
ეფესელთა მიმართ 6:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
ეფესელთა მიმართ 6:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 6:13
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(რომ. 8:35)? და სხვა ადგილას, მოისმინეთ, რას ამბობს იგი: ‘ღმერთმან შემუსრნეს ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა მსთუად’ (რომ. 16:20; საქ. 16:18). მას ჰქონდა ხელმწიფება (ეშმაკზე), ამიტომაც თქვა: ‘სახელითა იესუ ქრისტესითა გამცნებ შენ განსლვად მისგან’ (საქ. 16:18). მაგრამ ეს უკვე არ ნიშნავს ბრძოლას; ვინც იბრძვის, მას ჯერ კიდევ არ მოუპოვებია გამარჯვება და ვინც მტერს სძლია, იგი უკვე აღარ აწარმოებს ბრძოლას. იმიტომ, რომ მან იგი დაიმორჩილა, დაატყვევა.”
მთელი განმარტება
აწმყო ცხოვრებას წმიდა იოანე ოქროპირი “მძვინვარე დღესა” და “მზაკვრულ საუკუნეს” უწოდებს, იმ ბოროტებათა გამო, რომელნიც მასში ხდება და მოითხოვენ, რათა ჩვენ გამუდმებით შეიარაღებულნი ვიყოთ.
“და ყოველივე დასძლიეთ”, ბრძანებს იგი, “ანუ ვნებებიც და უწესო გულისთქმანიც და ყოველი, რაც ჩვენთვის ბოროტების მომტანია, დაამარცხეთ”.
მას არ უთქვამს უბრალოდ “ქმენით”, არამედ “აღასრულეთ”, რათა არა მარტო სძლიოთ, არამედ ძლევის შემდგომ მტკიცედ იდგეთ, რამეთუ ხშირად ხდება, რომ მრავალნი, გამარჯვების მოპოვებისთანავე ეცემიან.
“ყოველივე დასძლიეთ”, ბრძანებს იგი, და არა ისე, რომ ერთი აღასრულოთ, ხოლო მეორე, არა. ამასთან, ძლევის შემდგომ სიფხიზლეა საჭირო, თორემ ის, რაც თქვენ დაამხეთ, კვლავ შეიძლება აღდგეს. თუკი მტკიცედ არ ვდგავართ, აღდგება ის, რაც ჩვენ დავამხეთ. ხოლო როდესაც ვდგავართ, იგი დაცემიდან ვეღარ აღდგება. ვიდრე ფხიზლად ვართ, ჩვენ მიერ ძლეული მტერი ვერ აღდგება.
“მიიღეთ საჭურველი ღვთისა”. ხედავთ, როგორ განაგდებს მოციქული შიშს? თუკი არსებობს ძლევისა და მტკიცედ დგომის შესაძლებლობა, რატომ გაურბიხართ ბრძოლას? ბრძოლის დასრულების შემდგომ იდექით მხნედ და თქვენ გამარჯვებულნი იქნებით. ნუ გაგიკვირდებათ ისიც, რომ ამდენი ითქვა მტრების ძალაზე. ამის ცოდნას შიში და მორცხვობა კი არ უნდა მოჰქონდეს, არამედ უზრუნველობისაგან დაცვა.
“რაითა შეძლოთ წინააღგომად დღესა ბოროტსა”, ამბობს იგი, დროის შეხსენებით აღგვძრავს სიფხიზლისაკენ. დრო ხანმოკლეა, თითქოს ამბობს იგი, და ამიტომ ბრძოლის ჟამს მხნედ უნდა ვიდგეთ; ძლევის შემდგომ არ უნდა მოვდუნდეთ.
მართლაც, თუკი ჩვენ ომი გვაქვს; თუკი ჩვენს წინააღმდეგ ასეთი ლაშქარი იკრიბება; თუკი იგი უხორცო ძალებისაგან, ამა სოფლის მთავრებისა და ბოროტების სულებისაგან შედგება, მაშინ, მითხარით, როგორ შეიძლება განცხრომას მივეცეთ? როგორ შეიძლება გონებაგაფანტულნი ვიყოთ? შესაძლებელია კი შეიარაღებელმა გაიმარჯვოს?
დაე, ყოველმა იფიქროს ამაზე ყოველდღე, როდესაც მას რისხვა ეუფლება, გულისთქმა სძლევს, როდესაც ამ განცხრომილ და უწესრიგო ცხოვრებას მოისურვებს. დაე, ყოველმა ყური მიაპყროს ნეტარი პავლეს სიტყვებს: “რამეთუ არა არს ბრძოლა ჩუენი სისხლისა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა”. ეს ომი უფრო მძიმეა, ვიდრე ხილულ მტრებთან ომი; ეს ბრძოლა უაღრესად ძლიერია. დაფიქრდით, რამდენი ხანია ეშმაკი ბრძოლას აწარმოებს, რისთვის იბრძვის იგი, იყავით უფრო ფრთხილად.
ასე ამბობენ; მაგრამ საჭიროა ეშმაკის განდევნა ჩვენი გარემოდან და მაშინ ყველა გადარჩება. ამას, რა თქმა უნდა, რაიმე გულგრილი ამბობს, რომელიც თავისი გულგრილობის გამართლებას ცდილობს. შენ, ადამიანო, მადლიერი უნდა იყო იმისათვის, რომ შეგიძლია, თუ მოისურვებ, ასეთ მტერს სძლიო; შენ კი, პირიქით, კიდევ წუხხარ და ისეთ სიტყვებს ამბობ, რომლებიც რაიმე უზრუნველ და მძინარე მეომრისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, თუ მოისურვებ, შეგიძლია გაიგო მიზეზები, თუ რატომ იქცევი ასე. მაგრამ ფრთხილად იყავი, დაიცავი თავი ყოველი მხრიდან: ჩვენ ბრძოლა არა მარტო ეშმაკთან, არამედ მის ძალებთანაც გვაქვს.
კიდევ ამბობენ, როგორ ვიბრძოლებთ სიბნელესთან, ჩვენ, რომელნიც ნათელად ვიქეცით? როგორ ვიბრძოლებთ ბოროტ სულებთან, როდესაც კეთილნი გავხდით? ბოროტება სიკეთის საპირისპიროა და ნათელი განდევნის სიბნელეს; ხოლო თუკი ჩვენ თვითონ სიბნელედ ვიქეცით, მაშინ სრულიად დავმარცხდებით. მაშ, როგორ გავიმარჯვებთ მათზე? თუკი ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნებით ვიყოთ ის, რაც ისინი ბუნებით არიან, ანუ თუკი ჩვენ ვეცდებით, რომ ხორცსა და სისხლზე მაღლა დავდგეთ; ამგვარად, ჩვენ მათ დავამარცხებთ.
ვინაიდან ისინი (ეფესელნი), როგორც ჩანს, მრავალთა მიერ იყვნენ დევნილნი, ამიტომ ნუ იფიქრებთ, თითქოს ისინი თავისთავად ომობენ ჩვენს წინააღმდეგ, თითქოს ამბობს პავლე. მათში დემონები მოქმედებენ: სწორედ ისინი აწარმოებენ ომს და ჩვენ მათთან გვაქვს ბრძოლა. ყოველივე თქმულს ორმაგი ზემოქმედება აქვს: იგი მათ უფრო მეტად ახალისებს მათზე მოომართა მიმართ და ამხნევებს მათ სულს მტრების წინააღმდეგ. და რატომ გვაქვს ჩვენ მათთან ბრძოლა? იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს უძლეველი მოკავშირე, სულის მადლი; იმიტომ, რომ ჩვენ ისეთ ხელოვნებას ვართ ნასწავლნი, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ არა მარტო ადამიანებთან, არამედ დემონებთანაც.
თუმცა, თუკი ჩვენ მოვისურვებთ, შეგვიძლია არც ვიბრძოლოთ: ბრძოლა იმდენად არის ბრძოლა, რამდენადაც ჩვენ გვსურს იგი. სწორედ ასეთია ჩვენში დამკვიდრებული (სულიწმიდის) ძალა, სიტყვების თანახმად: “აჰა, მიგცემ თქუენ ხელმწიფება დასთრგუნვად გუელთა და ღრიაკულთა და ყოველსა ძალსა მტერისასა” (ლუკ. 10:19). მან მოგვცა ყოველგვარი ხელმწიფება, როგორც ბრძოლისა, ისე არ ბრძოლისა. მაგრამ ვინაიდან ზარმაცები ვართ, ამიტომ ვიბრძვით მათთან?
პავლე რომ არ იბრძოდა, ამის შესახებ მოისმინეთ მისი საკუთარი სიტყვები: “ვინ განმაშოროს ჩუენ სიყუარულსა ქრისტესსა: ჭირმან, ანუ იწროებამან, ანუ დევნამან, ანუ სიყმილმან, ანუ სიშიშვლებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვილმან?” (რომ. 8:35)? და სხვა ადგილას, მოისმინეთ, რას ამბობს იგი: “ღმერთმან შემუსრნეს ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა მსთუად” (რომ. 16:20; საქ. 16:18). მას ჰქონდა ხელმწიფება (ეშმაკზე), ამიტომაც თქვა: “სახელითა იესუ ქრისტესითა გამცნებ შენ განსლვად მისგან” (საქ. 16:18). მაგრამ ეს უკვე არ ნიშნავს ბრძოლას; ვინც იბრძვის, მას ჯერ კიდევ არ მოუპოვებია გამარჯვება და ვინც მტერს სძლია, იგი უკვე აღარ აწარმოებს ბრძოლას. იმიტომ, რომ მან იგი დაიმორჩილა, დაატყვევა.
ასევე, პეტრეც არ ებრძოდა ეშმაკს; მაგრამ მისი საქმეები იმდენად აღემატებოდა ბრძოლას. მორწმუნეთა, მსმენელთა და კათაკმეველთაგან მრავალნი ზედმეტობით იმარჯვებდნენ მასზე (ეშმაკზე). ამიტომაც თქვა ნეტარმა პავლემ: “რამეთუ არა უმეცარ ვართ ზრახვათა მისთა” (2 კორ. 2:11), რის გამოც განსაკუთრებით იმარჯვებდა მათზე. და სხვა ადგილას, მოისმინეთ, რას ამბობს იგი: “და არა საკჳრველ, რამეთუ თავადიცა ეშმაკი გარდასახავს თავსა თჳსსა ანგელოზად ნათლისა” (2 კორ. 11:14). ამგვარად, მან სრულად იცოდა ბრძოლა და მისგან არაფერი იმალებოდა. და: “რამეთუ საიდუმლო იგი უსჯულოებისაჲ იქმნების უკუე”, ამბობს იგი (2 თეს. 2:7). მაგრამ ჩვენთან მიმართებაში საქმე ბრძოლას მოითხოვს.
შემდეგ, მოისმინეთ, რას ამბობს იგი სხვა ადგილას: “რამეთუ მრწამს, ვითარმედ არცა სიკუდილი, არცა ცხორება, არცა ანგელოზნი, არცა მთავრობანი, არცა ძალნი, არცა აწმყოჲ. Არცა მერმისი, არცა სიმაღლე, არცა სიღრმე, არცა დაბადებული სხუაჲ შემძლებელ არს განყენებად ჩუენდა სიყუარულისაგან ღმრთისა, ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა” (რომ. 8:38-39). მან უბრალოდ არ თქვა: ქრისტესაგან, არამედ: “სიყუარულისაგან ქრისტესისა”. რამეთუ მრავალნი, თუმცა ქრისტესთან არიან შეერთებულნი, მაგრამ არ უყვართ იგი. არა მარტო, თითქოს ამბობს პავლე, არ დამარწმუნებ მის უარყოფაში, არამედ არც მისდამი ჩემს სიყვარულს შეამცირებ. თუკი ზეციურ ძალებს არ შეეძლოთ ამის გაკეთება, მაშინ სხვა ვინ შეძლებდა ამის გაკეთებას? ამას კი იმიტომ არ ამბობს, თითქოს ზეციურ ძალებს მართლა ჰქონდათ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, არამედ ვარაუდით. ამიტომაც თქვა: “რამეთუ მრწამს” .
ამრიგად, იგი არ ებრძოდა (ეშმაკს): მიუხედავად ამისა, ეშინია მისი მზაკვრობისა. მოისმინეთ მისი საკუთარი სიტყვები: “მრწამს, ნუუკუე ვითარცა გუელმან მან მზაკუვარებითა თჳსითა აცთუნა ევა, ეგრეცა გონებანი თქუენნი განირყვნენ სიმართლისა მისგან, ქრისტეს მიმართ” (2 კორ. 11:3). მეტიც, საკუთარ თავზეც ასე გამოთქვამს: “არამედ ვაჭირვე და დავიმონებ ხორცთა ჩემთა, ნუუკუე სხუათა ქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო” (1 კორ. 9:27). როგორ შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ შენ ვერავინ განგაშორებს (ღვთის სიყვარულს)? ხედავთ, რომ (მოციქული) ამას თავმდაბლობითა და მოკრძალებით ამბობდა? იგი უკვე ზეცაში მკვიდრობდა, რის გამოც თვითონაც ამბობდა: “რამეთუ არა ვიცი თავისა ჩემისა ზედა არცა ერთი” (1 კორ. 4:4); და სხვა ადგილას: “სრულიად აღვასრულ სრბაჲ” (2 ტიმ. 4:7).
ამრიგად, ეშმაკი დაბრკოლებას არა მას, არამედ მის მოწაფეებს უქმნიდა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ არა მარტო მისი დარიგებებით, არამედ საკუთარი განზრახვითაც. ამ მხრივ (ეშმაკი) იმარჯვებდა: მაგრამ აქაც იგი იმარჯვებდა საკუთარ თავზე და არა უზრუნველ და უყურადღებო (ადამიანებზე). როდესაც ისინი არ ასრულებდნენ (მოციქულის) ბრძანებებს, სიზარმაცის ან სხვა რამის გამო, მაშინ იგი (ეშმაკი) მათზე იმარჯვებდა. ხოლო თუკი მოციქული თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ისინი არ უსმენდნენ, მაშინ, გამოდის, რომ (ეშმაკი) არა მას, არამედ მათ ურჩობას ამარცხებდა. ასევე, სნეულებას ძალა არა ექიმზე, არამედ ავადმყოფის თავშეუკავებლობაზე აქვს. როდესაც ის თავის მხრივ ყველაფერს წარმოადგენს განკურნებისთვის საჭიროს, ეს კი ყველაფერს აფუჭებს, მაშინ ეს უკანასკნელი მარცხდება და არა პირველი.
ამრიგად, პავლეზე (ეშმაკს) არც უმცირესი გამარჯვება არ მოუპოვებია. თუმცა, ჩვენდა სასიკეთოდ ის არის, რომ ჩვენ ბრძოლის შესაძლებლობა გვეძლევა. რაც შეეხება რომაელებს, მათ ამას კი არ უსურვებს, არამედ რას? “ღმერთმან შემუსრნეს ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა მსთუად” (რომ. 16:20). ამ (ეფესელებს) კი აი რას უსურვებს: “რომელსა ძძალ ჱქმნად უფროჲს ყოვლისა, რაჲცა ვჰკითხოთ და გულისჱთქუმიდეთ” (ეფ. 3:20). ვინც იბრძვის, იგი ჯერ კიდევ ხვდება წინაღმდეგობებს; სამაგიეროდ, რა ბედნიერია იგი, თუ არ დაეცემა! გამარჯვება უფრო ბრწყინვალეა მაშინ, როდესაც ბრძოლა იყო. მაგალითად: თუკი შენ რაიმე ბოროტი სურვილი დაგეუფლა, მაშინ უაღრესად დიდებულ საქმეს გააკეთებ, თუ არ დაემორჩილები, არამედ ჩააქრობ მას. მაგრამ თუნდაც ამის სრულიად გაკეთება შეუძლებელი იყოს, ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ და ყოველთვის მოვთოკოთ საკუთარი თავი. თუკი ამ ბრძოლის დროს არ დავეცემით, მაშინ ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებით.
აქ ისე არ არის, როგორც ათლეტებთან. იქ გამარჯვებული მანამ ვერ გახდები, ვიდრე მიწაზე არ დაანარცხებ სხვას; აქ კი მხოლოდ თვითონ ნუ იქნები დამხობილი და შენ გამარჯვებული ხარ, შენ უკვე სძლიე, თუკი შენ არ წამოგაქციეს. და ეს სწორიცაა! იქ ორივე გამარჯვებისთვის იბრძვის და თუ ერთი დაეცემა, მეორე გვირგვინს იღებს. აქ კი ასე არ არის: აქ ეშმაკი ცდილობს ჩვენს დამარცხებას. ამრიგად, თუკი მე მას იმას წავართმევ, რაზეც იგი ზრუნავს, მაშინ მე გავიმარჯვე. იგი ძალისხმევას არ იშურებს არა მარტო დასამხობად, არამედ საკუთარ თავთან ერთად დასამხობად; მაშასადამე, იგი უკვე დამარცხებულია, ვინაიდან იგი უკვე დამხობილია და დაღუპვის მდგომარეობაში იმყოფება; იგი გამარჯვებაზე არა იმისთვის ზრუნავს, რომ შემდგომ გვირგვინი მიიღოს, არამედ იმ მიზნით, რომ მე დამღუპოს. ამრიგად, მე გამარჯვებული ვარ იმ შემთხვევაში, როდესაც არ ვიქნები (ეშმაკის მიერ) დამხობილი, თუნდაც მე თვითონ არ დავამხო იგი.
რაში მდგომარეობს ბრწყინვალე გამარჯვება? იმაში, რომ უკიდურესი ზიზღით ვთელავდეთ მას, როგორც პავლე იქცეოდა და ამ ცხოვრების სიკეთეებს არაფრად მიიჩნევდა. ჩვენც მივბაძოთ (მოციქულს), ვეცადოთ, რომ მიწიერ სიკეთეებზე ავმაღლდეთ, არც ერთი მხრიდან არ მივცეთ მას (ჩვენს მტერს) ჩვენზე ზეიმის შემთხვევა. სიმდიდრე აძლევს მას ამის შემთხვევას, ასევე, ფული და პატივი. ყოველივე ამას ხშირად აღადგენდა მას და მძვინვარედ აქცევდა. მაგრამ რა საჭიროა ბრძოლა? რა საჭიროა შებრძოლება? მებრძოლი არ იცის, როდის დასრულდება შებრძოლება და შეიძლება იფიქროს კიდეც, ვაითუ თვითონ დავმარცხდე და დავიჭრა. ხოლო ვინც უკვე თელავს თავის მტერს, იგი აშკარად იმარჯვებს.
ამრიგად, ვთელოთ ეშმაკის ძალა, ვთელოთ ცოდვები, ყოველივე ამქვეყნიური, როგორიცაა: რისხვა, გულისთქმა, ამპარტავნება და ყოველი ვნება, რათა, როდესაც იქიდან წავალთ, არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ უარი ვთქვით იმ ხელმწიფებაზე, რომელიც ღვთისაგან მივიღეთ. ამის გამო მომავალი სიკეთეების დამკვიდრების ღირსნი გავხდებით. ხოლო თუკი ამაში ცუდები აღმოვჩნდებით, მაშინ ვინ გვანდობს უფრო მეტს? თუკი იმდენად დამცირებულის დათრგუნვა არ შეგვიძლია, მაშინ როგორ გვექნება მამასთან შესვლის გაბედულება? მითხარი: შენ რომ რაიმე ვაჟი გყავდეს და მან, თავისი პატიოსანი მსახურების მიტოვების შემდგომ, ურთიერთობა დაიწყოს იმათთან. Რომლებიც შენი შეურაცხყოფის გამო სახლიდან არიან განდევნილნი და შენს წინააღმდეგ სხვადასხვა ხრიკებს აწყობენ და თუ იგი ბოლომდე ასეთ საქციელს გააგრძელებს, განა იგი ამის გამო მემკვიდრეობას არ მოკლებული იქნებოდა? აშკარაა, რომ ასეა. მსგავსად ამისა, ჩვენც, თუ ღვთის მორჩილი ანგელოზების მიტოვების შემდგომ, რომლებიც ჩვენზე მთავრობენ, ეშმაკის სურვილების თანახმად დავიწყებთ ცხოვრებას, მაშინ სრულიად მოკლებულნი ვიქნებით მემკვიდრეობას.
მაგრამ ნუ დაემართება ეს არავის ჩვენგანს; უმჯობესია, გადავწყვიტოთ მასთან ბრძოლა და ღვთის შეწევნით მისი ძლევის შემდგომ, ცათა სასუფევლის მემკვიდრეები გავხდეთ. ვისაც მტერი ჰყავს, ვინც შეურაცხყოფას ითმენს, ვინც ბოროტებას განიცდის, დაე, მან მთელი ეს მძვინვარება და რისხვა ეშმაკის თავზე მოაგროვოს და გადმოანთხიოს. ამ შემთხვევაში რისხვა კეთილი საქმე იქნება, გულისწყრომა, სასარგებლო, ბოროტების ხსოვნა, საქებარი. როგორც სხვებთან ურთიერთობაში ბოროტების ხსოვნა ბოროტებას წარმოადგენს, აქ იგი კეთილია. ამრიგად, თუ შენ ნაკლოვანებები გაქვს, გამოასწორე ისინი აქ; ხოლო თუკი შენ თვითონ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მაშინ შენს თანამოძმეებთან ერთად აკეთე. შენ ვინმემ გაგირტყა, ბოროტება გქონდეს ეშმაკის მიმართ და მასთან მტრობა არასოდეს შეწყვიტო. თუ არც გაურტყამს, ამ შემთხვევაშიც კი ბოროტება გქონდეს ეშმაკის მიმართ იმის გამო. Იგი შენი მეუფის წინააღმდეგ აღდგა, შეურაცხყო იგი, ასევე იმის გამო, რომ შენს ძმებს ვნებს და მათზე ომობს. ყოველთვის იყავი მტერი, ყოველთვის განრისხებული, ყოველთვის შეურიგებელი მასთან. ამისგან იგი თავმდაბალი გახდება, უსაფრთხო, ისეთი, რომ მისი ძლევა შესაძლებელი იქნება. თუკი ჩვენ ძლიერად გავვბრაზდებით მის წინააღმდეგ, იგი ჩვენთვის საშიში არ იქნება. ხოლო როდესაც კეთილგანწყობილნი გავხდებით, მაშინ იგი სასტიკი გახდება, მას ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენს ძმებს. იგი ჩვენი და საკუთარი ცხოვრებისა და ხსნის მტერი და მდევნელია. თუკი მას საკუთარი თავი არ უყვარს, მაშინ როგორ შეიძლება ვუყვარდეთ ჩვენ?
ამრიგად, შევიარაღდეთ და დავამხოთ იგი, დიდებული უფალი იესუ ქრისტე მოკავშირედ გვყავდეს, რომელსაც შეუძლია. Ჩვენც მისი მახეებისთვის მიუწვდომელნი გაგვხადოს და საუკუნო სიკეთეების ღირსნი გაგვხადოს, რომელთა ღირსნი ყველანი მისი მადლითა და კაცთმოყვარებით განვსულიერდეთ, რომელთანაც მამას სულიწმიდითურთ დიდება, ძლიერება, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე ანტონი დიდი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 6:13 კონტექსტში
6:11შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
6:12რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
6:13ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
6:14მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
6:15ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 6:13
- კორინთელთა მიმართ ბ 10:4რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.
- ეფესელთა მიმართ 6:11შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
- ეფესელთა მიმართ 6:17აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
- ლუკას სახარება 21:36მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.
- ეფესელთა მიმართ 5:16გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
- ლუკას სახარება 8:13კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
- გამოცხადება 3:10რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელ ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
- კოლასელთა მიმართ 4:12მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 6
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



