
გალატელთა მიმართ 5:24: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
გალატელთა მიმართ 5:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 5:24
14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რათა არ იკითხონ: ‘ვინ არიან ესენი?’, საქმითვე უჩვენებს მათ, ვინც ამგვარად იქცევა და კვლავ ხორციელ საქმეებს უწოდებს ბოროტებას. რამეთუ, ცხადია, მათ არ მოუკვდინებიათ ხორცი თვისი, თორემ როგორღა იცოცხლებდნენ? ჯვარცმული ხომ უეჭველად მკვდარია და უმოქმედო. არამედ მოციქული მათ სრულყოფილ სიბრძნეზე მიუთითებს. თუმცა ვნებები აწუხებენ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ აღდგებიან მათ წინააღმდეგ. მაშასადამე, თუ ასეთია სულის ძალა, მაშინ იმით ვიცოცხლოთ და მხოლოდ იმით დავკმაყოფილდეთ. ამაზე მიუთითებს და თავადაც დასძენს: ‘თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ’ (გალ. 5:25).”
მთელი განმარტება
რათა არ იკითხონ: “ვინ არიან ესენი?”, საქმითვე უჩვენებს მათ, ვინც ამგვარად იქცევა და კვლავ ხორციელ საქმეებს უწოდებს ბოროტებას. რამეთუ, ცხადია, მათ არ მოუკვდინებიათ ხორცი თვისი, თორემ როგორღა იცოცხლებდნენ? ჯვარცმული ხომ უეჭველად მკვდარია და უმოქმედო. არამედ მოციქული მათ სრულყოფილ სიბრძნეზე მიუთითებს. თუმცა ვნებები აწუხებენ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ აღდგებიან მათ წინააღმდეგ. მაშასადამე, თუ ასეთია სულის ძალა, მაშინ იმით ვიცოცხლოთ და მხოლოდ იმით დავკმაყოფილდეთ. ამაზე მიუთითებს და თავადაც დასძენს: “თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ” (გალ. 5:25).
თუ გნებავთ, გაჩვენებთ ისეთ მოღვაწეებს, რომლებიც ჯერ კიდევ აქ, აღდგომამდე, ანგელოზებრივ ცხოვრებას ეწევიან (შდრ. მათ. 22:30) და მასში წარმატებას აღწევენ. ამისთვის კვლავ უდაბნოში გადავიდეთ თქვენთან ერთად. კვლავ იქ მოღვაწეებზე გესაუბრებით, რადგან ვხედავ, რომ დიდი სიამოვნებით ისმენთ მათ შესახებ.
მოდით, ახლა ამ სულიერ ლაშქარს შევხედოთ, შევხედოთ სიამოვნებებს, რომელთაც შიში ვერ არღვევს. ეს მოღვაწეები, როგორც მეომრები, კარვებში ცხოვრობენ, მაგრამ არა შუბებით, ფარებითა და ჯავშნებით. ამაზე შევჩერდი ჩემს წინა სიტყვაში. დაინახავ, რომ მათ არაფერი მსგავსი არა აქვთ, თუმცა ისეთ საქმეებს აღასრულებენ, როგორსაც ისინი იარაღითაც ვერ შეძლებდნენ. მაშასადამე, თუ შეგიძლია ამ საქმეების დანახვა, მომეცი ხელი და ორივენი წავიდეთ და ვნახოთ ეს ომი და იმ მეომართა მოწესრიგებული რიგები. ისინი ყოველდღე იბრძვიან, სპობენ მტრებს და ამარცხებენ ყველა იმ ვნებას, რომელიც ჩვეულებრივ გვძლევს ჩვენ. დაინახავ მათ მტრებს მიწაზე დაცემულებს და უძრავებს. საკუთარი თვალით იხილავთ მოციქულის სიტყვის აღსრულებას: “ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს ხორცი თვისი ვნებებითა და გულისთქმებითურთ” (გალ. 5:24).
ხედავ უამრავ დაცემულ გვამს, სულიერი მახვილით მოკლულს? ამიტომაც არ არის იქ სიმთვრალე და სიმაძღრე. ამას მათი ტრაპეზიც მოწმობს და მასზე აღმართული გამარჯვების ნიშანიც. სიმთვრალე და სიმაძღრე წყლის სმით დამარცხდა და დაცემული და მკვდარი გდია. ეს კი მრავალსახოვანი და მრავალთავიანი მხეცია. როგორც მითიურ სკილასა და ჰიდრას, სიმთვრალესაც მრავალი თავი აქვს: აქ მისგან იზრდება სიძვა, იქ, რისხვა; აქ, გონებისა და გულის დაბნელება, იქ, სამარცხვინო სიყვარული. ხოლო სულიერ მეომრებს ყველა ეს მტერი მოკლული ჰყავთ. ჩვეულებრივი მეომრები, თუნდაც ათასი გამარჯვება მოიპოვონ, ამ მტრების მიერ მარცხდებიან და ვერც ფარები, ვერც შუბები და ვერც სხვა იარაღი ვერ უძლებს ამ ლაშქრის თავდასხმას. პირიქით, დაინახავ, რომ ეს გოლიათები, ეს მამაცი მებრძოლები. Უთვალავი გამოცდილება აქვთ გამოვლენილი თავიანთ ვაჟკაცობაში, ყოველგვარი ბორკილების გარეშე ძილმა და სიმთვრალემ შეკრათ და ყოველგვარი სასიკვდილო დარტყმებისა და ჭრილობების გარეშე დაჭრილებივით გდიან, ან კიდევ უარეს მდგომარეობაში იპოვი მათ. დაჭრილებს, სულ მცირე, მოძრაობა მაინც შეუძლიათ, მათ კი არც ეს აქვთ, არამედ დამარცხების შემდეგ უეცრად უძრავდებიან. ახლა ხედავ, რომ სულიერი მეომრები ჩვეულებრივ მეომრებზე გაცილებით ძლიერები არიან და უფრო მეტ გაოცებას იმსახურებენ, რადგან ერთი სურვილით სპობენ მტრებს, რომელთა მიერ ისინი მარცხდებიან. ისინი ისე ასუსტებენ სიმთვრალის ვნებას, ყოველი ბოროტების ამ დედას, რომ იგი მათ აღარანაირ საზრუნავს არ უქმნის. როგორც კი მხედართმთავარი დამარცხდება და თავს მოჰკვეთენ, მთელი სხეულიც უმოქმედოდ გდია. ამასთან, სულიერ ლაშქარში ყოველი მეომარი ასეთ გამარჯვებას აღწევს. აქ ისე არ არის, როგორც გარეგან მტრებთან ბრძოლებში, რომ როგორც კი ვინმე ერთისგან დაიჭრება და დაეცემა, მეორეს უკვე ვეღარ ავნებს. არამედ ყველამ უნდა დაამარცხოს ეს მხეცი და ვინც თვითონ არ მიაყენებს მას სასიკვდილო დარტყმას და არ დაამხობს, მას ყოველნაირად შეაწუხებს.
ხედავ ამ მეომართა დიდებულ გამარჯვებას? თითოეული მათგანი ისეთ თასებს აღმართავს, როგორსაც ვერ აღმართავენ ქვეყნის ყველა კუთხიდან შეკრებილი ლაშქრები. მათ თავიდან იცილეს ყველაფერი უწესრიგო და უგუნური: უგუნური სიტყვები, გააფთრებული ზრახვები, აუტანელი სიამაყე და ყველაფერი, რითაც სიმთვრალე ადამიანის წინააღმდეგ იარაღდება. ისინი ბაძავენ თავიანთ მეუფეს, რომლის შესახებაც წერილი გაოცებით ამბობს: “გზად ნაკადულიდან დალევს და ამიტომ თავს აიმაღლებს” (ფს. 109:7).
გსურთ კიდევ იხილოთ სხვა გვარის უამრავი მკვდარი? შევხედოთ გულისთქმებს, რომლებიც სიამოვნების სიყვარულიდან მომდინარეობს და რომელთაც ემსახურებიან დახელოვნებული მზარეულები, რომლებიც ამზადებენ სხვადასხვა საუცხოო კერძებს. მრცხვენია მათი დეტალურად ჩამოთვლა; მხოლოდ ფაზისის ნაპირებიდან მოტანილ ფრინველებს მოვიხსენიებ, უხვად შეზავებულ სოუსებს, თხევად და მშრალ კერძებს და წესებს, რომლებიც ქეიფებისთვის არის დადგენილი. როგორც ქალაქების მმართველები და მხედართმთავრები აწესრიგებენ მეომრებს, ასევე ქეიფების კანონმდებლები ადგენენ წესებს და ნიშნავენ, რა უნდა მიიტანონ პირველად და რა, შემდეგ. ზოგი თავდაპირველად გვთავაზობს ნახშირზე შემწვარ და თევზით გამოტენილ ფრინველებს. Ზოგი კი სხვა კერძებით იწყებს ამ უკანონო ქეიფებს და ბევრს კამათობენ მათ ხარისხზე, რიგსა და რაოდენობაზე და ტრაბახობენ იმით, რისიც უნდა რცხვენოდეთ, ზოგი იმით. Ქეიფში დღის ნახევარი გაატარეს, ზოგი, მთელი დღე, ზოგი კი, ღამეც. შეხედე, საწყალო ადამიანო, რა ცოტა სჭირდება საჭმელი კუჭს და შეგრცხვეს ზომიერების დავიწყება მისი დანაყრებისთვის ზრუნვაში! არაფერი მსგავსი არ არის იმ ანგელოზებთან, მათთვის მკვდარია როგორც ეს, ასევე ყველა სხვა გულისთქმა. ისინი საჭმელს არა გადასაძღომად და სიამოვნებისთვის, არამედ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. მათ შორის არ არიან არც მეფრინველეები და არც მეთევზეები. ისინი კმაყოფილდებიან პურითა და წყლით. არეულობა, ხმაური და წუხილი, ეს ყველაფერი სრულიად განდევნილია იქიდან და როგორც მათ საცხოვრებლებში, ასევე სხეულში დიდი სიმშვიდეა. ხოლო სიამოვნების მოყვარულებთან ყველაფერი არეულია. წარმოიდგინე მათი კუჭის შიგნეულობა და დაინახავ უამრავ ნაგავს, ჭუჭყის ნაკადს, შეთეთრებულ სამარხს. იმაზე კი, რაც შემდეგ ხდება, მრცხვენია საუბარი, საზიზღარი ბოყინი, ღებინება, ქვემოდან და ზემოდან გადმონთხევა!..
მაგრამ არა მხოლოდ ამ გულისთქმებს დაინახავ იქ მოკლულს, არამედ სხვა, კიდევ უფრო ძლიერებს, რომლებიც მათგან მომდინარეობს, ესე იგი, ვნებიანებს. დაინახავ, რომ ყველა ისინი ცხენებთან და მთელ ბარგთან ერთად არიან დაცემულნი. ბარგი, იარაღი და ცხენები კი სამარცხვინო საქმეების იარაღებია. აჰა, ცხენიც, მხედარიც და იარაღიც მტვერში გდია. ხოლო სიამოვნების მონებთან სულ სხვა რამეს დაინახავ და მათი სულები, მკვდრები და დაცემულები არიან. და არა მხოლოდ მუცელღმერთობაზე მოიპოვეს ბრწყინვალე გამარჯვება იმ წმინდა მამებმა, არამედ სხვა ვნებებზეც: ვერცხლისმოყვარეობაზე, დიდებისმოყვარეობაზე, შურზე და საერთოდ ყველა სნეულებაზე. ახლა ხომ ხედავ, რომ ეს მეომრები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მიწიერი მეფის მეომრები და რომ მათი ტრაპეზი, იმათ ტრაპეზზე უკეთესია? ვინ გააპროტესტებს ამას? არავინ, თვით მუცელღმერთებიდანაც კი, თუნდაც ერთ-ერთი მათგანი უგუნური იყოს. ჭეშმარიტად, წმინდა მამების ტრაპეზი ცაში აჰყავს, ხოლო სიამოვნების მოყვარულთა ტრაპეზი გეენაში მიათრევს. ამას ეშმაკი ამზადებს, იმას კი, ქრისტე. ამისთვის წესებს სიამოვნების სიყვარული და თავშეუკავებელი ფუფუნება იძლევა, იმისთვის კი, სიბრძნისმოყვარეობა და უმანკოება. აქ ქრისტე იმყოფება, იქ კი, ეშმაკი. სადაც სიმთვრალეა, იქ ეშმაკიცაა; სადაც სისაძაგლე და სიმაძღრეა, იქ დემონები ზეიმობენ. ასეთი ტრაპეზი ჰქონდა მდიდარს, რომელიც სახარებაშია მოხსენიებული, მაგრამ ამის გამო (სიკვდილის შემდეგ) მისთვის წყლის წვეთიც არ მიუციათ. პირიქით, მეუდაბნოები ზრუნავენ არა ასეთ ტრაპეზზე, არამედ ანგელოზებრივ ცხოვრებაზე. ისინი არ ქორწინდებიან, არ ხელყოფენ, არ ჭამენ ბევრს, არ ეძლევიან განცხრომას, არამედ, სხეულებრივი არსებისთვის გარდაუვალი მცირე საჭიროებების გარდა, უხორცოებივით ცხოვრობენ. ვინ შეძლებს ისე ადვილად მტრების დამარცხებას, როგორც ის, ვინც საჭმლის მიღებისას ამავდროულად გამარჯვებას აღწევს? ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი: “შენ გადამიშალე ტაბლა ჩემს მტრებთან პირისპირ” (ფს. 22:5). არ შევცდებით, თუ ამ სიტყვებს ამ ტრაპეზსაც მივუსადაგებთ. ჭეშმარიტად, არაფერი ისე არ აბრკოლებს სულს, როგორც უგუნური გულისთქმა, სიამოვნების სიყვარული, სიმთვრალე და ყოველი ბოროტება, რაც აქედან მომდინარეობს. ეს კარგად იციან გამოცდილებმა. თუ იმასაც განიხილავ, თუ რა საშუალებებით მზადდება ეს ტრაპეზი და სიამოვნების მოყვარულთა ტრაპეზი, ნათლად დაინახავ ამ ორს შორის განსხვავებას. რა საშუალებებით მზადდება სიამოვნების მოყვარულთა ტრაპეზი? უამრავი ცრემლის დაღვრით, ქვრივების ქონების გაძარცვით, ობლების ძარცვით. პირიქით, მეუდაბნოეთა ტრაპეზი, მართალი შრომით. ეს უკანასკნელი ჰგავს ლამაზ და კეთილსახოვან ცოლს, რომელსაც არ სჭირდება არანაირი გარეგანი მორთულობა, არამედ ბუნებრივი სილამაზე აქვს; პირიქით, ის, ჰგავს საძაგელ და ამაზრზენ მეძავს, რომელიც თუმცა სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს, მაგრამ ვერ მალავს თავის სიმახინჯეს და რაც უფრო უახლოვდება ვინმეს, მით უფრო ავლენს მას. ასეთია სიამოვნების მოყვარულთა ტრაპეზიც: რაც უფრო მიუახლოვდები მას, მით უფრო დაინახავ მის სისაძაგლეს. ამისთვის შეხედე მექეიფეებს არა მაშინ, როდესაც ისინი იკრიბებიან, არამედ როდესაც სუფრიდან დგებიან და სწორედ მაშინ დაინახავ მთელ მათ ზიზღს. ის, თავისუფალი, არ აძლევს თანამესუფრეებს უფლებას, რაიმე სამარცხვინო თქვან; ეს კი, როგორც უპატიოსნო მეძავი, არ აძლევს უფლებას, რაიმე უმანკო თქვან. ის თავისი თანამონაწილეების სარგებელს ეძებს, ეს კი, დაღუპვას. ის არ აძლევს უფლებას ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენონ, ეს კი აიძულებს მას შეურაცხყოფა მიაყენონ.
მაშასადამე, წავიდეთ მათთან (თავშეკავების მოყვარულებთან). იქ გავიგებთ, თუ რამდენი ბორკილით ვართ შეკრულნი; იქ ვისწავლით ურიცხვი სიკეთით აღსავსე ტრაპეზის მოწყობას, უტკბილესს, რომელიც ხარჯებს არ მოითხოვს, ყოველგვარი საზრუნავის, შურისა და ცილისწამებისგან შორს არის, ყოველგვარი სნეულებისგან თავისუფალია, კეთილი იმედებით აღსავსეა და უამრავ გამარჯვებას მოიპოვებს. იქ არ არის არანაირი სულიერი აღელვება, არ არის არც სნეულება და არც რისხვა; ყველაფერი მშვიდია, ყველაფერი მშვიდობიანია. ნუ მიმითითებ მდიდარი სახლების მსახურების დუმილიზე, არამედ წარმოიდგინე მექეიფეთა ხმაური, არა ის. Მათი საუბრებიდან მომდინარეობს (თუმცა ესეც კი სიცილად ღირს), არამედ შინაგანი ხმაური, რომელიც სულში ხდება და მათ მრავალი მტრის ტყვედ აქცევს; წარმოიდგინე მათი აზრების ამბოხი, მღელვარება, წყვდიადი და ქარიშხალი, რომლისგანაც ყველაფერი არეულია და უწესრიგობაშია, ისევე როგორც ღამის ბრძოლაში ხდება. პირიქით, მონასტრებში არაფერი მსგავსი არ არის; იქ დიდი სიჩუმეა, დიდი მდუმარება. იმ ტრაპეზს სიკვდილივით ძილი მოსდევს, ამას კი, სიფხიზლე და მღვიძარება; ის ტანჯვას აყენებს, ეს კი ცათა სასუფეველამდე და უკვდავ ჯილდოებამდე მიჰყავს.
მაშასადამე, მივისწრაფოდეთ ამ ტრაპეზისკენ, რათა მისი ნაყოფით დავტკბეთ, რისი ღირსიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბასილი დიდი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე ეპიფანე კვიპროსელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ტიხონ ზადონელი18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 14
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 5:24 კონტექსტში
5:22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
5:23თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
5:24ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
5:25თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
5:26ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 5:24
- რომაელთა მიმართ 6:6რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას.
- რომაელთა მიმართ 13:14არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
- რომაელთა მიმართ 8:13რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
- გალატელთა მიმართ 5:16ჰოდა, მე ვამბობ: სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
- გალატელთა მიმართ 5:18თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
- რომაელთა მიმართ 8:9ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
- გალატელთა მიმართ 6:14ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:11საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



