
იოანე 4:39, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.
იოანე 4:39 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(ფს. 6:6). მოვინანიოთ აქ, რათა ამგვარად შევიწყალოთ ღმერთი მომავალ დღეს და მისგან მივიღოთ შენდობა, რომლის ღირსიც ყველანი ვიყოთ, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 30 მაისი, 2027, აღდგომის მე-5 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 4:39
14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “როდესაც უფალი ამას ამბობდა, მოვიდნენ სამარიტელები და მაშინვე იხილეს ნაყოფი. ამიტომაც ბრძანა ქრისტემ: ‘აღახილეთ თვალნი თქუენნი და იხილეთ ყანაჲ, რამეთუ სპეტაკ არიან’ (იოან. 4:35).”
მთელი განმარტება
როდესაც უფალი ამას ამბობდა, მოვიდნენ სამარიტელები და მაშინვე იხილეს ნაყოფი. ამიტომაც ბრძანა ქრისტემ: “აღახილეთ თვალნი თქუენნი და იხილეთ ყანაჲ, რამეთუ სპეტაკ არიან” (იოან. 4:35).
მისი სიტყვები მაშინვე აღსრულდა. ქალაქიდან მრავალმა სამარიტელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვის გამო, რომელიც მოწმობდა: “მითხრა მე ყოველი, რაოდენიცა ვქმენ”. მათ დაინახეს, რომ ქალი ვერ შეძლებდა პირფერობით შეექო ის, ვინც მისი ცოდვები ამხილა. ვერც სხვა ვინმეს მოსაწონებლად გაამჟღავნებდა საკუთარ ცხოვრებას.
მივბაძოთ ამ დედაკაცს და საკუთარი ცოდვების გამო ადამიანების კი ნუ შეგვრცხვება, არამედ შევშინდეთ ღვთისა, რომელსაც ახლაც ხედავს ჩვენს საქმეებს და მომავალ საუკუნეში დაუსჯელს არავის დატოვებს. ჩვენ კი პირიქით ვიქცევით: იმის კი არ გვეშინია, ვინც განგვსჯის, არამედ იმათ წინაშე ვძრწივართ, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება არ შეუძლია. სწორედ იმის გამო დავისჯებით, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. ვინც ახლა მხოლოდ ადამიანების სირცხვილს უფრთხის და არა იმას. Ყოვლისმხილველი ღმერთის წინაშე უწმინდურს სჩადის, თანაც არც სურს მონანიება და გამოსწორება, იგი მომავალ დღეს არა ერთი ან ორი ადამიანის, არამედ მთელი სამყაროს წინაშე შერცხვენილი იქნება.
კეთილი და ბოროტი საქმეები დიდ სანახაობად რომ იქნება წარმოდგენილი, ამას იგავი ცხოვართა და თიკანთა შესახებ გვასწავლის, ასევე ნეტარი პავლე მოციქული. Ამბობს: “რამეთუ ყოველთა ჩუენთა გამოჩინებად არს წინაშე საყდართა ქრისტჱსთა, რაჲთა მიიღოს კაცად-კაცადმან თჳსისაებრ, რომელი ქმნა გუამითა თჳსითა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი” (2 კორ. 5:10). და კიდევ: “განანათლნეს უფალმან დაფარულნი ბნელსა შინა” (1 კორ. 4:5).
რაიმე ცუდი ჩაიდინე, ან უბრალოდ იფიქრე ამაზე და ადამიანებისგან მალავ? ღვთისგან ვერ დამალავ. მაგრამ შენ ეს სულაც არ გაღელვებს, ადამიანების თვალები კი გაშინებს. დაფიქრდი იმაზე, რომ იმ დღეს ადამიანებისგანაც ვერაფერს დამალავ. მაშინ ყველაფერი, როგორც სურათზე, ჩვენს თვალწინ იქნება წარმოდგენილი, ისე რომ ყველა თავისი თავის მსაჯული გახდება. ეს მდიდარი კაცის იგავიდანაც ჩანს. მდიდარი თავისი თვალებით ხედავს მის მიერ საძულველ გლახაკს, ლაზარეს და ახლა იმას სთხოვს, ვისაც ასე ხშირად სძაგდა, თითი დაასველოს და ენა გაუგრილოს.
გევედრებით, თუნდაც არავინ ხედავდეს ჩვენს საქმეებს, თითოეულმა ჩვენგანმა მივმართოთ საკუთარ სინდისს, საკუთარი გონება დავუყენოთ მსაჯულად და მის წინაშე გავხსნათ ჩვენი ცოდვები. თუ არ გვსურს იმ საშინელ დღეს შერცხვენა, განვკურნოთ ჩვენი წყლულები და სინანულის წამალი დავიდოთ. შესაძლებელია განკურნება, თუნდაც ათასობით ჭრილობა გვქონდეს: “უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ ცოდვანი კაცთანი, მიგეტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა ცოდვათა მათთა, არცა მამამან თქუენმან მიგეტევნეს თქუენ ცოდვანი თქუენნი” (მათ. 6:14, 15). როგორც ნათლობისას ცოდვები ქრება, ასევე ესენიც განადგურდება, თუ მოვინდომებთ მონანიებას. მონანიება კი იმაში მდგომარეობს, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე. ვინც ძველ საქმეებს უბრუნდება, ემსგავსება ძაღლს, რომელიც თავის ნაღებინებს უბრუნდება (2 პეტ. 2:22) და იმას, ვინც, როგორც ანდაზა ამბობს, ცეცხლზე მატყლს სცემს და საცერით წყალს ამოაქვს.
საქმითაც და ფიქრითაც უნდა ჩამოვშორდეთ ცოდვისკენ მიდრეკილებას და ჩამოშორების შემდეგ ჭრილობებს ცოდვების საპირისპირო წამალი უნდა დავადოთ. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. მტაცებელი და მექრთამე ხარ? შეეშვი მტაცებლობას და ჭრილობას ქველმოქმედება დაადე. მეძავი ხარ? შეეშვი სიძვას და ამ წყლულს უმანკოება დაადე. ცუდი რამ თქვი მოყვასზე და ავნე მას? მიატოვე ბოროტება და მეგობრობა დაადე. ასე მოვიქცეთ თითოეულ ჩვენს ცოდვასთან და არცერთი მათგანი უყურადღებოდ არ დავტოვოთ.
ახლოვდება ანგარიშის ჟამი. ამიტომაც ამბობს პავლე: “უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ არარაჲსა” (ფილ. 4:5, 6). მაგრამ ჩვენ, შესაძლოა, საპირისპირო უნდა ვთქვათ: “უფალი ახლოს არს”, იზრუნეთ. ფილიპელებისთვის დროული იყო მოსმენა: “ნუ ჰზრუნავთ არარაჲსა”, რადგან ისინი მწუხარებაში, შრომაში და ღვაწლში იყვნენ. ხოლო იმათთვის, ვინც მტაცებლობაში, სიამოვნებაში ცხოვრობს, რომელთაც ამის გამო მძიმე პასუხი უნდა აგონ, უფრო სამართლიანია ამის მოსმენა: “უფალი ახლოს არს”, იზრუნეთ.
ცოტა დრო რჩება აღსასრულამდე. სამყარო აღსასრულისკენ მიისწრაფვის. ამას ომები, მწუხარებანი, მიწისძვრები, სიყვარულის გაცივება გვიჩვენებს. როგორც სხეული სიკვდილის წინ უამრავ სნეულებას ემორჩილება, როგორც სახლში, როდესაც ის დანგრევასთან ახლოსაა, ჩვეულებრივ, სახურავიდან და კედლებიდან ბევრი რამ ცვივა, ასევე ახლოსაა სამყაროს აღსასრული და ამიტომაც ვრცელდება ყველგან უამრავი უბედურება. თუ მაშინ უფალი უკვე “ახლოს” იყო, მით უფრო ახლოსაა ახლა. თუ ოთხასი წლის შემდეგ, როდესაც ეს ითქვა, პავლემ იმ დროს “აღსრულება ჟამთაჲ” უწოდა (ეფ. 1:10), მით უფრო ასე უნდა ვუწოდოთ ახლანდელ დროს. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ ზოგიერთს არ სჯერა, მაგრამ, პირიქით, ამიტომ უფრო მეტად უნდა გვწამდეს. საიდან იცი, ადამიანო, რომ სამყაროს აღსასრული ჯერ არ არის ახლოს და რომ ნათქვამი მალე არ აღსრულდება? წლის ბოლოს ვუწოდებთ არა მხოლოდ მის ბოლო დღეს, არამედ ბოლო თვესაც, თუმცა მას ოცდაათი დღე აქვს. ამიტომ არ შევცდები, თუ ამდენი წლის რიცხვში ოთხასეულ წელსაც აღსასრულს ვუწოდებ. ამგვარად, მოციქული თავის დროზე წინასწარმეტყველებდა აღსასრულს.
დავმდაბლდეთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ. თუ უზრუნველად, გულგრილად ვცხოვრობთ და არაფერს ველით, მაშინ მოულოდნელად დადგება მოსვლა. ამის ახსნისას ქრისტემ თქვა: “ვითარცა იყვნეს დღენი ნოესნი, ეგრე იყოსცა მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ” (მათ. 24:37). ამას პავლეც აღნიშნავს და ამბობს: “რაჟამს იტყოდიან მშჳდობაჲ და განგებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა წარწყმედაჲ, ვითარცა სალმობანი მუცლად ღებულისა ზედა” (1 თეს. 5:3). რას ნიშნავს ეს: “ვითარცა სალმობანი მუცლად ღებულისა ზედა”? ხშირად ორსული ქალები, დროს ტარებისას, ან სადილის დროს, ან აბანოში, ან მოედანზე, არაფერს ელოდებიან და უეცრად მშობიარობის ტკივილები ეწყებათ. რადგან ჩვენი მდგომარეობაც ასეთია, ყოველთვის მზად ვიყოთ. სულაც არ მოგვისმენია ამის შესახებ, სულაც არ გვექნება ამის შესაძლებლობა: “ჯოჯოხეთს ვინ აღგიაროს შენ?” (ფს. 6:6). მოვინანიოთ აქ, რათა ამგვარად შევიწყალოთ ღმერთი მომავალ დღეს და მისგან მივიღოთ შენდობა, რომლის ღირსიც ყველანი ვიყოთ, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფრემ ასური4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 14
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 4:39 კონტექსტში
4:37ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო.
4:38მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში.
4:39და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.
4:40ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ.
პარალელური ადგილები: იოანე 4:39
- იოანე 4:29მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?
- იოანე 4:5მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს.
- იოანე 10:41ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.
- იოანე 10:42და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
- იოანე 4:42ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.
- იოანე 11:45მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.
განაგრძე კითხვა: იოანე 4
სრულად წაიკითხე: იოანე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





