
გალატელთა მიმართ 5:22: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
გალატელთა მიმართ 5:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 5:22
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “სულის ნაყოფი კი არის: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა (გალ. 5:22).”
მთელი განმარტება
სულის ნაყოფი კი არის: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა (გალ. 5:22).
“საქმე” კი არა, “ნაყოფი” ბრძანა სულისა. ნუთუ სული ზედმეტია? ხორცსა და სულზე თუა საუბარი, სადღაა მაშინ სული? ან იქნებ უსულო არსებებზე საუბრობს? როდესაც ბოროტება ხორცს მიეწერება, ხოლო სიკეთე, სულს, სულისთვის ადგილი აღარ რჩება. მაგრამ ეს სრულიად ასე არაა, ვინაიდან ვნებათაგან თავშეკავება სულის საქმეა და მასვე ეკუთვნის. თუკი იგი, სათნოებასა და მანკიერებას შორის მყოფი, სხეულს სათანადოდ წარმართავს, მასაც სულიერს ხდის, ხოლო თუ სულს განეშორება და ბოროტ გულისთქმებს მიეცემა, თავადაც უფრო მეტად მიწიერი ხდება. ხედავ ამ ყოველივეთი, რომ აქ იგი ხორცის არსებაზე კი არა, ბოროტ და კეთილ ნებაზე საუბრობს? მაშ, რატომ უწოდებს იგი კეთილ საქმეებს სულის “ნაყოფს”? იმიტომ, რომ ბოროტი საქმეები მხოლოდ ჩვენგან მომდინარეობს, ამიტომაც უწოდებს მათ საქმეებს, კეთილი საქმეები კი მარტოოდენ ჩვენს მონდომებას კი არა, ღვთის კაცთმოყვარეობასაც მოითხოვს.
კეთილი საქმეების ჩამოთვლისას, პირველ ადგილზე მათ ფესვს აყენებს და ამბობს: “სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, მოწყალება, რწმენა”.
ასეთი და უფრო დიდი სიკეთეები გვეწყალობა ჩვენ ამ დღეს. ამიტომ შეგაგონებთ, ჩვენც ღირსეულად ვიდღესასწაულოთ ჩვენთვის ბოძებული სიკეთეები, კარებზე გვირგვინების დადებით კი არა, სულების შემკობით, მოედნის გადასაფარებლებით მორთვით კი არა, სათნოებათა სამოსლით სულის განათებით. Ამგვარად შევძლოთ სულის მადლის მიღება და მისგან წარმომდინარე ნაყოფების შეგროვება. რა არის სულის ნაყოფი? მოვისმინოთ პავლე, რომელიც ამბობს: “სულის ნაყოფი კი არის: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა” (გალ. 5:22). შეხედე მისი გამოთქმების სიზუსტეს, სწავლების თანმიმდევრობას: თავდაპირველად სიყვარული დააყენა და შემდეგ მოიხსენია ის, რაც შემდგომ მოსდევს; ფესვი დადო და შემდეგ აჩვენა ნაყოფი; საფუძველი განამტკიცა და შემდეგ აღმართა შენობა, წყაროთი დაიწყო და შემდეგ ნაკადულებზე გადავიდა. სიხარულის საფუძველი მანამდე ვერ დაიდება, სანამ სხვათა კეთილდღეობას საკუთარად არ ჩავთვლით და მოყვასის სიკეთეებს საკუთარ საკუთრებად არ მივიჩნევთ; ეს კი სხვაგვარად ვერ მოხდება, თუ ჩვენში სიყვარულის ძალა არ გაბატონდება. სიყვარული არის ფესვი, წყარო და დედა ყოველივე კეთილისა. ჭეშმარიტად, იგი, როგორც ფესვი, უთვალავ ტოტს აღმოაცენებს სათნოებათა, როგორც წყარო, უამრავ ნაკადულს წარმოშობს, როგორც დედა, თავის წიაღში იხუტებს მასთან თავშეფარებულთ. ეს რომ იცოდა, ნეტარმა პავლემ მას სულის ნაყოფი უწოდა; სხვა ადგილას კი მას ისეთი უპირატესობა მიანიჭა, რომ იგი კანონის აღსრულებადაც კი მოიხსენია: “კანონის აღსრულება”, ამბობს იგი, “სიყვარული არის” (რომ. 13:10). ყველასა უფალმა კი, თავისი მოწაფეების სანდო ნიშნად და უტყუარ განმასხვავებლად, სხვა კი არაფერი, სიყვარული შემოგვთავაზა და თქვა: “იმით იცნობს ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ სიყვარული გექნებათ ერთმანეთში” (იოან. 13:35).
თუკი ჩვენ ამ ვნებებისთვის ისე მოვკვდებით, რომ მათში მოქმედება არ შეეძლოთ, მაშინ მივიღებთ სულის ნაყოფებს, როგორებიცაა: “სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, მოწყალება, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება” (გალ. 5:22-23). ამაში უნდა მდგომარეობდეს ქრისტიანის განსხვავება ურწმუნოსაგან; ამაში უნდა იკვეთებოდეს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები. Მარტოოდენ სახელით არ ვკეკლუცობდეთ და გარეგნული იერით არ ვამაყობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი ნაყოფი გვქონდეს, მაშინაც კი არ უნდა ვიამაყოთ, არამედ უფრო მეტად უნდა დავმდაბლდეთ.
მშიშარმა და ლაჩარმა მოციქულებმა, სულის მიღების შემდეგ, საფრთხეების შუაგულში გაიჭრნენ და უშიშრად წავიდნენ რკინაზეც, ცეცხლზეც, მხეცებთანაც, ზღვის უფსკრულშიც და ყოველგვარ სატანჯველზე. უწიგნურნი და უბრალონი, ისინი ისეთი გაბედულებით მეტყველებდნენ, რომ მსმენელებს აოცებდნენ. თიხის ჭურჭლებიდან სულმა ისინი რკინისანი გახადა, ფრთები შეასხა მათ და არ დაუშვა რაიმე ადამიანურ სისუსტეში ჩავარდნა. აი, როგორია სულის მადლი! იგი, თუკი მწუხარებას იპოვის, ანადგურებს მას; თუ ბოროტ გულისთქმას, სპობს; თუ შიშს, განდევნის; და ვინც მას ეღირსა, მას აღარ უშვებს იყოს ადამიანი, არამედ, თითქოს ზეცაში გადაასახლაო, განაწყობს იფიქროს მხოლოდ იმაზე, რაც ზეცაშია. ამიტომაც “არავის არაფერი თავისი ქონებიდან თავისად არ მიაჩნდა”, არამედ განუწყვეტლივ ლოცვებში იმყოფებოდნენ, “მხიარულებითა და გულის უბრალოებით” (საქ. 4:32; საქ. 2:46). ამას უპირატესად მოითხოვს სულიწმიდა: “სულის ნაყოფი კი არის: სიხარული, მშვიდობა, რწმენა, თვინიერება” (გალ. 5:22, 23). თუმცა, იტყვი, ხშირად წუხან სულით აღსავსე ადამიანებიცო? მაგრამ ეს მწუხარება სიხარულზე უფრო ტკბილია. წუხდა კაენიც, მაგრამ წუხილით ამაოჲთა; წუხდა პავლეც, მაგრამ წუხილით ღვთისათა. ყველაფერი სულიერი უდიდეს სარგებელს მოიტანს, ისევე როგორც ყველაფერი ამაო, უკიდურეს ზიანს. მოვიზიდოთ ჩვენსკენ, მცნებათა აღსრულებით, სულის შეუპოვარი შეწევნა, და ჩვენ ანგელოზებზე არაფრით ვიქნებით ნაკლებნი. ისინი ხომ იმიტომ როდი არიან ასეთები, რომ უხორცონი არიან (თორემ არცერთი უხორცო არ იქნებოდა ბოროტი); არამედ ყველგან ყველაფრის მიზეზი თავისუფალი ნებაა. ამიტომაც უხორცოთა შორისაც მოიძებნენ ისეთები, რომლებიც ადამიანებზე და პირუტყვებზეც კი უარესნი არიან, ხოლო ხორცით შემოსილთა შორის, ისეთები, რომლებიც უხორცოებზე უკეთესნი არიან. ასე, ყველა მართალი, თუმცა მიწაზე ცხოვრობდა და სხეული ჰქონდა, თუმცა დიდ საქმეებს აღასრულებდა. მიწაზე ისინი, როგორც ხიზნები და მწირები ცხოვრობდნენ, ხოლო ცაში, როგორც მოქალაქეები. შენც ნუ იტყვი: ხორცით შემოსილი ვარ, ვერ დავძლევ (მას), ვერ შევძლებ სათნოების ღვაწლს. ნუ დაადანაშაულებ შემოქმედს. რადგან, თუკი იმის გამო, რომ ჩვენ ხორცი გვაქვს, სათნოება ჩვენთვის შეუძლებელი ხდება, მაშინ ჩვენ უკვე უდანაშაულონი ვართ. მაგრამ ის, რომ იგი ამის გამო შეუძლებელი არ ხდება, ამას წმინდანთა დასი ამტკიცებს. ასე, ხორციელმა ბუნებამ ხელი არ შეუშალა არც პავლესთვის ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო, არც პეტრესთვის მიეღო ცათა სასუფევლის გასაღები. ენოქი, ხორციელმყოფელი, “გადაყვანილ იქნა და აღარ იყო” (ებრ. 11:5). ასევე, ელია ხორცით იქნა ზეცად ატაცებული და აბრაამი ისააკთან და იაკობთან ერთად გაბრწყინდა, ხორცით შემოსილნი; ხორცითვე იოსები წინ აღუდგა იმ გარყვნილ დედაკაცს. და რას ვამბობ ხორცზე? თუნდაც ბორკილები დაადო ხორცს, და მაშინაც არ იქნებოდა არანაირი ზიანი. თუმცა ბორკილებში ვარ, ამბობს პავლე, “მაგრამ ღვთის სიტყვისთვის ბორკილი არ არსებობს” (2 ტიმ. 2:9). და რას ვამბობ ბორკილებზე? დაუმატე კიდევ საპყრობილე და დატუსაღება და ეს ყველაფერი სათნოებისთვის ხელისშემშლელი არ იქნება. ასე სწორედ პავლე ასწავლიდა. ბორკილები სულისთვის, რკინა კი არა, მონური შიში, ვერცხლისმოყვარეობა და უთვალავი ვნებაა. აი, რა აბრკოლებს, თუმცა სხეული თავისუფალიც რომ იყოს. მაგრამ სხეულიდან იბადება ვნებებიო, იტყვი? ეს ცარიელი საბაბია და უმნიშვნელო მიზეზი. სხეულიდან რომ ნამდვილად იბადებოდეს ეს ვნებები, მაშინ ისინი ყველასთვის იქნებოდა დამახასიათებელი. როგორც ვერავინ აიცილებს თავიდან დაღლილობას, ძილს, შიმშილს და წყურვილს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, ასევე ვერავინ აიცილებდა თავიდან ვნებებისადმი დამორჩილებას, ასეთი რომ ყოფილიყო ისინი. თუკი ბევრი მათ თავს არიდებს, მაშინ ცხადია, რომ ამგვარი ნაკლოვანებები სულის უზრუნველობიდან იბადება. მაშ, მოვიკვეთოთ უზრუნველობა და ნუ დავადანაშაულებთ სხეულს, არამედ დავუმორჩილოთ იგი სულს, რათა, მისი მორჩილებაში ყოლისას, მივაღწიოთ საუკუნო სიკეთეებს, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელსაც დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ამრიგად, თუკი ჩვენ სიხარულით ტკბობა გვსურს, მაშინ ყველაზე მეტად უნდა ვერიდოთ მანკიერებას და სათნოებას მივსდიოთ, იმიტომ რომ სიხარულის მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია, თუნდაც სამეფო ტახტზე ავიდეთ. ამიტომაც თქვა პავლემ: “სულის ნაყოფი კი არის: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა” (გალ. 5:22). აღვაზარდოთ ეს ნაყოფი ჩვენში, რათა ჩვენ აქაც ვიტკბოთ სიხარულით და მომავალ სასუფეველსაც მივაღწიოთ. Ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელთანაც დიდება მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ამბროსი ოპტინელი19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 5:22 კონტექსტში
5:20კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
5:21სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
5:22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
5:23თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
5:24ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 5:22
- კოლასელთა მიმართ 3:12მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
- კოლასელთა მიმართ 3:17ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.
- კორინთელთა მიმართ ა 13:4სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
- კორინთელთა მიმართ ა 13:7ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
- იოანე 15:5მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
- იაკობის ეპისტოლე 3:17ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
- იაკობის ეპისტოლე 3:18სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.
- იოანე 15:2ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში




