გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 5:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 5:14

რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

ეფესელთა მიმართ 5:14 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 29 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-26 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 5:14

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მძინარეზე და მკვდარზე საუბრობს, ცოდვებში მყოფზე, ვინაიდან იგიც, როგორც მკვდარი, ცუდ სუნს აფრქვევს, როგორც მძინარე, უძრავია და, მძინარესავით, ვერაფერს ხედავს, მხოლოდ ბოდავს და ოცნებობს.”

    მთელი განმარტება

    მძინარეზე და მკვდარზე საუბრობს, ცოდვებში მყოფზე, ვინაიდან იგიც, როგორც მკვდარი, ცუდ სუნს აფრქვევს, როგორც მძინარე, უძრავია და, მძინარესავით, ვერაფერს ხედავს, მხოლოდ ბოდავს და ოცნებობს.

    არიან ისეთებიც, რომლებიც ამ სიტყვებს სხვაგვარად კითხულობენ: “და შეეხები” “ქრისტეს”; სხვები კი ამბობენ: “გაგანათლებს შენ” “ქრისტე”. მაგრამ ეს უკანასკნელი უკეთესია. აღდექ ცოდვისაგან და შეძლებ ქრისტეს ხილვას. “ვინაიდან, ყველა, ვინც ბოროტს სჩადის, სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ” (იოან. 3:20). მაშასადამე, ვინც ბოროტს არ სჩადის, მიდის სინათლისკენ.

    მაგრამ ამას მხოლოდ ურწმუნოებზე როდი ამბობს. მრავალი მორწმუნეც არანაკლებ არის მიჯაჭვული უღმერთოებას. არიან ისეთებიც, ვინც უფრო მეტადაც კი სცოდავენ. ამიტომაც აუცილებელია მათთვის ითქვას: “გაიღვიძე, მძინარევ, და აღდექ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე”.

    მათთვის ზედმიწევნითია ამის თქმაც: “ღმერთი მკვდრების ღმერთი კი არ არის, არამედ ცოცხლებისა” (მათ. 22:32). მაშ, თუ მკვდრების ღმერთი არ არის, ვიცოცხლოთ!

    ზოგი ამბობს, რომ გამოთქმა: “მექრთამე კერპთაყვანისმცემელია”, გაზვიადებულია. მაგრამ ეს სულაც არაა გაზვიადებული, პირიქით, სრული ჭეშმარიტებაა. როგორ და რა სახით? იმით, რომ მექრთამე ღმერთს შორდება, ისევე, როგორც კერპთაყვანისმცემელი.

    და რომ არ იფიქრო, თითქოს ეს უსაფუძვლოდ ითქვა, აჰა, ქრისტეს სიტყვები: “ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც” (მათ. 6:24). ისინი, ვინც მამონას ემსახურებიან, ჩამოშორდნენ ღვთის მსახურებას. ხოლო ისინი, რომლებმაც უარყვეს მისი ბატონობა და უსულო ოქროს ემსახურებიან, აშკარა კერპთაყვანისმცემლები არიან.

    მაგრამ მე კერპი არ გამიკეთებია, საკურთხეველი არ დამიდგამს, მსხვერპლად ცხვრები არ შემიწირავს, ღვინო არ მიღვრია, ამბობს გამდიდრების მოყვარული, მე ეკლესიაში დავდიოდი. Ხელებს აღვმართავდი ღვთის მხოლოდშობილი ძის მიმართ, საიდუმლოებებში ვმონაწილეობ, ლოცვაში და ყველაფერ სხვაში მაქვს ზიარება, რაც ქრისტიანს შეჰფერის. მაშ, როგორ ვეთაყვანები კერპებს?

    აი, ეს არის საკვირველი, რომ შენ, გამოცდილმა და დაგემოვნებულმა ღვთის კაცთმოყვარეობამ, და დანახულმა, რომ უფალი კეთილია, მიატოვე კეთილი და საკუთარ თავზე მიიღე სასტიკი ტირანის ბატონობა. ამბობ, თითქოს არ ემსახურები მას, სინამდვილეში კი საკუთარი თავი ვერცხლისმოყვარეობის სასტიკ და აუტანელ უღელში ჩაიგდე.

    შენ ჩემთვის არაფერი გითქვამს შენს კეთილ საქმეზე, მხოლოდ, მეუფის ძღვენზე. მითხარი, გეკითხები, რის საფუძველზე ვმსჯელობთ მეომარზე? იმის საფუძველზე, რომ ის მეფის მცველად მსახურობს, მისგან იღებს სარჩოს და მისი სახელით იმკვევა, თუ იმის საფუძველზე. Ის არ ფიქრობს მის საქმეებზე, მხოლოდ გარეგნულად აჩვენებს, რომ მის მხარეს იჭერს და მის საქმეებზე ზრუნავს, თავად კი ხელს უწყობს მისი მტრების წარმატებას? ცხადია, იმის, რომ ის მეფის მცველია. ამიტომაც უფრო სასტიკ დასჯას იმსახურებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ აშკარად უარყოფდა მეფისთვის მსახურებას და მტრებს გადასცემდა თავს. ამიტომაც შენ თავხედურად აღდგები ღმერთის წინააღმდეგ, როგორც კერპთაყვანისმცემელი, არა მხოლოდ შენი ბაგეებით, არამედ უამრავი ადამიანის შეურაცხყოფით.

    მაგრამ მექრთამე კერპთაყვანისმცემელი არ არის, ამბობენ. როდესაც წარმართები ამბობენ: ქრისტიანი მექრთამეაო, მაშინ უკვე არა მარტო ის არცხვენს თავს საქმეებით, არამედ შეურაცხყოფილებსაც აიძულებს ხშირად ამის თქმას. თუ არ ამბობენ, ეს მათი სიფრთხილის შედეგად უნდა ჩავთვალოთ. განა არ ვხედავთ, რომ საქმე სწორედ ასე ხდება?

    რა არის კერპთაყვანისმცემელი? განა ის არ არის, ვინც ვნებებს ეთაყვანება, ნაცვლად იმისა, რომ ვნებას ფლობდეს? მაგალითად: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის კერპებს ეთაყვანება, ის ამბობს: არა, არა მათ, არამედ აფროდიტეს და არესს. და თუ ვიტყვით: ვინ არის თავად აფროდიტე? მათგან უფრო მცოდნენი ამბობენ: სიამოვნება. ვინ არის არესი? რისხვა. ასევე შენც პასუხობ მამონაზე. თუ ვიტყვით: რა არის მამონა? ვერცხლისმოყვარეობა, და შენ მას ეთაყვანები. არ ვეთაყვანები, ამბობ. რატომ? იმიტომ, რომ თავს არ იხრი? მაგრამ შენ გაცილებით მეტ თაყვანს სცემ საქმეებით და საქციელებით, ვინაიდან ასეთი თაყვანისცემა უფრო მნიშვნელოვანია. და რომ დარწმუნდე ამაში, შეხედე, ღმერთის მიმართ, ვინ უფრო ღირსეულად სცემს თაყვანს მას, ისინი, ვინც უბრალოდ ლოცულობენ, თუ ისინი, ვინც მის ნებას ასრულებენ? ცხადია, რომ უკანასკნელნი. ასევე მამონას მიმართ, ისინი, ვინც მის ნებას აღასრულებენ, უფრო მეტად ეთაყვანებიან მას. ამასთანავე, ვნებების თაყვანისმცემლები ხშირად თავისუფალნი არიან საკუთარი ვნებებისაგან. ასე, შეხედე არესის თაყვანისმცემელს, ის ხშირად ფლობს რისხვას. შენში კი სხვაგვარადაა, შენ თავად აქცევ საკუთარ თავს ვნების მონად.

    მაგრამ შენ ცხვრებს არ კლავ? სამაგიეროდ, ადამიანებს და გონების სულებს, ზოგს, შიმშილით, ზოგს, ცილისწამებით. არაფერია იმაზე უფრო საზარელი, ვიდრე მსგავსი მსხვერპლი! ვის უნახავს, რომ ოდესმე სულები დაეკლათ? დაწყევლილია ვერცხლისმოყვარეობის საკურთხეველი! თუ კერპების საკურთხეველთან მიხვალ, მისგან თხის სისხლის და ხარის სისხლის სუნს იგრძნობ; თუ ვერცხლისმოყვარეობის საკურთხეველს მიუახლოვდები, ადამიანის სისხლის მძიმე სუნს იგრძნობ. და თუ აქ გაჩერდები, ვერ შეამჩნევ დამწვარი ფრინველების ფრთებს, ვერც იმისგან ამომავალი კვამლის სუნს, არამედ, მოკვდინებულ ადამიანის სხეულებს. ზოგი ციცაბოდან გადავარდა, ზოგმა მარყუჟი მოიჭირა, ზოგმა დანით ყელი გამოჭრა.

    შენ ნახე უხეში და არაადამიანური მსხვერპლი? გინდა კიდევ უფრო სასტიკს შეხედო, ამათთან შედარებით? მე გიჩვენებ არა მარტო ადამიანის სხეულებს, არამედ ადამიანის სულებსაც, რომლებიც იქ იკვლებიან. რადგან სულის დაკვლაც შეიძლება, სულების შესაბამისი დაკვლით, ვინაიდან, როგორც სხეულისთვის არის სიკვდილი, ასევე სულისთვისაც. “სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება” (ეზეკ. 18:4). სულის სიკვდილი ისეთი არ არის, როგორიც სხეულის სიკვდილი, არამედ გაცილებით უფრო მძიმეა. ის სიკვდილი, ხორციელია, სულს და სხეულს ერთმანეთისგან აშორებს, ერთს მრავალი საზრუნავისა და შრომისგან ათავისუფლებს, მეორეს კი ცნობილ ადგილას წარგზავნის; შემდეგ კი სხეული, დროებით დაშორებული და განრიდებული, კვლავ უხრწნელებასთან ერთდება და კვლავ იღებს თავის სულს. ასეთია ეს სიკვდილი; სულის სიკვდილი კი საშინელი და საზარელია. ის სულს არ გადაიყვანს ცნობილ ადგილას, როგორც ეს სხეულს ემართება, მასთან განშორების შემდეგ, არამედ შეკრულს, კვლავ უხრწნელ სხეულთან ერთად, ჩააგდებს ჩაუქრობელ ცეცხლში. აი, ასეთია სულის სიკვდილი!

    მაშასადამე, მსგავსად იმისა, როგორც არის სულის სიკვდილი, არის სულის დაკვლაც. რაში მდგომარეობს სხეულის დაკვლა? მოკვდინებაში და სულიერი ძალის წართმევაში. რაშია სულის დაკვლა? ესეც მოკვდინებაა. რაში მდგომარეობს სულის მოკვდინება? როგორც სხეული მაშინ კვდება, როდესაც სული მას ტოვებს თავისი ძალის გარეშე, ასევე სული მაშინ მკვდარდება, როდესაც სულიწმიდა მას ტოვებს თავისი ძალის გარეშე. ეს დაკვლები განსაკუთრებით და აღესრულება ვერცხლისმოყვარეობის საკურთხეველზე. ისინი არ კმაყოფილდებიან, არ ჩერდებიან ადამიანის სისხლზე, არამედ, თუ თქვენ არ მიიტანთ თავად სულს, ვერცხლისმოყვარეობის საკურთხეველი ვერ გაძღება, თუ არ მიიღებს ორივეს სულს, მსხვერპლის შემწირველის და შესაწირავის სულს. რადგან აუცილებელია, პირველად მსხვერპლად შეეწიროს ის, ვინც მას სწირავს და ამგვარად ის აღასრულებს მსხვერპლშეწირვას და, მკვდარი, სწირავს ცოცხალს.

    თუ ცილისწამებ, ლანძღავ და მრისხანებ, განა ეს სულის განუკურნებელი ჭრილობები არ არის? ხედავ, რომ გამოთქმა გაზვიადებული არ არის? გინდა კიდევ მოისმინო და გაიგო, თუ როგორ არის ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობა, და უფრო მძიმე კერპთაყვანისმცემლობაზე? კერპთაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ ღვთის ქმნილებას. “და თაყვანს სცემდნენ, ამბობს მოციქული, და ემსახურებოდნენ ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად” (რომ. 1:25); შენ კი თაყვანს სცემ საკუთარ ქმნილებას. ღმერთს არ შეუქმნია ვერცხლისმოყვარეობა, არამედ ის შენმა უზომო გაუმაძღრობამ გამოიგონა. და შეხედე, რაოდენ უგუნური და სასაცილოა ეს. ისინი, ვინც კერპებს ეთაყვანებიან, პატივს მიაგებენ იმათ, ვისაც თაყვანს სცემენ, და თუ ვინმე ამ კერპებზე ცუდს იტყვის, თუ მათზე იცინებს, ისინი მათ დაიცავენ. შენ კი, თითქოს რაღაც თრობაში, თაყვანს სცემ საგანს, რომელიც არა მარტო თავისუფალი არ არის საყვედურისაგან, არამედ სავსეა უღმერთოებით. მაშასადამე, შენ გაცილებით უარესი ხარ მათზე, ვინაიდან ვერ იტყვი შენს დასაცავად, რომ ეს ბოროტება არ არის. თუ ისინი მეტად არიან დაუსაბუთებელნი, შენ კიდევ უფრო მეტად ხარ, როგორც ვერცხლისმოყვარეობის ურიცხვი რაოდენობით მგმობელი და იმათი დამცინავი, ვინც მას ემსახურება, მის წინაშე მონობს, მას ეძლევა.

    მაგრამ ხომ არ გნებავთ, გამოვიკვლიოთ, საიდან გაჩნდა კერპთაყვანისმცემლობა? ერთი ბრძენი კაცი ამბობს (სიბრძნ. 14:15), რომ ვიღაც მდიდარი კაცი, ძის ნაადრევი დაკარგვით შეძრწუნებული და მწუხარებაში არანაირი ნუგეშის არმქონე, ტანჯვის დაოკებას იმით ცდილობდა. Გარდაცვლილის უსულო გამოსახულება გაეკეთებინა და შემდეგ მას შეჰყურებდა, გამოსახულება თავად გარდაცვლილი ეგონა. ზოგიერთმა კი მლიქვნელმა ადამიანმა, რომელთათვისაც მუცელი ღმერთი იყო, გამოსახულების წინაშე მის პატივსაცემად მსახურებით, კერპთაყვანისმცემლობის ჩვეულება შემოიღო. მაშასადამე, ის სულის სისუსტით, უგუნური ჩვეულებით, თავშეუკავებლობით არის შემოღებული. ვერცხლისმოყვარეობა კი ასე არ არის. ისიც სუსტი სულისგანაა, მაგრამ მხოლოდ უარესისგან. არ დაუკარგავს ვინმეს შვილი, არ ეძებს ნუგეშს მწუხარებაში, არ აიძულებენ მლიქვნელები. მაშ, როგორ? მე გეტყვით. კაენმა მოატყუა ღმერთი, ვინაიდან ის, რაც მას უნდა მიეცა, საკუთარ თავთან დაიტოვა, ხოლო ის, რაც საკუთარი თავისთვის უნდა დაეტოვებინა, მას მიუტანა და ბოროტება ღმერთით დაიწყო. თუ ჩვენ თვითონ ღვთისანი ვართ, მით უფრო, ჩვენი მონაპოვარის პირველი ნაყოფები. ვერცხლისმოყვარეობისგან, თავის მხრივ, ქალებისკენ სწრაფვა იშვა. იხილეს ასულნი კაცთანი და ვნებას მიეცნენ (დაბ. 6:3). მათგან, კვლავ ფულისკენ, ვინაიდან სურვილი, ჰქონდეს საარსებო საშუალება იმაზე მეტი, ვიდრე ახლობელს აქვს, სხვა რამისგან არ წარმოდგება, თუ არა იმისგან, რომ სიყვარული გაცივდა. სურვილი, ჰქონდეს მეტი, სხვა არაფრისგან არ ხდება, თუ არა სიგიჟისგან, კაცთმოძულეობისგან და ამპარტავნებისგან. განა ვერ ხედავ, რაოდენ დიდია მიწა? რაოდენ შეუდარებლად მეტი, ვიდრე საჭიროა, ჰაერი, ცა? ღმერთმა ქმნილება ასეთ მოცულობაში იმისთვის მოაწყო, რომ შენი ვერცხლისმოყვარეობა ჩაექრო. მაგრამ შენ, ამის მიუხედავად, ძარცვავ და, გესმის, რომ ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა, ამის წინაშეც კი არ ძრწი. გინდა მიწას დაეუფლო? მაგრამ განა ცაში არ არის მემკვიდრეობა, რომელსაც ამის გამო ემშვიდობები? მითხარი, თუ ვინმეს შენთვის უფლება მოეცა, აიღო ყველაფერი, განა არ მოგინდებოდა? და ეს შესაძლებელია, თუ გინდა.

    ზოგი ამბობს, რომ ისინი წუხან, თუ მემკვიდრეობა სხვებზე გადადის, ისურვებდნენ მის განადგურებას, ვიდრე სხვების მფლობელობაში ნახავდნენ მას. მე არ გაპატიებ ამ სისუსტესაც, ვინაიდან ესეც სუსტი სულისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ იყოს ასე. ანდერძში მემკვიდრედ ქრისტე დაადგინე. რადგან მემკვიდრე ცოცხალი უნდა იყოს; ეს მოწმობს კარგად მიმართულ ნებასაც, ამასთანავე, შენ, თუნდაც აუცილებლობით, უფრო გულუხვი გახდები. ქრისტემ ბრძანა გლახაკებისთვის გაცემა იმისთვის, რომ ჩვენ, ცოცხლები, გონიერები გაგვხადოს, რომ დაგვარწმუნოს ფულის ზიზღში, რომ გვასწავლოს მიწიერის უპატივცემულობა. ფულის ზიზღი იმაში არ მდგომარეობს, რომ, მომაკვდავი და ბატონი არმყოფი, მას ამა თუ იმას გადასცემ. ნებაყოფლობით კი არ გასცემ ნარჩენს, არამედ უკიდურესი აუცილებლობით. სიკვდილს, მადლობა და არა შენ! ეს ნაზი სიყვარულის საქმე კი არ არის, არამედ, საჭიროებისა. თუმცა იყოს ასე, მაგრამ გათავისუფლდი მაინც მაშინ ვნებისგან. დაფიქრდი, რამდენი მოიპარე, რამდენი შეიძინე მოტყუებით? ყველაფერი ოთხმაგად დააბრუნე და ამგვარად გაიმართლებ თავს ღმერთის წინაშე.

    მაგრამ ზოგი ისეთ სიგიჟემდე და გახრწნილებამდე მივიდა, რომ მაშინაც კი (სიკვდილის წინ) ვერ ხვდებიან საჭიროს, არამედ ისე იქცევიან, თითქოს ცდილობდნენ გაიმძიმონ ღვთის სამსჯავრო. ამიტომაც ნეტარი პავლე ამბობს ეპისტოლეში: “იმოქმედეთ, როგორც ნათლის შვილებმა”. ვერცხლისმოყვარე კი უპირატესად სიბნელეში ცხოვრობს და ყველაზე დიდ ბნელს ავრცელებს. “ნუ მიიღებთ მონაწილეობას, ამბობს ის, სიბნელის უნაყოფო საქმეებში, არამედ ამხილეთ კიდეც. ვინაიდან იმაზე, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სირცხვილია ლაპარაკიც. ყველაფერი კი, რაც გამოაშკარავდება, სინათლისგან ცხადი ხდება, ვინაიდან ყველაფერი, რაც ცხადი ხდება, სინათლეა”.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  4. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  5. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. გრიგოლ პალამა14 საუკუნე
  9. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
  12. ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე
  13. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 5:14 კონტექსტში

5:12ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.

5:13ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,

5:14რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

5:15მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.

5:16გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 5:14

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 5

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში