვება იმ სათნოების, რომელსაც უკვე მიაღწია. როგორც მშვენიერი სამოსელის მატარებელს ერიდება ტალახში გორაობა, ასევე, ისიც. აქედან კი მივა იქამდე, რომ არც გაბრაზდება, არც იჩხუბებს და არც იგინება. ასე რომ, თუ მხოლოდ ერთხელ გაკეთდება მცირე კეთილი საქმე, მაშინ უკვე ყველაფერი გაკეთდება. თუმცა, ხშირად ხდება საწინააღმდეგოც: ერთხელ კარგად მოქცევის შემდეგ, ჩვენ სიზარმაცის გამო კვლავ ვვარდებით ძველ მანკიერებებში, ისე, რომ ამის გამო თვით გამოსწორებაც კი შეუძლებელი ხდება. მაგალითად, ჩვენ დავადგინეთ კანონი, რომ არ ვიგინოთ; სამი ან თუნდაც ოთხი დღის განმავლობაში ვასრულებდით მას; მაგრამ შემდეგ რაიმე საჭიროება შეგვხვდა, და ჩვენ გავფლანგეთ მთელი შეგროვებული მოგება. მაშინ ჩვენ ვვარდებით უზრუნველობაში და სასოწარკვეთილებაში, ისე, რომ აღარც კი გვინდა კვლავ შევეხოთ იმავეს. და ეს ბუნებრივია. ვინც აიშენებს რაიმე შენობას და შემდეგ დაინახავს, რომ მისი ნაგებობა ჩამოინგრა, ის ნაკლები მონდომებით შეუდგება კვლავ მშენებლობას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ უნდა ვიყოთ უზრუნველნი, არამედ, პირიქით, კვლავ უნდა გამოვიყენოთ მთელი მონდომება.
მაშასადამე, დავადგინოთ ყოველდღიური კანონები და დავიწყოთ ჯერჯერობით მსუბუქით. მოვკვეთოთ ჩვენი ბაგეებიდან ხშირი ფიცი, მოვთოკოთ ენა, ნურავინ დაიფიცებს ღმერთს. ეს არ მოითხოვს ხარჯებს, არ მოითხოვს შრომას, არ მოითხოვს ხანგრძლივ სწავლებას: საკმარისია მოვინდომოთ და, ყველაფერი დამთავრებულია, რადგან ეს, ჩვევის საქმეა. დიახ, გთხოვთ და ვედრებით გევედრებით, გამოვიჩინოთ ამის მიმართ მონდომება. მითხარი: მე რომ (თქვენთვის) ფულის შეტანა მებრძანებინა, განა თითოეული თქვენგანი მზადყოფნით არ მოიტანდა თავისი ძალის შესაბამისად? მე რომ უკიდურეს საფრთხეში გენახეთ, განა თქვენი სხეულის ნაწილსაც კი არ გასცემდით, მისი მოკვეთა რომ შესაძლებელი ყოფილიყო? და ახლა მე საფრთხეში ვარ, და დიდ საფრთხეში, ისე, რომ ციხეში რომ ვიყო, ან ათასობით დარტყმა რომ მიმეღო, ან მაღაროებში რომ ვიმყოფებოდე, მაშინაც კი უფრო მეტად არ ვიდარდებდი. გაგვიწოდეთ დახმარების ხელი. დაფიქრდით, რაოდენ დიდია საფრთხე, როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ ამ უმცირესი საქმის გაკეთებაც კი: მე მას ძალიან მცირეს ვუწოდებ იმ შრომის მიხედვით, რასაც ის მოითხოვს. რას ვიტყვი მაშინ ბრალდებების საპასუხოდ? რატომ არ ამხილე? რატომ არ უბრძანე? რატომ არ დაადგინე კანონი? რატომ არ შეაჩერე ურჩები? საკმარისი არ იქნება, თუ ვიტყვი: მე ვარწმუნებდი. არამედ საჭირო იყო, მეთქვას მე, უფრო ძლიერი საყვედურის გამოყენებაც. ხომ არწმუნებდა ელიც, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რომ მის შვილებს შეგადაროთ! ისიც არწმუნებდა და ისიც ამბობდა: “ნუ, შვილებო ჩემნო, არა კეთილი არს სმენად ჩემდა, რომელსა მე მესმის” თქვენზე (1 მეფ. 2:24); ამასობაში, წმინდა წერილი შემდგომ ამბობს, რომ მან არ დაარიგა თავისი შვილები (1 მეფ. 3:13), და ამას იმიტომ ამბობს, რომ ის არ არიგებდა მკაცრად და საყვედურით. ნუთუ უცნაური არ არის, რომ იუდეველთა სინაგოგებში კანონებს ასეთი ძალა აქვთ, თუმცა ყველაფერს ის უბრძანებს, ვინც ასწავლის, აქ კი ჩვენ ასეთ უგულებელყოფაში და ზიზღში ვართ? საკუთარ დიდებაზე არ ვზრუნავ მე (ჩემი დიდება, თქვენი კეთილი ცხოვრებაა); არამედ, თქვენს ხსნაზე. ყოველდღე ვღაღადებთ, ხმამაღლა ვუცხადებთ თქვენს გასაგონად, და, ამასობაში, რადგან არავინ უსმენს, ჩვენ არ გამოვხატავთ არანაირ სიმკაცრეს. მეშინია, რომ ამ უადგილო და დიდ გულმოწყალებისთვის პასუხი არ მოგვეთხოვოს მომავალი სამსჯავროს დღეს. ამიტომ ხმამაღალი და მკაფიო ხმით ყველას ვუცხადებ და ვევედრები, რომ მათ, ვინც ამ დანაშაულში არიან დამნაშავენი და წარმოთქვამენ სიტყვებს, რომლებიც მტრობიდან მომდინარეობენ (მათ. 5:37), ეს კი ფიცია, არ გადააბიჯონ საეკლესიო ზღურბლს. მაგრამ ეს თვე დაგინიშნოთ გამოსასწორებლად. ნუ მეტყვი: ამას მაიძულებს აუცილებლობა, რადგან მე არ მენდობიან. დატოვე ჯერჯერობით ჩვევით წარმოთქმული ფიცები. ვიცი, რომ ბევრი ჩვენზე იცინებს, მაგრამ სჯობს, რომ ახლა დაგვცინონ, ვიდრე მაშინ ვიტიროთ. და ისიც იცინებენ უგუნურები; სინამდვილეში, მითხარი, ვინ იცინებს საღი გონებით იმაზე, რომ მცნება სრულდება? თუკი იცინებენ, ასეთი ადამიანები იცინებენ არა ჩვენზე, არამედ ქრისტეზე. შეგზარათ ამ სიტყვებმა? მე სავსებით მჯერა ამის. რადგან, მე რომ ეს კანონი შემოვიღო, სიცილი ჩემკენ იქნებოდა მიმართული; თუკი სხვა კანონმდებელია, მაშინ დაცინვა მასზე გადადის. ოდესღაც ქრისტეს აფურთხებდნენ და ლოყაში ურტყამდნენ, და სილას სცემდნენ: ასე ახლაც ის ამას ითმენს და აქ არაფერია შეუსაბამო. ამიტომ არის გამზადებული გეენა, ამიტომ, დაუსრულებელი მატლი. აჰა, მე კვლავ ვამბობ და ვმოწმობ. დაე, ვინც მოინდომებს, იცინოს; დაე, ვინც მოინდომებს, დაგვცინოს: ჩვენ იმიტომ ვართ დაყენებულნი, რომ ჩვენზე იცინოდნენ და დაგვცინოდნენ, და რომ ჩვენ ყველაფერი დავითმინოთ. ჩვენ “ვითარცა ნაგავი სოფლისა, ყოველთა განწმედა”, ნეტარი პავლეს სიტყვისამებრ (1 კორ. 4:13). თუ ვინმე არ ისურვებს ამ ბრძანების შესრულებას, მაშინ ამ სიტყვით, როგორც საყვირით, ვუკრძალავ ასეთ ადამიანს საეკლესიო ზღურბლის გადაბიჯებას, თუნდაც ის უფროსი იყოს, თუნდაც თვით დიადემის მატარებელი. ან წამართვით ეს ძალა, ან, თუ მე მასთან დავრჩები, ნუ შემახვევით საფრთხეებს. მე არ შემიძლია ამ ტახტზე ასვლა (რაიმე) დიდებულის აღსრულების გარეშე. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სჯობს ქვემოთ ვიდგე, რადგან არაფერია იმაზე უარესი, როდესაც უფროსი ქვეშევრდომებს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. შეეცადეთ კიდევ, გთხოვთ, და ყურადღებით იყავით; ან უკეთ რომ ვთქვათ: ერთად ვეცადოთ და მაშინ აუცილებლად იქნება რაიმე სარგებელი. იმარხულეთ, ევედრეთ ღმერთს, და თქვენთან ერთად (ვილოცებთ) ჩვენც, რათა მან გაანადგუროს ჩვენში ეს დამღუპველი ჩვევა.
დიდი საქმეა, გახდე სამყაროს მასწავლებელი; ცოტას არ ნიშნავს, როდესაც ყველგან გაიგებენ, რომ ამ ქალაქში არავინ იფიცებს. თუ ეს იქნება, მაშინ თქვენ მიიღებთ ჯილდოს არა მხოლოდ თქვენი ღვაწლისთვის, არამედ ძმებზე ზრუნვისთვისაც: თქვენ გახდებით სამყაროსთვის ისეთივე, როგორიც მე ვარ ახლა თქვენთვის. მაშინ, რა თქმა უნდა, სხვებიც შეგშურდებიან და თქვენ ჭეშმარიტად იქნებით ლამპარი, სასანთლეზე მდგომი. და ეს, იტყვი, ყველაფერია? არა, ეს ყველაფერი არ არის, არამედ ეს არის დანარჩენი (სათნოებების) დასაწყისი. ვინც არ იფიცებს, ნებით თუ უნებლიეთ, სირცხვილისგან თუ შიშისგან, მაგრამ აუცილებლად მივა ღვთისმოსაობის სხვა საქმეებამდეც. მაგრამ ბევრი, იტყვი, არ დაგვეთანხმება და განგვშორდება? მაგრამ სჯობს ერთი ღვთის ნების აღმსრულებელი, ვიდრე ათასობით უკეთურნი (სიბრძნე ზირაქისა 16:3). სწორედ ამიტომ არის ყველაფერი დამხობილი, ყველაფერი უკიდურეს არეულობაშია, რომ ჩვენ, როგორც სანახაობებზე, ვეძებთ ხალხის სიმრავლეს და არა კეთილი ადამიანების სიმრავლეს. რა სარგებელი, მითხარი, შეიძლება მოგიტანოს ხალხის ბრბომ? გინდა იცოდე, რომ ხალხს წმინდანები შეადგენენ და არა ადამიანების ბრბო? გამოიყვანეთ ომში ასობით ათასი და ერთი წმინდანი: ვნახოთ, ვინ გააკეთებს მეტს? იესო ნავემ ბრძოლაში გამოვიდა და ერთმა ყველაფერი გააკეთა; და ამგვარად, დანარჩენებს არანაირი სარგებელი არ მოუტანიათ. ხალხის ბრბო, საყვარელნო, როდესაც ისინი არ აღასრულებენ ღვთის ნებას, არაფრით განსხვავდება იმათგან, ვინც სულაც არ არის. მე ვლოცულობ და მსურს, რომ ეკლესია ადამიანების სიმრავლით იმკობოდეს, მაგრამ, კეთილი ადამიანების სიმრავლით: ამისთვის მე სიამოვნებით დავანაწევრებდი საკუთარ თავს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მსურს, რომ ცოტანი იყვნენ კეთილნი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სჯობს ერთი ძვირფასი ქვა, ვიდრე ათასობით წვრილი მონეტა? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სჯობს ერთი ჯანმრთელი თვალი, ვიდრე მისი დაკარგვის შემდეგ სხეულის სიმსუქნით დამძიმება? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სჯობს ერთი ცხვარი ჯანმრთელი, ვიდრე ათასობით ქეციანი? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სჯობს ცოტა კეთილი შვილი, ვიდრე ბევრი ცუდი? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სასუფეველში, ცოტანი არიან, ხოლო გეენაში, ბევრნი? რა მინდა ადამიანების სიმრავლისგან? რა სარგებელია? არანაირი სარგებელი, არამედ უფრო ზიანი სხვებისთვის. რადგან ეს იგივეა, თითქოს ვინმეს, ათი ჯანმრთელის ყოლის შესაძლებლობისას, ათასობით ავადმყოფი მიეყვანა იმ ათთან. უმრავლესობას, როდესაც ისინი არაფერს აკეთებენ კეთილს, სხვა არაფერი მოაქვთ ჩვენთვის, გარდა დასჯისა იქ და უსახელობისა აქ. რადგან ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, არამედ (ყველა) გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ ჩვენ უსარგებლო ვართ. ასე სწორედ (წარმართები) ყოველთვის გვეუბნებიან ჩვენ, როდესაც ჩვენგან ესმით, რომ ჩვენ ბევრნი ვართ: ბევრნი ხართ, ამბობენ, მაგრამ ცუდები. აჰა, მე კვლავ გიკრძალავთ და ხმამაღალი ხმით გაუწყებთ თქვენ: ნურავინ ჩათვლის ამას ხუმრობად. მე მოვაშორებ და არ დავუშვებ ურჩებს. და სანამ მე ამ ტახტზე ვიჯდები, მე არ ვიტყვი უარს არც ერთ მის უფლებაზე. თუ ვინმე დამაგდებს, მე უკვე უდანაშაულო ვიქნები. სანამ მე პასუხისმგებელი ვარ, მანამდე არ შემიძლია უგულებელყოფა, არა საკუთარი დასჯის გამო, არამედ თქვენი ხსნისთვის, რადგან მე მხურვალედ გისურვებთ ხსნას. ამის გამო ვიტანჯები და ვავადმყოფობ. მაგრამ მომისმინეთ, რათა აქაც და მომავალ (საუკუნეშიც) მიიღოთ დიდი ჯილდო. Ჩვენ (ყველამ) ერთად დავტკბეთ საუკუნო სიკეთეებით, ღვთის მხოლოდშობილი ძის მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელთანაც მამასთან, სულიწმიდასთან, დიდება, ძალაუფლება, პატივი, ახლა და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ამ სიტყვაში უფრო მეტი გაბედულებაა (ვიდრე წინაში). ეს, არა იმიტომ, რომ ადრე (მოციქულს) ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანები, დამცინავები და მლანძღველები, ვერ აიტანდნენ (მსგავს გაბედულებას). ამიტომ, იმ სიტყვის დაწყებისას, ის მაშინვე აღძრავს მათ ყურადღებას წინასიტყვაობით და ამბობს: “ესე თქუენდა უწყებულ იყავნ და ყურადღებით იყვენით სიტყუათა ჩემთა” (საქ. 2:14). აქ კი მას არ სჭირდება ასეთი მომზადება. ეს ადამიანები უზრუნველნი არ იყვნენ; სასწაულმა ყველა მათგანი ყურადღებიანი გახადა, რის გამოც ისინი შიშმა და საშინელებამ მოიცვა. ამიტომ მოციქულს არც სჭირდებოდა (აქ) იმით დაწყება, არამედ (დაიწყო) სხვათი, რითაც ყველაზე მეტად განაწყო ისინი საკუთარი თავის მიმართ, თავიდან აიცილა ის აზრი, რაც მათ თავისთვის შეადგინეს. რადგან არაფერია ისე სასარგებლო და სასიამოვნო მსმენელებისთვის, როგორც ის, თუ მოსაუბრე არა მხოლოდ არაფერს ამბობს საკუთარ თავზე დიდებულს, არამედ ანადგურებს კიდეც აზრს ამის შესახებ. ასე (მოციქულებმა) უფრო მეტად განადიდეს საკუთარი თავი იმით, რომ ზიზღი გამოთქვეს დიდების მიმართ და აჩვენეს, რომ ეს იყო არა ადამიანური. Ღვთიური საქმე, და რომ ისინიც, სხვების მსგავსად, უნდა გაოცდნენ და არ უნდა იყვნენ გაოცების საგანი. ხედავ, როგორ (პეტრე), ამპარტავნებისგან შორს მყოფი, იცილებს დიდებას? ასე იქცეოდნენ ძველებიც. მაგალითად, დანიელი ამბობდა: “არა სიბრძნითა ჩემითა უფროის ყოველთა ცხოველთა გამოცხადებულ არს ჩემდა საიდუმლო ესე” (დან. 2:30). და კიდევ იოსები: “არა ღმრთისა მიერ არს გამოცხადება?” (დაბ. 40:8). და დავითი: “რაჟამს მოვიდოდა ლომი გინა დათვი”, უფლის სახელით ხელით ვგლეჯდი მათ (1 მეფ. 17:34, 35). ასე ახლაც მოციქულები: “რაჲსა ჰხედვიდით ჩუენ, ვითარმედ ჩუენითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითა ვქმენით ესე სლვად?” და ეს, ამბობენ, ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან არა საკუთარი ღირსებით მოვიზიდეთ ჩვენ ღვთის მადლი. მაგრამ უფრო გულმოდგინედ შევხედოთ იმას, რაც ზემოთ წავიკითხეთ. თავიდან (მოციქული) შთააგონებს, რომ მათ არ მოახდინეს სასწაული და ამბობს: “რაჲსა ჰკჳრდებით”? და რათა არ მისცეს შესაძლებლობა საკუთარ სიტყვებში დაეჭვებას და რათა უფრო სარწმუნო გახადოს ისინი, აფრთხილებს ამ ადამიანების განსჯას. “ჩუენ, ამბობს, რაჲსა ჰხედვიდით... ვითარმედ ჩუენითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითა ვქმენით ესე?” თუ ეს გაწუხებთ და გაბნევთ, მაშინ გაიგეთ, ვინ გააკეთა ეს და ნუ შეძრწუნდებით. და შეხედე, როგორ ყოველთვის უშიშრად ამხელს მათ, როდესაც ღმერთს მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერი, მისგან არის. ამიტომ ზემოთაც ამბობდა: “კაცი, გამოჩინებული თქუენ შორის” (საქ. 2:22).
იოანე კასიანე5 საუკუნე კასიოდორე სენატორი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 3:12 კონტექსტში
3:10იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
3:11რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.
3:12ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
3:13აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.
3:14მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 3:12
- კორინთელთა მიმართ ბ 3:5იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი;
- იოანე 3:27მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.
- იოანე 3:28თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული.
- შესაქმე 41:16მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას.
- მოციქულთა საქმენი 14:11როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.
- მოციქულთა საქმენი 14:15რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,
- დანიელი 2:28მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებშთ. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:
- დანიელი 2:30ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 3
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


